ია აბულაშვილი
19.11.2021

პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და იმაზე, როგორ შეიძლება განიმუხტოს ქვეყანაში შექმნილი კრიზისი, აცხადებს, რომ ეს არის სააკაშვილის ბოლო გაბრძოლება დაიბრუნოს ძალაუფლება, რაც მარცხით დასრულდება.

ოპოზიცია პერმანენტულ მასობრივ აქციებს აანონსებს და ხელისუფლებას პირდება, რომ ამ ფორმით ყოველდღიურად დისკომფორტს შეუქმნის. აქციების პარალელურად პარლამენტში 10 ოპოზიციონერი დეპუტატი შიმშილობს. შიმშილობენ ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოების ახლად არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატები. მიხეილ სააკაშვილი ამ აქტს „სოლიდარობის შიმშილობას" უწოდებს და პარალელს ავლებს მაჰათმა განდის შიმშილობასთან.

„იარეს ფეხით, იქროლეს ავტომანქანებით, ახლა ველოდები, ვირზე როდის შეჯდებიან. მელია ამ ხალხს ჭაჭანაჭამი ინდაურებივით დაატარებს აქეთ-იქით, ერთ დღეს ეტყვის ავლაბრის მეტროსთან ვიკრიბებით, ხვალ 300 არაგველთან, მეტროდან ამოსულ ხალხს აედვნებიან და ფართომასშტაბიანი აქციის სურათს ქმნიან. მელია უგულავას უჩურჩულებს, ცოტა გაიშალეთ, ფეხით იარეთ, მეტნი რომ გამოჩნდეთო. ესაა სულ მაგათი ბაქი-ბუქი. აქციის დასრულების შემდეგ „ავტორიტეტული ნაცი" მოახსენებს ბელადს, ჩვენმა ზანზარმა შეარყია საქართველოო. ერთხელ ხომ მოატყუეს, შენ ოღონდ ჩამოდი და მთელი საქართველო ტახტრევანით მიგიყვანს სასახელეშიო, ჰოდა მიშამაც დაიჯერა და ქურდივით შემოიპარა ქვეყანაში, ახლა ზის იქ, სადაც დიდი ხანია ელოდნენ.

რაც შეეხება სააკაშვილის შიმშილობას, ასეთი შიმშილობა მსოფლიო პარქტიკაში არ არსებობს, ერთ დღეს არ ჭამს, სამ დღეს ჭამს, შეხედავ და ფერმის ბუღასავითაა. მაჰათმა განდის შიმშილობას ადარებს საკუთარ შიმშილობას თურმე, კი ბატონო, შეადაროს, მაგრამ უკუღმა, მაჰათმა განდიმ თავისი შიმშილობით დაამკვიდრა, რომ პოლიტიკური შიმშილობა არის ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი ფორმა. მიშა თავის შიმშილობით ამტკიცებს, რომ არის მასხარა და ყველა ამ დიდი იდეის დამმარხველი. მიშას მიმდევარი მოშიმშილეები კი არიან მიშასგან დავალებული პოლიტიკური შარლატანები. ბელადმა დაუძახა, აბა ბიჭებო, აქციებმა არ გვიშველა, შიმშილობის დროაო. არ შეასრულებენ და ისეთ კადრებს გამოუქვეყნებს, არ გენახოთ, ჰოდა არიან აყოლილი მიშას შანტაჟს.

ამ ტაკიმასხარაობას მალე დაესმევა წერტილი. ვერც მელია, ვერც მგელია, ვერც გვარამია და ვერც „წამებული მიშა" ისტორიის კანონზომიერებას ვერ შეცვლიან, რაც არ უნდა იკივლონ. დინებას უკან ვერ დააბრუნებ. ეს არის მიშას ბოლო გაბრძოლება დაიბრუნოს ძალაუფლება. „ნაცმოძრობის" მოსატყუებელი კბილები, მიშა ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანეთო, დიდი ხანია მოიცვალა დღევანდელმა ხელისუფლებამ," - განაცხადა „რეზონანსთან" ედიშერ გვენეტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×