თამთა ჩაჩანიძე
12.11.2021

ქვეყანაში ეპიდვითარება კრიტიკულია, ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობას 5 ათასამდე შემთხვევა ემატება, საგანგაშოა ლეტალობის მაჩვენებელიც, თუმცა მიუხედავად ამისა, შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება და მხოლოდ და მხოლოდ მწვანე პასპორტების სისტება იმოქმედებს.

გართულებული ეპიდვითარების ფონზე შეზღუდვები რომ არ იგეგმება, ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა, მისი აზრით, ეპიდემიისგან მთავარი დაცვა ვაქცინაციაა.

„სერიოზულად არის გართულებული ეპიდვითარება. დღესაც 4445 შემთხვევაა და 77 გარდაცვლილი. ამ ყველაფერს შეაკავებს მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციის პროცესი. ვაქცინაციის პროცესი, ინიციატივების შემდეგ, ოდნავ დაიძრა, 7 ათასზე მეტი ვაქცინირებულია დღეს და დიდი იმედი მაქვს, რომ მონაცემი თანდათანობით გაიზრდება.

„არავითარი შეზღუდვა არ იქნება, მხოლოდ და მხოლოდ იქნება ე.წ. მწვანე პასპროტების სისტემა, 200 ლარიანი წახალისება 60 წლის ზემოთ მოსახლეობისთვის. იქნება მოწოდებები და გთხოვთ, ტელევიზიებს, რომ სულ იყოს მორბენალი სტრიქონი „აცრა გვიცავს" და „წავიდეთ ავიცრათ". ჩვენი სლოგანია დღეს „ვიცრებით ერთმანეთისთვის და საქართველოს სამსახურში",- განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინის „ბუსტერ" დოზის გაკეთების მსურველთა რაოდენობა იზრდება და დღეის მონაცემებით, დაახლოებით 4 600-მდე ადამიანმა „ბუსტერი" უკვე გაიკეთა. ამბობს, რომ შესაძლოა, ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთებაც საჭირო გახდეს.

„დიახ, შესაძლებელია, რომ იყოს. ამის შესახებ მიმდინარეობს კვლევა. გარდა ამისა, გვაქვს დაახლოებით 50-მდე მეოთხე დოზა. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ. უკვე შემცირდა იმ ქვეყანების რაოდენობა, რომლებიც არ სცნობდნენ „სინოფარმით" და „სინოვაკით" აცრილებს და მათი მოგზაურობისთვის საჭირო იყო რომელიმე RNM ვაქცინის სერტიფიკატის ქონა.

„დაშვებულია ჩვენი კანონმდებლობით, რომ თუ თქვენ მიემგზავრებით ისეთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება არ შეგიშვან, შეგიძლიათ აიცრათ „ფაიზერით" მესამე დოზით და 28 დღის შემდეგ ისევ გაიმეოროთ მეოთხე დოზა. არ არის პრობლემა. ბევრი ჩვენი სტუდენტი, ვინც მიემგზავრებოდა დასავლეთის ქვეყნებში და სადაც შესაძლებელი იყო, რომ ეს რეგულაციები ყოფილიყო, ოთხი დოზით არის აცრილი".- განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, პარასკევის დილის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.75%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.02% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.06%.

ყოველდღიური აცრები მცირედითაა გაუმჯობესებული, გასული დღე-ღამის განმავლობაში აცრილია - 7 103, სულ კი 2 032 939 აცრა ჩატარდა. ვაქცინაციის წახალისების მიზნით, სოფლებში მარათონი მიმდინარეობდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმზღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იმ 38 სოფელში, სადაც ვაქცინაციის მარათონი გაიმართა, დაახლოებით 4 000-მდე პირი აიცრა, ახლა ამ მარათონის სახეცვლილება იქნება წარდგენილი საკოორდინაციო საბჭოზე.

ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი აცხადებს, რომ საგანგაშო ეპიდსიტუაცია, რომლიდანაც გამოსავალი ვაქცინაციაა.

„ეპიდსიტუაცია საკმაოდ საგანგაშოა. ძალიან ცუდია, რომ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში, მკვეთრად მოიმატა მძიმე პაციენტების რაოდენობამ. შესაბამისად, გაიზარდა ლეტალობის მაჩვენებელიც, რაც, სამწუხაროდ, თან ახლავს ხოლმე ეპიდსიტუაციის გაუარესებას. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სტაბილიზაციის გარეშე, ჩვენ ლეტალობას ვერ შევამცირებთ. თუ ვაქცინაცია აქტიურად არ წავა, ეპიდსიტუაციას გრძელვადიანად ვერ დავასტაბილურებთ, ყოველთვის გვექნება, გარკვეულ პერიოდებში, სიკვდილიანობის ზრდის რისკები", - აღნიშნავს ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

„ერთი თვის წინ დავწერე, თუ ვაქცინაცია არ გავააქტიურეთ წლის ბოლომდე 2000 მეტი ჩვენი მოქალაქე დაიღუპებათქო. კრიტიკის ქარცეცხლი და წყევლა-კრულვა არ დამაკლეს, კიდე ნუ სტრესავ ხალხს საიდან იცი შენ იუდა წინასწარ რამდენი მოკვდებაო. 1 თვის თავზე 1400 ადამიანია გარდაცვლილი...ერთი თქვენს თავში ჩამახედა რა ხდება?! აიცერით!"- წერს ალერგიოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ფეისბუქზე".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×