ხატია ბერიძე
03.11.2021

ლოქდაუნს და ახალ შეზღუდვებს, რაც მოსახლეობაში აგრერიგად არაპოპულარულია, არც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ემხრობიან, თუმცა მიიჩნევენ, რომ არსებული საგანგაშო სიტუაციის ფონზე ქმედითი ნაბიჯებია გადასადგამი. ასეთად კი მიიჩნევენ უკვე არსებული რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრებას და აუცრელი მოქალაქეებისთვის „დისკომფოტის" შექმნის სტრატეგიას, რაც ხალხს ვაქცინაციას არ აიძულებს, თუმცა უბიძგებს მათ ამისკენ.

მოქმედ რეგულაციებზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ. მათი თქმით არსებული შეზღუდვები არ არის საკმარისი პანდემიის სათანადოდ სამართვად და აუცრელი ადამიანებისთვის კონკრეტული სანქციების დაწესებას ითხოვენ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების ამოქმედებას არ ელოდება, თუმცა ფიქრობს, რომ არსებულ რეგულაციებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

„ახალი შეზღუდვების შემოღებას (ტრანსპორტის აკრძალვა,ქალაქის ჩაკეტვა) არ ველოდები და პირადად მე, არც ვემხრობი, რადგან მან გამოიწვია ეკონომიკის უკანსვლა და ადამიანების ცხოვრების გაუარესება, შესაბამისად, მათი გაღიზიანება.ხშირად ისმოდა ასეთი ფრაზა, „რა მნიშვნელობა აქვს კოვიდისგან დავიღუპები თუ შიმშილით". მე ველოდები რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრებას. ამ საკითხზე მე პირადად ვსაყვედურობ ქვეყნის ხელმძღვანელობას, რომ ისინი არასაკმარისად მკაცრად აკონტროლებენ რეგულაციების აღსრულებას," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ამბობს, რომ ემხრობა ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტების შემოღებას, რომელიც ადამიანებს აცრას პირდაპირ არ აიძულებს, მაგრამ უბიძგებს ამისკენ.

,,არავინ აიძულებს აიცრას, ეს ადამიანის თავისუფლებაა, მაგრამ შეიძლება არაპირდაპირი მექანიზმები ამოქმედდეს, როგორიც მუშაობს აშშ-სა და მთელ ევროპაში. ის, ვინც წარმოადგენს ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტს, რომ ის ორჯერ ვაქცინირებულია, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვს კოვიდი, ან წარმოადგენს უარყოფით პისიარ ტესტს, მას მიეცეს პრივილეგიები გარკვეულ სივრცეებში აქტივობისთვის. თუ არ გინდა აცრა, შეეგუე ერთგვარ დისკომფორტს, არავინ გსჯის შენ", - აცხადებს ცერცვაძე.

ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე ,,რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ამ დროისთვის შეზღუდვების დაწესება ეკონომიკურად არ არის კარგი და არც ეპიდემიოლოგიურად არ არის შედეგიან ტრანსპორტის აკრძალვა ან ქალაქის ჩაკეტვა.

,,ქალაქის ჩაკეტვა არ არის გამოსავალი, აქ პირველ რიგში უნდა გამკაცრდეს პირბადის სწორად ტარების რეგულაცია და უნდა შემოვიდეს სავალდებულო ვაქცინაცია იმ ადამიანებისთვის, ვისაც დიდ მასებთან აქვს შეხება. მაგალითად:მასწავლებლები, მძღოლები, რესტორნის წარმომადგენლები და ა. შ. ასევე ვემხრობი მწვანე პასპორტების შემოღებას, როგორმე უნდა შევაგნებინოთ ხალხს, რომ უნდა აიცრან და არ ეთამაშონ ადამიანის სიცოცხლეს, რადგან ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა დღემდე ვერ გიგო, რომ ეს ვირუსი არ არის ჩვეულებრივი და იგი ძალიან საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის," - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

 

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×