ია აბულაშვილი
15.10.2021

კულტუროლოგი ლელა ფირალიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას აცხადებს, რომ სიტუაცია სამართლებრივ და პოლიტიკურ ჩიხშია მომწყვდეული და უნდა გავარკვიოთ, პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო უნდა დაირღვეს თუ არა კანონი. მისი აზრით, დღეს ორივე მნიშვნელოვანია, რამდენადაც ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა სახელმწიფოზე მძიმედ აისახება, მეორე მხრივ კი, დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი ფუნდამენტი, რომელიც არის კანონი, არ უნდა დაირღვეს.

„როგორც კი სამართლებრივ სახელმწიფოში სამართალს პოლიტიკურ მიზანშწონილობას დავუქვემდებარებთ, მივიღებთ ეთოსისაგან დაცლილ სახელმწიფოს, სადაც კანონი სოციალური ორგანიზმის კომუნიკაციის რეჟიმის განმსაზღვრელი აღარ არის და მისით მანიპულირება ხდება შესაძლებელი პოლიტიკური მიზანშეწონილობის „საფუძვლით." უკვე გამოვცადეთ, რომ თუ პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო ე.წ. მურუსიძის სამართალსა და სასამართლოს დავაკანონებთ და რეჟიმად ვაქცევთ, სწორედ ის რეჟიმი აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე კონკრეტული პოლიტიკური ფიგურის კონკრეტული ინტერესი და ისიც თავისივე შექმნილი რეჟიმისა და რეჟიმის ინსტრუმენტის მსხვერპლი გახდება. აქ კონკრეტულ პირზე, მურუსიძეზე არაა საუბარი, უნებლიეთ ჩვენი სამართლის კრებსითი სახელი გახდა, სამწუხაროდ, გვარი მურუსიძე, "მურუსიძის სასამართლო" და თუ რამე გვიჭირს, სწორედ ეს.

ჩვენ ძალაუფლების სქემაში ვერ გავერკვიეთ. ჯერაც არ ვიცით, რატომ არის დასავლური დემოკრატია ძალაუფლების ჰორიზონტალური სქემა და ამ სქემაში რა არის იერარქია კანონის წინაშე. ამიტომ რაც დავდეთ, ის ამუშავდა. ინერციას კიდევ რა ძალა აქვს, კარგად მოგეხსენებათ. მე მგონი, პრობლემა ისიცაა, რომ ჩვენ ჩვენი ამ „სისტემის" შემფასებელიც კი არ გვყავს. ე.წ. ექსპერტიც, ანალიტიკოს-შემფასებელიც კონკრეტულ მხარედ იქცა და ისიც სისტემას მხოლოდ შიგნიდან ხედავს. სისტემას კი გარედანაც უნდა შეხედო. გარედან კი მკვეთრად პოლარიზებული სოციალური გარემო გვაქვს, სადაც ამ ორ სოციალურ ჯგუფს თითქოს საერთო ელემენტებიც კი არა აქვს, ერთმანეთის სიძულვილის გარდა, სახელმწიფოს კი მხოლოდ ეს საერთო აგებს.

აი, ეს რეჟიმი „დავდეთ" და ორივე მხარე არათუ სამართლებრივად, არამედ ამ ემოციით შექმნილი რეჟიმის მსხვერპლია. თუ ხვალ ამ ხელისუფლების პირველ პირებს გამოეცალათ ძალაუფლებრივი საყრდენები, ზუსტად იმავე დღეში ჩავარდებიან, რაშიც დღეს სააკაშვილია. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს სტრუქტურის ნებისმიერი კომპონენტისათვის დაუცველი გარემო შევქმენით ჩვენი უახლესი ისტორიის განმავლობაში მაშინ, როცა კანონი ნებისმიერს უნდა იცავდეს. გამოდის, რომ ახლა ჩვენს კულტურაში კანონის მიმართ მგრძნობელობა არ არსებობს.

არც ერთი ადამიანი არ მემეტება ციხისთვის, ეს ადამიანი ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს სახეს წარმოადგენდა. ამიტომ სრულიად დაბნეული ვარ, არც კი ვიცი, მე, საშუალოსტატისტიკური ადამიანი, როგორ პოზიციაზე უნდა ვიდგე. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ შეგვიძლია, ისევ პოლიტიკური მიზანშეწონილობის პრინციპით კანონს გადავუხვიოთ ან ისევ მიტინგებით ჩავანაცვლოთ და მხოლოდ პერმანენტული რევოლუციური განწყობა შევინარჩუნოთ.

დემოკრატიული ტრადიციის ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, იგივე პრობლემა დგას. სარკოზიც მართლმსაჯულების წინაშე სასჯელს იხდის, მაგრამ ის სამართლებრივი გზებით აგრძელებს თავისი უდანაშაულობის მტკიცებას. დამიჯერეთ, რომ ემოციურად მასაც ბევრი მომხრე ეყოლება. ესაა თემა, ესაა უმთავრესი საკითხი, რა საყრდენებზე ვაგებთ ჩვენს დღევანდელ თუ ხვალინდელ სახელმწიფოს. ამ თემებს თვალის გასწორება სჭირდება, რაციონალური აზროვნება და შესაბამისი ქცევა."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×