ელზა პაპოშვილი
12.10.2021

ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე ბრალდებულს გორის რაიონულმა სასამართლომ  2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 4 მათგანს, მათ შორის ერთს არასრულწლოვანს, თომას კენედის განზრახ მკვლელობა და ძარცვა ედება ბრალად, მეხუთეს, ვასილ ოქროპირიძეს კი - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა. ადგილობრივები მომხდართან დაკავშრებით ორ ვერსიაზე საუბრობენ.

მოკლული ბრიტანეთის მოქალაქე, 27 წლის თომას კენედია. 7 ოქტომბერს გორის ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ბრალდებულები ალკოჰოლს სვამდნენ  და მუსიკალურ ნომრებს ასრულებდნენ, რა დროსაც მათთან  ბრიტანეთის მოქალაქე თომას კენედი მივიდა და მომღერლებს გაეცნო. როგორც სოციალური ქსელებიდან ირკვევა, ის ასევე მუსიკით იყო დაინტერესებული და თავადაც მღეროდა. ამიტომ მათი მიერ შესრულებული მუსიკის მოსასმენად გაჩერდა. ამის შემდეგ ბრალდებულებმა და ბრიტანეთის მოქალაქემ გორშივე მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში გადაინაცვლეს, სადაც  ალკოჰოლი დალიეს. ცოტა ხანში კი მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ერთი ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი შელაპარაკება გხადა. ჩხუბის შემდეგ უგონოდ მყოფი უცხოელი ტურისტი გორელმა ქუჩის მუსიკოსებმა ბარიდან გამოიყვანეს, მდინარეში გადააგდეს და ამით დანაშაულის კვალის დაფარვა სცადეს. ცხედარი მტკვარმა მეორე დღეს სოფელ ქვახვრელის ტერიტორიაზე გამორიყა. 

მეორე ვერსიით კი მათ თავიდანვე ტურისტის გაძარცვა გადაწყვიტეს. კონფლიქტის შემდეგ ნაცემ  უცხოელს ტელეფონი წაართვეს და მისი საკრედიტო ბარათიდან თანხა მოხსნეს. კვალის დაფარვის მიზნით კი ის მდინარეში გადააგდეს. 

დანაშაულის ჩადენაში, როგორც გამოძიება ამტკიცებს, მხოლოდ 4 პირი მონაწილეობდა, მეხუთე ვასილ ოქროპირიძე კი პოლიციამ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავა. გამოძიებით დგინდება, რომ მათ მუსიკოსის ტელეფონი „აიფონ 12“ გორში ერთ-ერთ ლომბარში 350 ლარად  გაყიდეს.

დაკავებულებიდან ოთხს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ხოლო მეხუთე დაკავებული დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო აიყვანეს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ელის.

როგორც დაკავებული ვასილ ოქროპირიძის ოჯახის წევრები „რეზონანსთან“  ყვებიან, ერთ-ერთმა ბრალდებულმა სასამართლოზე განაცხადა, რომ თომას  კენედი მან მარტომ გაძარცვის მიზნით გათიშა, თუმცა მსხვერპლმა წამოდგომა შესძლო და გაქცევა სცადა, რა დროსაც წაიქცა, თავი ბეტონს დაარტყა და მტკვარში გადავარდა. 

მანვე ჩააბარა ტურისტის კუთვნილი ტელეფონი ლომბარდში და მოხსნა ფული საბანკო ბარათიდან.  ოჯახის წევრები მის ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ დანარჩენი 4 დაკავებული უდანაშაულოა. 

ოქროპირიძის ძმების თქმით, დაკავებულმა კანონი არ იცოდა - რომ სხვა პირების მხრიდან დაგეგმილი დანაშაული პოლიციისთვის უნდა ეცნობებინა. დაკავებულის ერთ-ერთი ძმა ასევე ამბობს, რომ ვასილ ოქროპირიძემ თომას კენედი და დანარჩენი დაკავებულები ბარში დატოვა და ტერიტორიას გაეცალა, მისივე თქმით, ამ ფაქტს ბარის თანამშრომელიც ადასტურებს. მკვლელობის დროს ის გადასასვლელი ხიდის ქვეშ იდგა და უკრავდა. ამიტომაც მათთვის გაუგებარია მოსამართლემ მისი წინასწარ პატიმორბაში დატოვების გადაწყვეტილება რატომ მიიღო. 

„ძალიან გული დამწყდა და შემეცოდა, სიკვდილისთვის მართლა არ უნნდა გაეწირათ.  მაგ ბიჭის ფოტო-ვიდეო ვნახე  და მოვუსმინე როგორც  მღეროდა. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ეს გააკეთა და ვინც არის დამნაშავე.  

„არ ვიცი ზუსტად ვინ არის დამნაშავე, შეიძლება  ყველა არ იყოს, მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას. ფაქტი ისაა, რომ ჩემს ძმას ეს დანაშაული არ ჩაუდენია. ერთ-ერთმა ბრალდებულმა დარბაზში თქვა, რომ მისი  მოკვლა არ უნდოდა. მხოლოდ ნასვამის გაძარცვას ცდილობდა. ბიჭს ფეხი დაუცურდა, ბეტონზე თავი დაარტყა და მდინარეში გადავარდა. მას კი შეეშინდა და პოლიციაში არ წავიდა. 

„ჩემმა ძმამ არ იცოდა რა ექნა. არც კანონები იცის და არც არაფერი. მან უცხოელი და ბიჭები ბარში დატოვა. თავად კი ისევ ქუჩაში სიმღერა გააგრძელა. მომხდარის შესახებ მხოლოდ მათგან გაიგო“, - აცხადებს დაკავებულის ძმა  გიორგი ოქროპირიძე „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×