ელზა პაპოშვილი
16.11.2021

უახლოეს პერიოდში ძალიან მძიმე მდგომარეობა იქნება - ჯანდაცვის სპეციალისტებს და ექიმებს  საქართველოს ეპიდვითარებაზე პოზიტიური პროგნოზის გაკეთება უჭირთ.  მიუხედავად იმისა, რომ აცრების ყოველდღიური რაოდენობა თანდათან იზრდება, ეს ჯერჯერობით საკმარისი არაა სტაბილიზაციის მისაღწევად.

თუკი გასული კვირის განმავლობაშ ყოველდღიურად გაკეთებული აცრების რაოდენობა საშუალოდ 7 ათასის ფარგლებში იყო, 16 ნომებრის მონაცემებით, უკვე 8 ათასს გადაცდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამას იმედის მომცემ ტენდენციად აფასებს.

„აცრილთა შორის სტრუქტურულად 28%-დან 44%-მდე გაიზარდა 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯფგუფში პირთა რიცხვი. ვაქციინაციის გუშინდელი მაჩვენებელი 8 ათასს აჭარბებს, რაც იმედისმომცემია და ვფიქრობთ, კიდევ უფრო მეტი მატება არის მოსალოდნელი. 

„ასე მიმდინარეობს „ბუსტერ“ პოზების ადმინისტრირება ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში. „ბუსტერ“ დოზების განსაკუთრებით მაღალი გამოყენება არის 18-დან 49 წლის ასაკობრივ ჯგუფებში. რაც შეეხება 12-დან 15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაციას, 643 დოზის ადმინისტრირება მოხდა. 16-დან 18 წლამდე აცრილია 11 ათასზე მეტი მოზარდი“, - განაცხადა გაბუნიამ სამშაბათს გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

ამის მიუხედავად, ექიმების თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში დღითიდღე მძიმდება, რასაც ლეტალობისა და ინფიცირების დღიური მაჩვენებლების სწრაფი მატება ადასტურებს. მათივე შეფასებით, მეხუთე ტალღის პიკურ პერიოდში მდგომარეობას შეფერხებული იმუნიზაციის პროცესი და მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციების უგულებელყოფა უფრო მეტად ამძიმებს.

16 ნომბრის  მონაცემებით, საქართველოში 24 საათში კორონავირუსის 5 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა კიდევ 83 ადამიანი. ამავე პერიოდში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 785 პაციენტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი - 9,85%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9,85%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 9,25% დაფიქსირდა.

16 ნოემბერს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 204 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი თბილისშია - 1 857 შემთხვევა, შემდეგ კი აჭარა - 210, იმერეთი - 1 008, შიდა ქართლი - 435, ქვემო ქართლი - 308, გურია - 148, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 443, კახეთი - 384, მცხეთა-მთიანეთი - 168, სამცხე-ჯავახეთი - 168, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 75.

ამ ეტაპზე კორონავირუსს საქართველოში 52 765 პაციენტი ებრძვის. სულ ქვეყანაში ჩატარებულია 2 057 216 აცრა, დღიურად კი ჩატარდა 8 224. 

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძემ ამბობს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ისევ მძიმე რჩება. ამ მძიმე სიტუაციას კი მხოლოდ აცრის რაოდენობის გაუმჯობესება უშველის. 

„ყველაზე მძიმე ინდიკატორი რთულდება. რამდენიმე დღეა გარდაცვლილთა 80 შემთხვევაზე მეტი ფიქსირდება. ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კვლავ დაძაბულია. ამას ერთადერთი შეაჩერებს მხოლოდ აცრა. აცრების დინამიკა ბოლო კვირის განმავლობაში ოდნავ გაუმჯობესებულია. დღეს 8 200-ის ფარგლებში იყო. აქედან საიმედო არის ის, რომ 60% არის პირველადი აცრა“, -  აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე  „რეზონანსთან“ საუბრისას, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, არ გამორიცხავს, რომ ქვეყანა ჯანდაცვის სისტემის კოლაფსამდე მივიდეს. ამის თავიდან ასარიდებლად კი ის მოსახლეობას კვლავ ვაქცინაციის პროცესში მაქსიმალურად ჩართვასა და არსებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. 

