ხატია ბერიძე
03.11.2021

კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მალე საგანგაშო რიცხვს მიუახლოვდება, სავარაუდოდ საველე ჰოსპიტლებიც გაიხსნება და აცრაც სავალდებულო გახდება კონკრეტული სფეროს წარმომადგენლებისთვის. სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ სპეციალისტებმა უკვე ტერმინ „კორონაგენოციდის" გამოყენება დაიწყეს.

როგორც ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი დევი ტაბიძე აცხადებს, მოსახლეობას საგანგაშო სტატისტიკამ უნდა დაანახოს, რომ მდგომარეობა ძალიან რთულია.

„ამ ვირუსთან თამაში და ხუმრობა ნამდვილად არ შეიძლება. ყოველმხრივ არაორდინალური ვირუსია, რომელ ახალ შტამს წარმოშობს კიდევ, არავინ იცის. გარდა ამისა, არსებობს დღევანდელი მოცემულობა, რასაც სეზონური გრიპის ვირუსები ჰქვია და უკვე მოხდა მათი გადაკვეთა. სწორედ ამიტომ, კიდევ მოიმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა. ჩემი აზრით, თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა და ორგანიზებულები არ ვიქნებით, შესაძლებელია დღეში 7 000 ინფიცირებულსაც გადავცდეთ. ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა, მაგრამ რეალობა. ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით და ვამბობდით, რომ რაოდენობა გასცდებოდა 4-5 ათასს, ახლა გაიზარდა და კიდევ გაიზრდება", - განაცხადა ტაბიძემ მედიაცენტრ „მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკებში საწოლების საკმარისი რაოდენობაა, თუმცა არსებობს რეანიმაციული ღონისძიებების გატარების პრობლემა, რადგამ კლინიკაში მოხვედრილი პაციენტები სწრაფად მძიმდებიან, მედპერსონალის ადამიანური რესურსები ამოწურვადია, იგი ასევე ყურადღებას ამახვილებს ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე და ჯამში ამ ფაქტორების გათვალისწინებით არ გამორიცხავს საველე ჰოსპიტლების ისევ გახსნის საჭიროებას. ექსპერტი არსებული ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას პროგნოზირებს.

„თუ ასე გაგრძელდა, საველე ჰოსპიტლების საჭიროება გამორიცხული არაა. ამ მომენტისთვის ამის აუცილებლობა არ დგას, მაგრამ თუ ეს ციფრები კიდევ მოიმატებს, ნამდვილად იქნება... ის რაოდენობა, რომლითაც ვაქცინაცია ტარდება, არავითარ შედეგს არ გამოიღებს. ეს სრულ აცდენაშია ვაქცინაციის იმ გეგმასთან, რომელიც საკოორდინაციო და ვაქცინაციის საბჭომ დადო. ამას ყველა ადასტურებს, მე მარტო ერთი არ ვარ. უნდა შედგეს ჩამონათვალი იმ სამსახურების და ადამიანების, რომლებსაც ადამიანების უფრო დიდ რაოდენობასთან უწევთ კონტაქტი. სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, აიცრას," - აცხადებს ტაბიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×