ხატია ბერიძე
09.11.2021

„მწვანე პასპორტის" ამოქმედებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაჩნდა, თუ სადამდე იქნება ვალიდური ეს საბუთი და რამდენ ხანში ერთხელ საჭიროებს გადახედვას. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად ისინი 27 დეკემბერს ელოდებიან. რას უკავშირდება ეს თარიღი?

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ე.წ. „მწვანე პასპორტი" ამოქმედდება, მწვანე სტატუსს კი მიიღებს ადამიანი, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ან აქვს 72 საათიანი „პისიარ" ტესტი, 24 საათიანი სწრაფი ტესტი, ან გადატანილი აქვს კოვიდი.

მოქალაქეები კვების ობიექტებში, რესტორნებში, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების საბაგირო გზებზე მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტით" შეძლებენ შესვლას.

ამ საკითხთან დაკავშირებით ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ კოვიდგადატანილების შეთხვევაში „მწვანე პასპორტს" 6 თვიდან 12 თვემდე უნდა ჰქონდეს ვალიდურობა, შემდეგ კი გადახედვას საჭიროებს.

„მწვანე პასპორტები", ჩემი აზრით, წინგადადგმული ნაბიჯია და ეპიდსიტუაციაზე კარგად უნდა აისახოს. თუმცა, როგორც ექიმს მაქვს კითხვა, რომელზე პასუხიც ბოლომდე ჯერჯერობით არ მაქვს.

„როგორც ვიცით, დაავადების გადატანის შემდეგ არ ყალიბდება სრულფასოვანი იმუნიტეტი. ბოლო პერიოდში ჩატარებულ კვლევებში აღნიშნულია, რომ ვირუსის გადატანიდან 16-17 თვის შემდეგ იმუნიტეტი და ანტისხეულების რაოდენობა შესაძლოა მკვეთრად დაქვეითდეს და რეინფექციის რისკები გაიზარდოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „მწვანე პასპორტს" ჰქონდეს ვალიდურობა და კორონავირუსის გადატანიდან 6 თვიდან 12 თვემდე ჰქონდეს ადამიანს „მწვანე პასპორტი". სხვა შემთხვევაში შეიძლება ამას უკურეაქცია მოყვეს და ხელი შევუშალოთ ვაქცინაციის პროცესსაც.

„პროტოკოლით მოცემულია, რომ ვირუსის გადატანიდან 6 თვის შემდეგ ადამიანმა უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია. თუკი ჩვენ მას მივცემთ მუდმივ „მწვანე პასპორტს", იფიქრებს, რომ რადგან მწვანე პასპორტი აქვს, დაინფიცირების რისკს აღარ წარმოადგენს, არც სხვა ადამიანებისთვის არის საშიში და ამიტომ აღარ უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია. ჩემი აზრით, „მწვანე პასპორტს" კორონავირუსის გადატანიდან 6 თვიდან 12 თვემდე უნდა ჰქონდეს ვალიდურობა, შემდეგ კი უნდა გადაიხედოს", - განაცხადა ინფექციონისტმა.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლადო კახაძემ „რეზონანსთან" საუბრისას „მწვანე პასპორტის" ვალიდურობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ისინი სპეციალისტების დასკვნას ელოდებიან. მისი ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი აცრის გაკეთებიდან ერთი წლის თავზე გამოქვეყნდება დასკვნა იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს ინარჩუნებს აცრილი ადამიანი კოვიდ-19 საწინააღმდეგო იმუნიტეტს.

„პირველი კოვიდ ვაქცინა მსოფლიოში 2020 წლის 27 დეკემბერს ჩატარდა და მას შემდეგ მეცნიერები ამ პროცესებს აქტიურად აკვირდებიან. სწორედ ამიტომ ჩვენ ველოდებით მეცნიერების დასკვნას, რომელიც მიახლოებული იქნება ზუსტ რიცხვებთან და გვეტყვის შედეგებს, ამ ერთი წლის განმავლობაში რა მონაცემები მივიღეთ აცრილებთან დაკავშირებით და კოვიდ გადატანილებთან თუ როდემდე გამოიმუშავებს მათი იმუნური სისტემა ანტისხეულებს. ამის მიხედვით მივიღებთ „მწვანე პასპორტის" ვალიდურობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას", - აცხადებს ლადო კახაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×