ელზა პაპოშვილი
15.11.2021

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ყველაზე რთული სიტუაცია კვლავ კახეთში, იმერეთსა და შიდა ქართლშია. კოვიდკლინიკებში ყოველ დღე იზრდება მძიმე პაციენტთა რაოდენობაც. აცრის მაჩვენებლით კი, ქვეყანა გაყინულია ერთ ადგილზე. ბოლო რამდენიმე კვირაა ვაქცინაციის სტატისტიკა 34%-ს ვერ გასცდა.

სამაგიეროდ, იმატებს გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა პროცენტული მაჩვენებელი, რაც ყველაზე ცუდად საავადმყოფოებზე აისახება. თითქმის არცერთი თავისუფალი ადგილი რეანიმაციაში და ძალიან ცოტა ინტენსიური თერაპიის პალატებში - კოვიდკლინიკებში ვითარება ყოველ დღე მძიმდება.

ბოლო ერთ თვეში ვირუსმა 1400 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შესუსტებული მექანიზმების ფონზე, ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ ყოველდღიური ლაბორატორიული მონაცემები გაორმაგდეს და ინფექციის შეკავება ვეღარ მოხერხდეს.

საქართველოში კორონავირუსის 1 820 შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს 82 ადამიანი ემსხვერპლა.კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა  6 017 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის: ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.97% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.52%. ამ ეტაპზე, კორონავირუსს საქართველოში 52 429 პაციენტი ებრძვის. 

ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთვის ზღვარზეა, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე, მაია ზალდასტანიშვილი იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს, რაც რეანიმაციული საწოლების გადატვირთვას შეიძლება მოჰყვეს :

“რეანიმაციული ადგილები ფაქტობრივად არ გვაქვს. კიდევ და კიდევ მოიმატებს პაციენტთა რიცხვი, რა თქმა უნდა, ვეღარ აუვა ჰოსპიტალური სექტორი ამას და ალბათ ძალიან გაუჭირდებათ ოჯახის ექიმებსაც, რომლებიც ასე კატასტროფულ რეჟიმში მუშაობენ. გავუფრთხილდეთ ჩვენს თავსაც და სხვასაც, რომ გადავრჩეთ,"- განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა

ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძეც, მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანამ პანდემიის კონტროლი შეძლოს, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ტემპის მატება, ისე, როგორც იყო აგვისტოს თვეში 20-25 ათასი ვაქცინირებული. 

"ხუთი, ექვსი, და ათი ათასი ვაქცინირებული ამინდს ვერ შექმნის საქართველოში. თუ ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად დავაახლოოთ პანდემიის კონტროლის ვადა, ეს ციფრი უნდა იყოს გაცილებით მეტი 20-25 ათასი ვაქცინირებული ყოველდღიურად ისე, როგორც იყო აგვისტოს თვეში. ბოლო კვირების მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ეს პროცესი, ფაქტობრივად, გაჩერებულია,"- განაცხადა ივანე ჩხაიძემ. 

პედიატრი თემურ მიქელაძე კი ამბობს, რომ ვაქცინაციის ეფექტიანობა ბავშვებში 95%-ია, აცრას კი 12-15 წლის ასაკის მოზარდებში სერიოზული გართულებები საქართველოში არ მოჰყოლია. ამის შესახებ მიქელაძემ "დღის კურიერში" ისაუბრა. 

პედიატრის თქმით, მან პირადად ასამდე პაციენტი აცრა - მათ შორის იყვნენ განსაკუთრებული რისკჯგუფის, ან საზღვარგარეთ წასვლის მსურველი მოზარდები, ასევე - ბავშვები, რომელთა მშობლებსაც სურდათ მათი აცრა. 

"ბავშვებისთვის უფრო მიღებულია ვაქცინა, ისინი არიან უფრო მეტად მიჩვეულები, მათ, ვაქცინაციაზე, განსხვავებით მოზრდილებისგან, განსაკუთრებული რეაქციები არ აქვთ.

ევროპული და ამერიკული გამოცდილებით და ასევე, ჩვენ რა მონაცემებიც გვაქვს, თუ მე რაც მქონდა პირადად, შეხება, მხოლოდ ერთეული ადგილობრივი რეაქციები იყო, ტკივილი მხრის არეში, რაც უფრო მეტად ხშირია სხვა აცრებში, ვიდრე კოვიდის საწინააღმდეგო აცრებში.

მე მყავდა ასი ბავშვი, მათგან 70 ბავშვი უკვე ორჯერადად არის აცრილი, ორივე დოზით. გადაიტანეს მშვენივრად, რაიმე გართულება და უკუჩვენება არ ჰქონიათ,"- განაცხადა თემურ მიქელაძემ

პედიატრის განმარტებით, ბავშვების ასაცრელად, წინასწარ, რაიმე ტესტების ჩატარება საჭირო არ არის. 

"აცრილი ბავშვების 95% რეინფიცირებისგან დაცულია ნებისმიერი ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში,"-განაცხდა თემურ მიქელაძემ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×