ხატია ბერიძე
21.10.2021

ექსპერტები მეხუთე ტალღის დაწყებაზე საუბრობენ, ამბობენ, რომ შესაძლოა კლინიკებმა პაციენტები უკვე რამდენიმე დღეში ვეღარ მიიღონ და ძალიან მძიმე სცენარი განვითარდეს.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ შესაძლოა კლინიკებში უახლოეს პერიოდში არცერთი ადგილე აღარ იყოს, ეს ყველაფერი კორონავირუსის გავრცელების ტემპზეა დამოკიდებული. აცხადებს, რომ ასე მძიმედ არცერთი ტალღა არ დაწყებულა.

„ჩვენ კლინიკაზე მინდა გითხრათ, რომ ბოლო 12 დღეა არც ერთი თავისუფალი ადგილი კლინიკას არ გააჩნია. ეს ცუდი ინდიკატორია. როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ეს არის მე-5 ტალღის დასაწყისი და რაც წინა პერიოდში მახსოვს და გადავხედე, ასეთი მაღალი ციფრით არც ერთი ტალღა არ დაწყებულა. ანუ, თუ ეს ტალღის დასაწყისია, როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, წარმოიდგინეთ რა იქნება პიკის ფაზაში.

თან მეორე მომენტია, უკვე იწყება სეზონური, ზედა სასუნთქი გზების ინფექციების გავრცელება. ეს ნიშნავს, რომ ორი ინფექციის გავრცელება შეიძლება მოხდეს პოპულაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს ავადობის რაოდენობას ძალიან გაზრდის, ვინაიდან, შესაძლებელია, რომ ამ ორივე ვირუსით დაინფიცირდეს ადამიანი, ან იყოს ერთი როდესაც არის სეზონური გრიპი და ამ დროს იმუნური სისტემა იწყებს დაქვეითებას ამ ვირუსთან ბრძოლაში და მას, თუ ამის შემდგომ დაემატა ახალი კორონავირუსით ინფიცირება, ის უფრო დაამძიმებს ადამიანების მდგომარეობას," - განაცხადა ლევან რატიანმა რუსთავი 2-ის ეთერში.

ის მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და ამბობს, რომ უამრავი სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ მასობრივი იმუნიზაციით იქნება შესაძლებელი.

თბილისის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერვაძეც აცხადებს, რომ შესაძლოა კლინიკური სექტორი სრულად გადაიტვირთოს.

„ეპიდვითარება არის ძალიან შემაშფოთებელი. პირდაპირ ვიტყვი, რომ 5000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ყოველდღე, ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კატასტროფულად დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი და ძალიან დაბალია პირბადეების გამოყენების პროცენტი. ამაზე უფრო ცუდ მოცემულობას იმისთვის, რომ მეხუთე ტალღა იყოს ძალიან მძიმე, ადამიანი უბრალოდ ვერ მოიფიქრებს. ჯერჯერობით ამ რაოდენობის ავადმყოფებისთვის გარდაცვალების ძალიან დაბალ რიცხვს ვინარჩუნებთ. ასეთი ტემპით რომ გაიზარდოს ავადმყოფების რაოდენობა, უსაზღვრო არაფერია და რაღაც მომენტში, შესაძლოა კლინიკური სექტორიც დადგეს ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე", - განაცხადა ცერცვაძემ.

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძეც პანდემიის დამარცხების ერთადერთ საშუალებად ვაქცინას მიიჩნევს და აცხადებს, რომ ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის 100% უნდა ავცრათ.

„ორი ყველაზე კარგი ვაქცინაა მსოფლიოში, ეს არის „ფაიზერი" და „მოდერნა". ვფიქრობ, უნდა ვიყოთ სტრატეგიულები, ჯერ მოზრდილი ადამიანები არ აცრილან და უკვე ბავშვებზე დავიწყეთ კონცეტრირება. კონცეტრირება უნდა მოხდეს სამედიცინო პერსონალზე, პედაგოგებზე. ვთვლი, რომ უნდა გამოვიყენოთ საფრანგეთის მაგალითი, საფრანგეთში სამედიცინო პერსონალი, ექიმები, სოცმუშაკები, 100%-ით არიან აცრილები. თავიდან იყო პროტესტი, მაგრამ 1 კვირაში დასრულდა. არის პროფესიები და სფეროები, სადაც „ფაიზერით" ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს, როგორც ისრაელმა გააკეთა, სასწავლებლებში, მასწავლებლები, მანდატური, ტექნიკური პერსონალი უნდა იყოს 100 %-ით აცრილი, ამის შემდეგ უკვე მომსახურების სფეროში, სადაც ადამიანებს აქვთ ურთიერთობა, ახლო კონტაქტი, უნდა შევამციროთ რისკები. შემდეგი ეტაპი უნდა იყოს კოვიდ-საშვი. სავალდებულო უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ აღიარებული ვაქცინით აცრა. ჩინური ვაქცინებით აცრა სავალდებულო ვერ იქნება", - აცხადებს ფხაკაძე.

მისივე თქმით, საქართველოში, რეანიმაციაში მოხვედრის პაციენტს გადარჩენის მცირე შანსი აქვს. არადა ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებულია, სიკვდილობა თითქმის არ ფიქსირდება. მან აღნიშნულის საილუსტრაციოდ ბრიტანეთის მაგალითი მოიყვანა და თქვა, რომ აცრილ პოპულაციაში ვირუსი ვრცელდება, თუმცა არ კლავს.

,,ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის წარმატება აქვთ, სიკვდილობა თითქმის ნულამდე დავარდა, რეანიმაციული განყოფილების თითქმის განთავისუფლება და ძალიან ნაკლები გავრცელება მოსახლეობაში. ბრიტანეთში ჩატარებული კვლევით დავინახეთ, რომ ვირუსი ვრცელდება, მაგრამ არ კლავს. მოდით სიმართლე ვთქვათ, თუ ადამიანი საქართველოში მოხვდა რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი გადარჩენის შანსი არის ძალიან დაბალი, თავს ნუ ვიტყუებთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოქალაქეები არ მოხვდნენ რეანიმაციაში, ორი რაღაც არის გასაკეთბელი, "ფაიზერით" აცრა და სამედიცინო პირბადე,"- აღნიშნა "დღის კურიერში" გიორგი ფხაკაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×