ხატია ბერიძე
26.10.2021

საქართველოში კოვიდი19-ის სხვადასხვა შტამებია გავრცელებული, რომლებიც სხვადასხვა ნიშნებით ხასიათდება. რომელი შტამი აღმოჩნდა ყველაზე აგრესიული, რომელს ახალსიათებს ლეტალობის უფრო მაღალი მაჩვენებელი და უნდა ველოდოთ თუ არა ახალ საშიშ რუსულ შტამს საქართველოში?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებით საშიში ინფექციების გუნდის ხელმძღვანელი რიჩარდ პიბოდი განმარტავს თუ რატომ განიცდის ვირუსი მუტაციას და საიდან ჩნდება ახლი შტამები.

„კოვიდ-19-ის გამომწვევი ვირუსიც დროთა განმავლობაში იცვლება და ეს ბუნებრივი პროცესია. თუმცა ვირუსის  ახალი შტამები (ვარიანტები) ახალი გამოწვევებია. როდესაც ვირუსი მრავლდება, ან გავრცელებისას ქმნის საკუთარი თავის ასლებს, ვირუსის გენომი (ორგანიზმისთვის გაცემული გენეტიკური ინსტრუქციების ნაკრები) ზოგჯერ  მცირედ იცვლება. ამ ცვლილებებს მუტაციებს ვუწოდებთ და ჩვეულებრივ ისინი უმნიშვნელოა. ვირუსს ერთი ან მეტი ახალი მუტაციით ვუწოდებთ ვირუსის საწყისი ვერსიის ვარიანტს, ანუ ახალ შტამს. რაც უფრო მეტად ვრცელდება ვირუსი, მით უფრო მეტია მისი ცვლილების ალბათობა. ამ ცვლილებების შედეგად ზოგჯერ შეიძლება ისეთი ახალი შტამები წარმოიშვას, რომელიც უკეთ არის  ადაპტირებული გარემოსთან, ვიდრე საწყისი ვირუსი. ასეთი ცვლილების და წარმატებული შტამების სელექციის პროცესს  ვირუსის ევოლუციას ვუწოდებთ“, - განმარტავს პობიდი 

საქართველოში არსებულ შტამებთან დაკავშირებით ,,რეზონანსთან“ ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში გავრცელებული სამი შტამია ამათგან კი ყველაზე აგრესიული და საშიში დელტა შტამი  აღმოჩნდა.

„საქართველოში სამი სახის შტამი ფიქსირდებოდა: ბრიტანული შტამი, მიუ შტამი და დელტა შტამი. ბრიტანული შტამი ყველაზე მსუბუქია და ამის დასტურია ნაკლები სიკვდილიანობდა და ვირუსის გავრცელების ნაკლები შემთხვევა იმ პერიოდისთვის, როცა საქართველოში ეს შტამი ყველაზე აქტიური იყო.

„მიუ შტამი პირველად კოლუმბიაში დაფიქსირდა, შემდეგ ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში და ასევე ეპროპის ზოგიერთ ქვეყანაში. საქართველოში ძალიან ცოტა  სავარაუდოდ ათამდე ადამიანი იყო ამ შტამით ინფიცირებული და დღეისათვის მიუ შტამი პრაქტიკულად აღარ გვაქვს ქვეყანაში“, - აცხადებს ხმალაძე.

მისივე განცხადებით, ყველაზე რთული შტამი ჩვენი ქვეყნისთვის დელტა შტამი აღმოჩნდა.

„სიკვდილიანობის მაჩვენებლით, ინფიცირების გადადების მაჩვენებლით, ყველაზე მძიმე შტამი ჩვენი ქვეყნისთვის დელტა შტამი აღმოჩნდა, რადგან მას ამ დრომდე ვებრძვით. სხვა შტამებთან შედარებით, ის 70%-ით სწრაფად ვრცელდება და მოზარდებში და ახალგაზრდებში მაღალი ლეტალობით ხასიათდება“, - ამბობს ხმალაძე.

დაავადებათა კონტროლის  ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რუსეთში გავრცელებულ ახალ საშიშ შტამ AY.4.2-სთან  დაკავშირებით განაცხადა, რომ ჯერ ეს შტამი საქართველოში არ ფიქსირდება.

„ეს ახალი შტამი, რომელიც რუსეთში დაფიქსირდა, საყურადღებოა. ჯერჯერობით ჩვენთან ლაბორატორიული კვლევებით ეს ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. ისიც დელტას ერთ-ერთი ნაირსახეობაა, „დელტა პლუსი“, მაგრამ არა აქამდე არსებული, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე დავაფიქსირეთ, არამედ სხვა გენეტიკური ვარიანტი“, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×