ხატია ბერიძე
17.11.2021

„მწვანე პასპორტის" ამოქმედებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაჩნდა, თუ სადამდე იქნება ვალიდური ეს საბუთი და ვინ გააკონტროლებს ამ რეგულაციას? „მწვანე პასპორტის" მოქმედების ვადებზე ხელისუფლებას განმარტება ჯერ არ გაუკეთებია, ამბობენ, რომ ეს მას შემდეგ გადაწყდება, რაც საერთაშორისო დონეზე ჩატარებული დიდი კვლევის შედეგები გახდება ცნობილი. მხოლოდ ერთი დოზით ვაქცინირებულებს ვალიდურ პასპორტებს არ მისცემენ. შემოწმებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება პოლიციას, შრომის ინსპექციას და მერიის ზედამხედველობის სამსახურს.

მთავრობა აცხადებს, რომ ხუთშაბათიდან ამოქმედდება სპეციალური აპლიკაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნება იმ სპეციალური კოდის მიღება, რომელიც პრინციპში „მწვანე პასპორტს" წარმოადგენს. მოქალაქეებს ასევე შეეძლებათ ეს დოკუმენტები ნაბეჭდი ფორმით იუსტიციის სახლებში აიღონ.

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ე.წ. „მწვანე პასპორტი" ამოქმედდება, მწვანე სტატუსს კი მიიღებს ადამიანი, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ან აქვს 72 საათიანი „პისიარ" ტესტი, 24-საათიანი სწრაფი ტესტი, ან გადატანილი აქვს კოვიდი.

,,მწვანე პასპორტს" არ მოითხოვენ ისეთ ადგილებში, სადაც თქვენი ყოფნა სიცოცხლისთვის აუცილებელ მოხმარების სერვისებს უკავშირდება, მაგალითად კლინიკაში შესვლისას ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლისას, არც მაღაზიაში პროდუქტის ყიდვისას. ეს დოკუმენტი დასჭირდება 18 წლის ზევით ყველა მოქალაქეს, თავშეყრის ისეთ ადგილებში, რაც გადაუდებელ სერვისებს არ მიეკუთვნება: კვების ობიექტებში, რესტორნებში, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების საბაგირო გზებზე. ამ ობიექტებზე წვდომა მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტით" იქნება დაშვებული.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩნდება დამატებითი კითხვები თუ ვინ შეამოწმებს და გააკონტროლებს,,მწვანე პასპორტის", ასევე როგორ მოიქცენენ ის ადამიანები ვისაც მობილური ტელეფონი არ აქვთ? ერთი დოზით ვაქცინირებულებს შეუშვებენ თუ არა დაწესებულებებში? ,,მწვანე პასპორტი" მხოლოდ სტუმრებს მოეთხოვებათ თუ მომუშავე პერსონალსაც? რა მოხდება თუ რეგულაციას დაარღვევენ? რამდენი ხანი ექნება ამ დოკუმენტს?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხემძღვანელი ამირან გამყრელიძე ამაზე აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა აქ ორ მხარეს დაეკისრება. თავად ობიექტებს და მათ ვინც კოვიდრეგულაციების დაცვას ამოწმებს - შრომის ინსპექციას, მერიის ზედამხედველობის სამსახურს და პოლიციას.

,,შრომის ინსპექცია შერჩვითად გააკონტროლებს მოქალაქეებს აღნიშნულ ობიექტებში, რადგან თითოეული ადამიანის გაკონტროლება ძალიან რთულია, ეს დამოკიდებულია ობიექტის პასუხისმგებლობაზე, რასაც თვითონ დაწესებულება გააკონტროლებს", - აცხადებს გამყრელიძე.

,,მწვანე პასპორტის" აღება ორი გზით არის შესაძლებელი ერთი - აპლიკაციის მობილურში ჩამოტირთვა და მეორე იუსტიციის სახლში დოკუმენტის სახით აღება. ადამიანებს, ვისაც სმარტფონი არა აქვთ, დოკუმენტის აღებას იუსტიციის სახლში უფასოდ შეძლებენ და ამ საბუთით ჩვეულებრივ ისარგებლებენ", - აღნიშნა გამყრელიძემ.

ერთი დოზით ვაქცინირებულ პირებს შეეძლებათ თუ არა პასპორტის აღება და შეუშვებენ თუ არა დაწესებულებებში, ამ საკითხზე დაავაადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ მხოლოდ ორი დოზის შემდეგ გაცემული კოვიდ პასპორტი იქნება სრულყოფილი და ვალიდური.

რაც შეეხება დაწესებულებში მომუშავე პერსონალის ვაქცინაციას ამასთნ დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ „მწვანე პასპორტებს" მხოლოდ ობიექტის სტუმრებს მოსთხოვენ და არა იქ დასაქმებულ პერსონალს.

,,მწვანე პასპორტის" რეგულაციის დარღვევისთვის პირი 2 000 ლარით, ხოლო ობიექტი 10 000 ლარით დაჯარიმდება.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლადო კახაძემ „რეზონანსთან" საუბრისას „მწვანე პასპორტის" ვალიდურობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ისინი სპეციალისტების დასკვნას ელოდებიან. მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი აცრის გაკეთებიდან ერთი წლის თავზე გამოქვეყნდება დასკვნა იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს ინარჩუნებს აცრილი ადამიანი კოვიდ-19 საწინააღმდეგო იმუნიტეტს.

„პირველი კოვიდ-ვაქცინაცია მსოფლიოში 2020 წლის 27 დეკემბერს ჩატარდა და მას შემდეგ მეცნიერები ამ პროცესებს აქტიურად აკვირდებიან. სწორედ ამიტომ ჩვენ ველოდებით მეცნიერების დასკვნას, რომელიც მიახლოებული იქნება ზუსტ რიცხვებთან და გვეტყვის შედეგებს, ამ ერთი წლის განმავლობაში, რა მონაცემები მივიღეთ აცრილებთან დაკავშირებით და კოვიდ გადატანილებთან თუ როდემდე გამოიმუშავებს მათი იმუნური სისტემა ანტისხეულებს. ამის მიხედვით მივიღებთ „მწვანე პასპორტის" ვალიდურობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას", - აცხადებს ლადო კახაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×