თეონა ვეშაგური
13.10.2021

ჯერჯერობით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის მატება არ ფიქსირდება, რაც გარკვეულწილად იმედის მომცემი ნიშანია და შესაძლოა, ეს იყოს ვაქცინაციის ეფექტიც კი. სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება, ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება პირმა თავად უნდა მიიღოს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს და პანდემიასთან ერთად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და ანალიზის მიზნით ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფის გამოიყოფის შესახებაც საუბრობს.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანების უფლებებს ეწინააღმდეგება.

„ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება პირმა თავად უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა, არჩევანის ფარგლებში შესაძლებელია გარკვეული მოთხოვნების დაწესება იმაზე, თუ რა იქნება დაშვების პირობა კონკრეტულ ბიზნესგარემოში თუ გასართობ ღონისძიებებზე - ამაზე მიდის მუშაობა.

„მწვანე საშვის თემა ბევრ ქვეყანაში დაშვებულია, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში აღიარებულია, ამდენად აქ არჩევანის უფლება აუცილებლად განიხილება - "პისიარ" ტესტირება ან ვაქცინაციის სტატუსი ან გადატანილი დაავადება, ამ მხრივ მუშაობა მიდის,"- განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში მომატებულია ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი, განსაკუთრებით კახეთში, რაც შესაძლოა რთველთან და სოციალურ ღონისძიებებთან იყოს დაკავშირებული. ამასთან, ინფიცირების მატება შეინიშნება ახალგაზრდებშიც. გაბუნია განმარტავს, რომ სტუდენტების მცირე ნაწილია აცრილი.

"განსაკუთრებით მომატებული შემთხვევები არის კახეთში, რაც ვფიქრობთ, უკავშირდება ბოლო პერიოდში რთველის სეზონს, შესაძლოა, მას შემდეგ იყო გარკვეული სოციალური ღონისძიებები, თავშეყრა, ასევე წვიმიანი სეზონი იყო და ეს ყველაფერი, დიდი ალბათობით, ხდებოდა შენობების შიგნით, რამაც ხელი შეუწყო გავრცელებას.

„ასევე, გარკვეული მატება აღინიშნება ახალგაზრდა ასაკის ჯგუფებში, შესაძლებელია სტუდენტებშიც იყოს ინფექციის უფრო აქტიური გავრცელება, ვიდრე აქამდე გვქონდა, რადგან სტუდენტების მცირე ნაწილია ვაქცინირებული და ბუნებრივია, აკადემიურ გარემოში ინფექციის გადაცემის რისკი არსებობს, ასევე გასათვალისწინებელია, ვაქცინაციის ის მაჩვენებელი, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, დაახლოებით მილიონი ადამიანია სულ მცირე ერთი დოზით აცრილი.

„ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის მატებას ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვაფიქსირებთ, რაც გარკვეულწილად იმედის მომცემი ნიშანია და შესაძლოა, ეს იყოს ვაქცინაციის ეფექტიც კი, რადგან ინფიცირებულების ის ნაწილი, ვინც უკვე ვაქცინირებულია და არის ასეთი ჯგუფი, მცირე, მაგრამ მაინც, ბინაზე რჩებიან და როგორც წესი, ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს ამ შემთხვევაში დაავადება", - განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა "ლელოს" განცხადებასაც იმის თაობაზე, რომ საბჭოს საქმიანობა გაუმჭვირვალეა და სხდომების ოქმები არ არსებობს.

რის გამოც, „ლელო" მთავრობასთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის შეცვლას და მის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გამჭვირვალობას ითხოვს.

გაბუნიას თქმით, დეტალური ბრიფინგი ყველა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ იმართება. ამიტომ, პროცესები გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

„საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო სრულიად გამჭვირვალე, გამომდინარე იქიდან, რომ დეტალური ბრიფინგი ყველა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ იმართება და გადაწყვეტილებების კომუნიკაცია საზოგადოებასთან ხდებოდა დაუყონებლივ.

„ის ძირითადი გადაწყვეტილებები, რომელიც საბჭოზე მიიღება, მაშინვე აისახება შესაბამის დადგენილებებში, ძირითადად 322- ე დადგენილების თემაა ეს გადაწყვეტილებები. დანარჩენი ვფიქრობ მთავრობის ადმინისტრაციასთან უნდა დაზუსტდეს, რა ტიპის ჩანაწერების წარმოება ხდება საქმისწარმოების მიზნებისთვის საბჭოს ფორმატში", - განაცხადა გაბუნიამ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის ექსპერტების ჯგუფის მობილიზაციის თაობაზე იუსტიციის სამინისტროს ინიციატივასთან დაკავშირებით დღეს ფართო პროფილის ექიმებთან პირველი შეხვედრა გაიმართა.

მისივე განმარტებით, პენიტენციური სამსახურის დეპარტამენტის მიმართვის შესაბამისად, ასევე, თავად მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია, კონსილიუმის ფორმატში ექსპერტების მობილიზება.

"იუსტიციის მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით მომართა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის ექსპერტების ჯგუფის მობილიზაციის თაობაზე.

„ბუნებრივია, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტების ჯგუფი ჰყავს, რომლებიც შესაძლებელია ჩაერთონ ამ პროცესში. დღეს იყო პირველი შეხვედრა ფართო პროფილის ექიმებთან, მათ შორის, ნევროლოგიური, კარდიოლოგიური, ენდოკრინოლოგიური მიმართულებით.

„საჭიროების შემთხვევაში და პენიტენციური სამსახურის დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად, ასევე, თავად მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია, კონსილიუმის ფორმატში ექსპერტების მობილიზება და საკითხის შესწავლა პაციენტის უფლებებისა და კანონის ჩარჩოების დაცვით.

„დღეს, იუსტიციის სამინისტროს ექსპერტების ჩამონათვალს მივაწოდებთ. პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის მითითების შესაბამისად გავაგრძელებთ საქმიანობას.

„მიხეილ სააკაშვილთან ჯგუფის შეხვედრისა და ექსპერტების საქმიანობის დეტალები შეთანხმებული იქნება და განისაზღვრება პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად. როგორც კი, იუსტიციის მინისტრისგან მითითებას მივიღებთ, ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ.

„დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძეც", - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრო ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და ანალიზის მიზნით ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი გამოიყოს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×