ელზა პაპოშვილი
10.10.2021

22 წლის ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მოსამართლემ კვლავ ძალაში დატოვა. პროცესი საქალაქო სასამართლოში გაიმართა, სადაც მოსამართლემ ბრალდებულების ციხეში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სხდომას თავად ბრალდებულები აკაკი ჭელიძე და გიროგი კავილაძეც ესწრებოდნენ, მათ პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენეს და მომხდართან დაკავშირებით არ უსაუბრიათ. გამომძიებლები კი არ გამორიცხავენ, რომ საქმის ირგვლივ დამნაშავეთა და დაკავებულთა წრე გაიზარდოს. 

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული პირები წყნეთის მიტოვებულ სახლში იმალებოდნენ. სანდო წყარო „რეზონანსს“ უყვება, რომ სახლი ეკუთვნით ძმები კაკულიების ნათესავს, რომლებიც, გავრცელებული ვერსიით, მკვლელობის დამკვეთები არიან. სახლი ასევე კაკულიების საცხოვრებელ ბინასთან ახლოს მდებარეობს. ამიტომაც არაა გამორიცხული გამოძიება დაინტერესდეს იმ ადმიანების ვინაობით, ვინც მათ გადაადგილებაში ეხმარებოდათ და პროდუქტებით ამარაგებდათ. 

გამოძიება არ აკონკრეტებს, რა ვერსიებზე მუშაობს, თუმცა მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრის გაფართოებას აანონსებს და სავარაუდოდ, დამკვეთების ვინაობაზე გასვლას ცდილობს. 

„სახლი, სადაც აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე რამდენიმე დღე თავს აფარებდნენ, მათი ერთადერთი სამალავი არ ყოფილა. მანამდე ბრალდებულები თბილისში, სხვა მისამართზე ცხოვრობდნენ. სახლში, სადაც ისინი პოლიციამ იპოვა გამზადებული ჰქონდათ ჩანთები, კოვიდ პასპორტები და ცივი იარაღები. სავარაუდოდ, ვიღაცას ელოდებოდნენ, ვინც მათ საზღვარზე გადაყვანას უზრუნველყოფდა. 

„მართალია, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი თურქეთში გადავიდნენ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ჯერ რეგიონში იმალებოდნენ, შემდეგ კი ისინი ვიღაცამ თბილისში ჩამოიყვანა. როგორც ამბობენ, პოლიცია მათ კვალზე ბრადებულის მეგობრის მეშვეობით გავიდა, რადგანაც მას უთვალთვალებდნენ და სახლამდე გამოჰყვნენ. 

„სწრაფი ტესტიბიც კი ჰქონდათ, რომელითაც ბრალდებულებმა, სავარაუდოდ, კორონავირუსი გადაამოწმეს. საკვებიც და პირველადი მოხმარების სხვა ნივთებიც ჰქონდათ. სწორედ ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ მათ ეხმარებოდნენ. 

„ბრალდებულები დუმილს არჩევენ. თუმცა, დარწმუნებული ვართ, დამკვეთის ვინაობას მალევე დაასახელებენ“, - განუცხადა „რეზონასს“ სანდო წყარომ.

აკო ჭელიძის მამა შვილს მოუწოდებს, რომ სიმართლე აღიაროს. ყველა კითხვას უპასუხოდ ტოვებს გიორგი კავილაძის ოჯახი და ისინი მედიასთან არ კონტაქტობენ. 

გამოძიების ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებს მოკლული ნიკო კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ მედიაში გავრცელებული ვერსია, რომ მკვლელობა ძმებმა კაკულიებმა დაუკვეთეს, სიმართეს შეესაბამებოდეს. 

ბრალდებულებს კი ადვოკატები შეხვდნენ და მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ორივე დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

„ჩვენებასთან და ბრალთან დაკავშირებით, რადგან საქმის მასალებს და გარემოებებს არ იცნობს საერთოდ, კავილაძემ თავი შეიკავა პოზიციის გამოხატვისგან. მას მომხდარ ამბავზე, ამ ტრაგედიაზე, შესაძლებელია, რომ ჰქონდეს სურვილი გამიზიაროს ეს ყველაფერი. ჩვენ დავგეგმეთ მომდევნო შეხვედრა, ეს უკვე იმ კვირის დასაწყისშივე იქნება, სადაც მე მთლიან გარემოებებს გავაცნობ საქმის მასალების და მისგან მოვისმენ ინფორმაციას“, - აცხადებს გიორგი კავილაძის ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი.

აკაკი ჭელიძის ადვოკატი დალი ბარბაქაძეც აცხადებს, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ბარლის დადგენილება წაიკითხა, თუმცა ისიც ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. 

„მას ოფიციალურად გავაცანით ბრალის დადგენილება, რაში ედებოდა ბრალი, რაზეც მან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. პირთა წრე შეიძლება გაიზარდოს, გაფართოვდეს იმის მიხედვით, თუ რა მონაცემები აქვთ შინაგან საქმეთ სამინისტროს. ეს შეიძლება იყოს ოპერატიული ინფორმაცია და ამ ეტაპზე ჩემთან არ საუბრობენ“, - აცხადებს აკაკი ჭელიძის საზოგადოებრივი ადვოკატი დალი ბარბაქაძე.

ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას შვილი ნიკო კვარაცხელია თბილისის ცენტრში 15 სექტემბერს სასიკვდილოდ დაჭრეს. ერთი ვერსიით, მასზე შური იძიეს 20 წლის წინ მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდის დავით კაკულიას შვილებმა, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ და მამის მკვლელობაში გია კვარაცხელიას ადანაშაულებენ. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ შეუკვეთა 22 წლის ბიჭის მკვლელობა კავილაძეს და ჭელიძეს, რომლებიც 3-კვირიანი ძებნის შემდეგ, კაკულიების ნათესავის მიტოვებულ სახლში დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×