ელზა პაპოშვილი
06.11.2021

ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში პოლიციელმა საკუთარი კოლეგა და მეზობელი მოკლა. შემთხვევა 5 ნოემბერს ღამით მოხდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელი უკვე დაკავებულია და პოლიციის განყოფილებაში საგმოძიებო მოქმედებები მიდის. რა გახდა ამ საზარელი დანაშაულის მიზეზი, „რეზონანსთან“ ადგილობრივები ყვებიან.  

მათი ინფორმაციით სამორიგეო ოთახში კოლეგამ პოლიციელი 14 ტყვიით ჩაცხრილა. მკვლელობის მიზეზად კი ნასვამი მდგომარეობა სახელდება. სავარაუდოდ, გარდაცვლილმა თანამშრომელს სიმთვრალის გამო შენიშვნა მისცა, რაც შემდეგ სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბრალდებულმა კი სამსახურეობრივი იარაღიდან მას მთელი მჭიდი დააცალა. 

დაზარალებულის ოჯახი ამბობს, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილს ცუდი სიმთვრალე ჰქონდა და ამის გამო სამსახურში არა ერთი შენიშვნა ჰქონდა მიღებული. ამიტომ სამსახურიდან  სამჯერ იყო გათავისუფლებული. ხოლო ბოლო სამითვეა რაც სამსახურში აღადგინეს და მუშაობას გაგანგრძობდა.  

„საშინელი ამბავი მოხდა, უკარგესი ბიჭი მოკლა. წუხელ მორიგეები ყოფილან და გარდაცვლილს, პაპუნას უთქვამს - ბიჭო, მერამდენედ უნდა მოგცენ შენიშვნა... არ გრცხვენია, სამსახურში რატომ სვამო. 

„პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა. თავს ვერ აკონტროლებდა. სამსახურიდან სამჯერ გაუშვეს. ახლა კი ბოლო სამი თვეა უკან დაუბრუნებიათ. აგერ ერთად გაზრდილი ბიჭები არიან, მეზობლები და მეგობრულად უთქვამს - ამას ნუღარ აკეთებო. ამაზე გაბრაზებულა და სამსახურეობრივი იარაღიდან უსვრია. 

„14 ტყვია აქვს მოხვედრილი. როგორც ჩანს, ახალი იარაღია და ვეღარ გააჩერა. ზოგი ამბობს, რომ შესაშინებლად ჰაერში ისროლა და იქიდან მოხვდა. არ ვიცით, სხვადასხვა ვერსიები არსებობს და ალბათ გამოძიება დაადგენს. ფაქტი ისაა, რომ ადამიანი აღარ არის და უკარგესი ბიჭი პოლიციის შენობაში საკუთარმა კოლეგამ ჩაცხრილა“, - ამბობს გარდაცვლილის ახლობელი „რეზონანსთან“.  

მოკლული ახალგაზრდის კიდევ ერთი ნათესავი ამბობს, რომ ბრალდებული რამდენჯერმე სამსახურიდან გაუშვეს, ამიტომ ამ დანაშაულზე პასუხი ასევე იმანაც  უნდა აგოს, ვინც ისევ  უკან დააბრუნა.

„ეს ადამიანი მსგავს პათოლოგიურ ქცევაში არაერთხელ იყო შემჩნეული. ადამიანს სამჯერ სამსხურიდან რომ გააგდებენ  და არ გამოსწორდება, მერე უკან რატომ აბრუნებ? ჩემი ბიძაშვილი შერჩა ხელში, თორემ სხვასაც მოკლავდა. 

„პასუხი უნდა აგოს იმ პირმაც, ვინც ის უკან სამსახურში დააბრუნა. პოლიციელს რომ იარაღს და კანონის დაცვას ანდობ, ის ხომ თავად სანდო უნდა იყოს? 

„სხვადასხვა ვერსიები ვიცით. ზოგმა გვითხრა, რომ ჩხუბის მერე წავიდა და მერე უკან მოსაკლავად დაბრუნდა. ეს არის განზრახ ჩადენილი დანაშაული. უკან რისთვის  დაბრუნდა? წაქცეული ბიჭისთვის გვერდებში უსვრია. გარდაცვლილს ნატყვიარები ფერდებში აქვს.  ეს აფექტში ჩადენილი ან შემთხვევით მომხდარ დანაშაულს  ჰგავს? 

„არავინ გაბედოს ამ ამბის მიჩქმალვა ან ხელის დაფარება. მიცვალებულს დავმარხავთ და მერე ყველაფერს დეტალურად გავარკვევთ“, - უყვება „რეზონანსს“ მოკლული პოლიციელის ბიძაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×