ელზა პაპოშვილი
10.11.2021

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში დღითიდღე მძიმდება, რასაც ლეტალობისა და ინფიცირების დღიური მაჩვენებლების სწრაფი მატება ადასტურებს.

ექიმების თქმით, მეხუთე ტალღის პიკურ პერიოდში, მდგომარეობას, შეფერხებული იმუნიზაციის პროცესი და მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციების უგულებელყოფა, უფრო მეტად ამძიმებს.

სპეციალისტები, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანა ჯანდაცვის სისტემის კოლაფსამდე მივიდეს. ამის თავიდან ასარიდებლად კი ისინი მოსახლეობას კვლავ ვაქცინაციის პროცესში მაქსიმალურად ჩართვასა და არსებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

მათი აზრით, არც კი იგრძნობა, თუ კორონავირუსის ასეთი მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. პროგნოზის გაკეთება, თუ როდის შეიძლება სტაბილურ მდგომარეობამდე მივიდეთ, უკვე ძალიან რთულია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს იქნება ძალიან მძიმე მდგომარეობა უახლოეს პერიოდში. მართალია, ჰოსპიტალური სექტორი, ჯერჯერობით, უმკლავდება, მაგრამ გაუჭირდება პაციენტების ამ რაოდენობის მიღება. ამიტომ უმნიშვნელოვანესია რეკომენდაციების დაცვა და ვაქცინაციის პროცესში ჩართვა. 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის  5 751 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 78 ადამიანი. ინფექციისგან განიკურნა 3 647 პაციენტი. დღიურად ჩატარებული ტესტირების რაოდენობა - 57 046. გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 6 976 ადამიანი აიცრა. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 10,08%, ბოლო 14 დღის - 9,95%, ბოლო 7 დღის - 10,41%   

ამის პარალელურად კი მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებით, საქართველოში 12-15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდა. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა საბჭომ გადაწვეტილება დღეს მიიღო. ამ ასაკში მშობლების ნებართვის საფუძველზე "ფაიზერით" აცრა ხვალიდან უკვე შესაძლებელი იქნება.

დღეს, ციციშვილის პედიატრიულ განყოფილებაში 12-15 წლამდე ინფიცირებული ბავშვები გადიან მკურნალობას, მათ შორის აცრილები არც ისინი არიან, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვს.

მეტი სიცოცხლის გადარჩენა ვაქცინაციის ტემპის გააქტიურებით არის შესაძლებელი. მხოლოდ დღეს ვირუსმა 75 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეპიდემიოლოგების პროგნოზი საგანგაშოა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა მთელი კვირის განმავლობაში ისევ მაღალი იქნება.

ვაქცინაციის ტემპის გააქტიურება უკვე გადაწყვეტილია 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში. ამავე ასაკში ბუსტერ დოზის გამოყენება 3-6 თვის პერიოდში იქნება შესაძლებელი. ასევე მესამე დოზის გაკეთება 18 წელს ზემოთ ყველა ასაკის ადამიანისთვის არის დაშვებული - "ფაიზერით," "სინოფარმით" და "სინოვაკითაც."  

ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე აცხადებს, რომ  მხოლოდ მოწოდება საკმარისი არ არის და რაც ხდება, ეს არის „მხოლოდ და მხოლოდ უნიათო მენეჯმენტის მმართველობის ბრალი“.

 „ეს მოსალოდნელი იყო, ამაზე ბევრი ექსპერტი საუბრობდა, რომ ინფიცირების შემთხვევების მატება დაიწყებოდა ოქტომბერში და ნოემბერში მივიღებთ გაცილებით უარესს სიტუაციას, ვიდრე იყო წინა წელს. სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა გაუარესდება. მივეჩვიეთ უკვე ამას. დღეს 62 ადამიანია გარდაცვლილი, ისევ აიწევს 80-მდე და უფრო მეტი მსხვერპლიც გვექნება. ეს არის ყველაზე ცუდი. ამ დაავადების მსხვერპლნი არიან ახალგაზრდებიც და ჯანმრთელი ადამიანებიც. 

“რატომ არ გაკეთდა „მწვანე პასპორტები“, არც სავალდებულო აცრა იმ ადამიანებისთვის, ვინც რისკ ჯგუფებში არიან? იმიტომ არ გაკეთდა, რომ თურმე ჩვენი მთავრობა არჩევნებზე ფიქრობდა და არ გავანაწყენეთ ანტივაქსერი ამომრჩევლები. ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო და სიტუაცია კიდევ გართულდება, რადგან არაფერი კეთდება ამისთვის.

“ეს ე.წ. საკოორდინაციო საბჭო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს და არა ეპიდემიოლოგიურს. ჯარიმები რომ ჩამოაწერეს ხალხს, როგორ შეიძლებოდა ამის მოხსნა? შეგვემცირებინა ჯარიმები, დროში გაგვეწელა, მაგრამ მოხსნა არ შეიძლებოდა“  -  განაცხადა სურგულაძემ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×