თეონა ვეშაგური
11.10.2021

დღეიდან საქართველოში ვაქცინაციის მინიმალურმა ასაკმა 12 წლამდე დაიწია. ამ ასაკიდან ვაქცინაცია დასაშვები იქნება იმ მოზარდებისთვის, რომლებიც რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან. იმუნიზაციის პროცესში ბავშვების ჩართვა მხოლოდ „ფაიზერის" ვაქცინით იქნება შესაძლებელი.

„სამწუხროა, რომ ჯერ მხოლოდ რისკ-ჯგუფების აცრა შეგვიძლია და არ გვაქვს უფლება ამ ასაკის ყველა ადამიანის ვაქცინირებისა," - ასე ეხმიანება მოვლენას „რეზონანსთან" საუბრისას ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე.

„ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, იმედი მქონდა, რომ საბჭო უნივერსალურად დაუშვებდა ვაქცინაციას. ახლა აცრა დაშვებულია მხოლოდ რისკის ჯგუფებში მყოფი მოზარდებისათვის. ჩემი აზრით კი უკეთესი იქნებოდა, რომ ყველა ბავშვისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი მშობლის სურვილის შემთხვევაში, რასაც მეტი გავლენა ექნებოდა ეპიდვითარებაზე.

„მაგალითად, იტალიამ 12 წელს ზევით მოსახლეობის 80%-ის ვაქცინირება მოახდინა რაც ძალიან სწორი ნაბიჯია პანდემიის დამარცხების მიმართულებით. იმედი მქონდა, საბჭო ამ ეტაპისთვის დაუშვებდა ყველა მოზარდის ვაქცინციას. შემდეგისთვის უფრო მეტი მტკიცებულება დაგროვდება ამ მიდგომასთან მიმართებით და საბჭოს მაინც მოუწევს გადაწყვეტიების მიღება", - განაცხადა ზოიძემ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე აცრის რეკომენდაცია მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის გაიცემა.

„12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ბავშვების აცრის რეკომენდაციას გავცემთ მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ მიიღო ფართო ვაქცინაციის გადაწყვეტილება ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჩვენ პირველ ეტაპზე შევჩერდით მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე 12-დან 15 წლამდე ბავშვებზე. იკვეთება ჯგუფები, ვისაც სჭირდება ხშირი მოგზაურობა, ან სხვა ქვეყანაში ჩაიტარა უკვე ვაქცინაცია და მეორე დოზა აქვს ჩასატარებელი საქართველოში დაბრუნების შემდეგ. რა თქმა უნდა, მათი მოთხოვნებიც ინდივიდუალურ საფუძველზე იქნება გათვალისწინებული და დაკმაყოფილდება", - გაბუნიამ.

„ეს ეხება მხოლოდ ერთ, ფაიზერის ვაქცინასა და იმ ბავშვებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა რისკის ჯგუფებს მიუკუთნება. ესენი არიან ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები. ამ ასაკობრივი და ჯანმრთელების მდგომარეობის ბავშვების კატეგორიას, კორონავირუსული ინფექციით დაინფიცირების შემთხვევაში, მდგომარეობის დამძიმებისა და გარდაცვალების მაღალი რისკი აქვს. ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია", - აღნიშნავს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×