ია აბულაშვილი
15.10.2021

სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 4 ოქტომბერს განახლდა, რასაც მშობლების დაჟინებით ითხოვდნენ, ჯანდაცვის სპეციალისტები კი პანდემიის პირობებში პირისპირ სწავლებას საშიშად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ სწავლა დისტანციურად უნდა გაგრძელდეს. განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ დისტანციურ სწავლებაზე სკოლა მხოლოდ ვირუსის დადასტურების შემდეგ გადავა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სწავლების საკლასო სივრცეში განახლებაზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ამის პარალელურად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში მონიტორინგი გამკაცრდა - მიმდინარეობს კოვიდ-19-ზე მასწავლებელთა, მანდატურებს, ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალს ტესტირება როგორც PCR ტექნოლოგიის, ასევე, ანტიგენის სწრაფი ტესტის გამოყენებით.

განცხადებაში ასევა საუბარია იმაზე თუ როგორ რეაგირებს სკოლები ვირუსის დადასტურების შემთხვევაში და რა რეკომენდაციები აქვთ ჯანდაცვის სფეროსზე.

,კოვიდ-19-ის გამოვლენის შემთხვევაში, შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლები მოქმედებენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციის შესაბამისად და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი", - აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0,9%-ს, ხოლო მოსწავლეების - 0,6%-ს. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69%.

,,განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვების ჯანმრთელობა, სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნა. სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის საჭირო რესურსების მარაგით, მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას," - აღნიშნულია განცხადებაში.

სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლება განათლების ექსპერტების შეშფოთებას მას შემდეგ იწვევს, რაც ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ 5 000-ს მიუახლოვდა. განათლების ექსპერტი თამარ მოსიაშვილი ამას სოციალურ ქსელში სტატუსით ეხმაურება.

,,კი ბატონო, ლიბერალიზმი კარგია, როდესაც მშობელს შეუძლია აირჩიოს პირისპირ თუ დისტანციურად ისწავლის მისი შვილი. კი, კარგია, როდესაც მასწავლებელს სხვადასხვა მიზეზის გამო შეუძლია მოითხოვოს, რომ მისთვის სარისკოა პირისპირ სწავლება.

მაგრამ ახლა, როდესაც ასე გაიზარდა ინფიცირების მაჩვენებელი, როდესაც მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს გააზრებული კოვიდის საფრთხეები, როდესაც მშობლების დიდი ნაწილი ისტერიულად ითხოვდა პირისპირ სწავლებას და უგულებელყოფდა პირისპირ სწავლებისთვის საჭირო კონტექსტის მახასიათებლებს, ეს ლიბერალიზმი საშიში მგონია.

უკვე რამდენიმე დღეა 5 000-ს უახლოვდება ინფიცირების დღიური მაჩვენებელი, საგანგაშოა დადებითობის მაჩვენებელიც. ბავშვები სკოლაში დადიან, დელტა შტამი განსხვავდება ვუჰანის შტამისგან.

აუცილებელია ურემი გადაბრუნდეს, რაიმე საშინელება დაგვემართოს, რომ გამოვფხიზლდეთ? სკოლები, თუ მდებარეობს იმ რეგიონში, ქალაქში, სოფელში, სადაც მაღალია ინფიცირება, დადებითობის მაჩვენებელი, დაბალია სკოლის პერსონალის აცრის მაჩვენებელი და სკოლის თემში აცრის მაჩვენებელი უნდა გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე", - წერს თამარ მოსიაშვილი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×