ხატია ბერიძე
05.11.2021

ექსპერტები ეპიდემიის კიდევ უფრო გამძაფრებას და სიკვდილიანობის ზრდას ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გამართულ აქციებს უკავშირებენ და ხალხისგან პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვას მოითხოვენ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ საზოგადოება, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, სიფრთხილეს კვლავ არ იჩენს. სიკვდილიანობის ბოლოდროინდელ ზრდას კი ქუჩის აქციებს უკავშირებს.

„ამ ვითარებას ზეპარტიული და ზეპოლიტიკური მიდგომა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება პროცესი უმართავი გახდეს. კლინიკები და მედპერსონალი თავისი შესაძლებლობის ზღვარზეა. პრაქტიკულად ყველა რეანიმაციული საწოლი დაკავებულია. საზოგადოების სიფრთხილე კი კვლავ არ ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ვაქცინები არჩევაზეა, ვაქცინაციის ტემპი მაინც საგანგაშოდ დაბალია. ვითარებას განსაკუთრებით ამძიმებს ქუჩის აქციები, რაც პირდაპირპროპორციულად ზრდის რისკებს და მოქალაქეების სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. თხოვნით მივმართავ ყველა პოლიტიკოსს და ყველა პარტიის ლიდერს, ამ ურთულეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში უარი ვთქვათ ქუჩის აქციებზე ან მინიმუმ გარკვეული დროით გადავდოთ მაინც," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე ,,რეზონანსთან" საუბრისას იზიარებს ამ მოსაზრებას და აცხადებს, რომ ბოლოდროინდელ სტატისტიკაში აქციებს ლომის წილა უკავია.

,,მოსახლეობის დიდი ნაწილი კიდევ ვერ იაზრებს, როგორი მძიმე შემოდგომა-ზამთარი გვაქვს და უფრო რთული გველოდება წინ. ვაქცინაციის და რეგულაციების დაცვის ნაცვლად იმართება საპროტესტო აქცები, სადაც უამრავი ადამიანია თავმოყრილი, რაც ინფიცირების ძალიან მაღალ რისკს წარმოადგენს. ინფიცირებულთა მაღალ რაოდენობა შემდეგ გარდაცვალების რაოდენობაზეც მოქმედებს, ამიტომ უნდა დავიცვათ რეგულაცები, რომ ნაკლები გარდაცვლილი გვყავდეს", - აცხადებს ზოიძე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით ბოლო 24 საათში 5 206 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიური შემთხვევების რაოდენობა 49 619 შეადგენს, გარდაიცვალა 10 238 ადამიანი.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×