ელზა პაპოშვილი
23.11.2021

ბადრი ესებუას სინდრომის გაგრძელეება - თბილისში, „საქართველოს ბანკზე“ მორიგი თავდასხმა მოხდა, თუმცა ამ ჯერად მძარცველმა მიზანს ვერ მიაღწია. როგორც თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, ახალგაზრდა მამაკაცი ავლაბარში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე 50 ნომერში მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და ბანკის გაძარცვას ცდილობდა. თუმცა მას წინაღმდეგობა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა გაუწიეს, რის გამოც მისი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. 

ახალგაზრდამ ბანკიდან გაქცევა შეძლო, მაგრამ მას საპატრულო პოლიცია დაედევნა. არესებული ინფორმაციით, დევნაში საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ. თავდამსხმელი მალევე დააკავეს და ოპერაცია უმსხვერპლოდ დასრულდა. ბანკის თანამშრომლები და თვითმხილველები პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა. 

„ასე შუადღის 2 საათი იქნებოდა, ქუჩაში ყვირლი და ჩოჩქოლი გავიგე. გამოვიხედე და ბანკიდან ხალხი ყვიროდა - „გაიქცაო“. მერე ახლოს რომ მივედი, პოლიციის სირენის ხმა გაივიგე და დავინახე რამდენიმე ეკოპაჟი გარბოდა. 

„თქვეს, რომ ბანკში ახალგაზრდა ბიჭი შევარდა და ფულს ითხოვდა. ზოგმა შეიარაღებული იყოო, ზოგმა არაო. ზუსტად არ ვიცი. დაცვის თანამშრომლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და მისი დაჭერა სცადეს, თუმცა გაექცათ. მოასწრეს პოლიციის გამოძახება და წამებში საპატრულო ეკიპაჟი დაედევნა. 

„ბანკის გვერდით არის სათნოების სახლი და იმ მხრიდან გაქცეულა. უკანა მხრიდან კიდევ პატრული დახვდა და დააკავეს. ბანკში მყოფი თანამშრომლების და მომხმარებლის ტყვედ აყვანას ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო. ერთი მომხმარებელი იყო და დანარჩენი თანამშრომლები“, - უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი თვითმხილველი. 

შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელის დაკავება ყაჩაღობის წარუმატებელი მცდელობიდან რამდენიმე წუთში მოხდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.ტ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ტ. მიმდინარე წლის 23 ნოემბერს, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში, დაყაჩაღების მიზნით შეიჭრა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიმალვა სცადა.

„საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო მოქმედებების შედეგად, იგი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე წუთში დააკავეს“, - აცხადებენ უწყებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×