ელზა პაპოშვილი
20.11.2021

ტრაგედია თბილისში, გურამიშვილის გამზრიზე - ახალგაზრდა მამაკაცმა, გამოძიების ინფორმაციით, ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა და უბედური შემთხვევის ინსცენირება მოაწყო. სხვა ვერსიით კი, ქმარს ცოლი ოჯახური კონფლიქტისას შემოაკვდა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა.

დანაშაული რამდენიმე დღის წინ მოხდა. მეზობლებმა გაზის სუნი შეიგრძნეს და ეჭვი გაუჩნდათ, რომ რაღაცა რიგზე არ იყო, რადგან იმ ბინაში, საიდანაც, სავარაუდოდ, სუნი გამოდიოდა, კარს არავინ აღებდა. მეზობლები  არც მათ სატელეფონო ზარებს პასუხობდნენ.  

ბინაში 27 წლის სალომე მარტიაშვილი მეუღლესთან ანზრო ლურსმანაშვილთან და მცირე წლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. მეზობლებმა სამაშველო სამსახურის გამოძახების გადაწყვიტეს. 

სახლში შესულმა მაშველებმა სალომე მარტიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო  მისი მეუღლე იქვე უგონო მდგომარეობაში ნახეს. მეზობლები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მათ თავდაპირველად ეჭვი არაფერზე გასჩენიათ და იფიქრეს, რომ გაზის გაჟონვის შედეგად გოგონა გარდაიცვალა, ხოლო ქმარი გადარჩა. ბავშვი კი სახლში არ იმყოფებოდა.

თუმცა შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ექსპერტ-კრიმინალისტებმა  სისხლის კვალი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც დაეჭვდნენ, რომ შესაძლოა არა უბედურ შემთხვევასთან, არამედ მკვლელობასთან ჰქონდათ საქმე. 

„როგორ გოგონას ახლობლებისგან გავიგეთ, მისი ქმარი დაკავებულია. გამოძიება მას საკუთარი ცოლის ჯერ ბლაგვი საგნით მოკვლას, შემდეგ კი უბედური შემთხვევის ინსცენირებას აბრალებს. არ ვიცით, იქნებ ცოლის მოკვლის შემდეგ თვითმკვლელობაც უნდოდა და გაზი სახლში ამიტომ გაუშვა. 

„როგორც აღმოჩნდა, ქალს თავის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული. სავარაუდოდ, ცოლ-ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე იჩხუბეს და ქმარმა მას თავში რაღაცა ჩაარტყა. როცა ნახა, რომ მკვდარი იყო, ეს სცენა დადგა.

„ბიჭი საავადმყოფოდან მალევე გაწერეს, მაგრამ ახლა დაკავებულია. დუმილის უფლებას იყენებს და არაფერს ამბობს. როგორც ჩანს, შემთხვევის ადგილი კარგად ვერ გაწმინდა, რადგანაც პოლიციამ კვალს მაინც მიაგნო. მიცვალებულსაც დაზიანებები ეტყობა. 

„ძალიან კარგი წყვილი იყო, არც ხმაური ად არც კონფლიქტის ხმა არ გაგვიგია. მუდამ მშვიდი და გაწონასწორებული გოგონა იყო. რა მოხდა და რა გახდა ამ დანაშაულის მიზეზი, ნამდვილად არ ვიცით“, - უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი მეზობელი.  

სამართალდამცველებმა მოკლულის მეუღლე, 25 წლის ანზორ ლურსმანაშვილი უკვე დააკავეს და მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობაც შეუფარდა. გარდაცვლილი ქალის მამა კი პროკურატურამ დაზარალებულად სცნო. 

დაკავებული გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და დუმილის უფლებას იყენებს.

ცოლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ ანზორ ლურსმანაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მოკლულ ქალს ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×