„არც კი იგრძნობა, თუ კორონავირუსის ასეთი მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. პროგნოზის გაკეთება, თუ როდის შეიძლება სტაბილურ მდგომარეობამდე მივიდეთ, უკვე ძალიან რთულია. უახლოეს პერიოდში იქნება ძალიან მძიმე მდგომარეობა. მართალია ჰოსპიტალური სექტორი, ჯერჯერობით, უმკლავდება, მაგრამ გაუჭირდება პაციენტების ამ რაოდენობის მიღება. ამიტომ უმნიშვნელოვანესია რეკომენდაციების დაცვა და ვაქცინაციის პროცესში ჩართვა. 

„თუმცა, მხოლოდ მოწოდება საკმარისი არ არის და რაც ხდება, ეს არის უნიათო მენეჯმენტის, მმართველობის ბრალი.საკოორდინაციო საბჭო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს და არა ეპიდემიოლოგიურს“, - ამბობს სურგულაძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, საბოლოოდ მივიღებთ გაცილებით უარესს სიტუაციას, ვიდრე იყო წინა წელს. ექსპერტი ამბობს, რომ, სამწუხაროდ, ახლანდელი სტატისტიკა გაუარესდება. ამ დაავადების მსხვერპლი არიან ახალგაზრდებიც და სრულიად ჯანმრთელი ადამიანებიც, ეს კი ქვეყანას კოლაფსამდეს მიიყვანს. 

„რა კეთდება? არაფერი. რატომ მოხდა? იმიტომ, რომ არაფერი გაკეთდა. „მწვანე პასპორტები“ და სავალდებულო აცრა იმ ადამიანებისთვის, ვინც რისკ ჯგუფებში არიან? იმიტომ არ გაკეთდა აქამდე, რომ თურმე ჩვენი მთავრობა არჩევნებზე ფიქრობდა და არ გავანაწყენეთ ანტივაქსერი ამომრჩევლები. ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო და სიტუაცია კიდევ გართულდება, რადგან არაფერი კეთდება ამისთვის“, - აღნიშნავს სურგულაძე „რეზონანსთან“.  

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი ამბობს, რომ ეს მონაცემები მოსალოდნელი იყო. 

„ქვეყნებში, სადაც მაღალია ვაქცინაციის მაჩვენებელი, იქ ადამაინების სიკვდილიანობა დაბალია. ასევე ჰოსპიტალები გადავსებული არ არის, რადგანაც ვირუსი გართულებული სახით არ მიდის. 

„ვაქცინაციის პროცესი თუ აქტიურად წავა, ჩვენ მოვახერხებთ, რომ სიტუაცია გაუმჯობესდეს. წლის ბოლოს 60-დან 70%-მდე მოზრდილი მოსახლეობა უკვე აცრილი ორჯერადად უნდა გვყავდეს და რა სურათიც გვაქვს, ვხედავთ. 

„საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის კატასტროფაა, როცა ყოველდღე 80-მდე ადამიანი გვეღუპება. სამწუხაროდ, პანდემიის დამარცხების სხვა პერსპექტივა არ გვაქვს. იმ განვითარებულ ქვეყნებშიც კი, სადაც მედიცინა წინ არის, სანამ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრა, საკამოდ მაღალი ლეტალობა ჰქონდათ. 

„იმისთვის, რომ პანდემია წელში გადავტეხოთ, აუცილებელია მოსახლეობამ პასუხისმგებლობა იგრძნოს და ვაქცინაციის პროცესი წინ წავიდეს“, - ამბობს გოგინავა „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, როცა  ექიმები პაციენტებს ურჩევენ, რომ ვაქცინის გაკეთებისგან თავი შეიკავონ. თუ რომელიმე ექიმი მიიჩევს, რომ კონკრეტულმა ადამიანმა თავი რაღაც მიზეზების გამო აცრისგან უნდა შეიკავოს, მაშინ მას ამის წერილობით დასაბუთებული მტკიცებულება უნდა მისცეს. ის კოლეგებს მოუწდებს, რომ დაუსაბუთებელი რჩევებისგან, რომელიც არაფერს ეყრდნობა, თავი შეიკავონ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×