ელზა პაპოშვილი
24.11.2021

ქვეყნის მთავარ გამოწვევად ისევ COVID-19-თან ბრძოლაა - ეპიდვითარება არ უმჯობესდება. ყოველდღიურად იზრდება ლეტალობის მაჩვენებელი და ვირუსს სულ უფრო მეტი სიცოცხლე ეწირება. სპეციალისტების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ აიცრება და არ დაიცავს მოქმედ რეკომენდაციებს, სიტუაცია ჯანდაცვის რესურსების ამოწურვამდეც მივა.

მიუხედავად ამისა, "მწვანე პასპორტების" ამოქმედების პარალელურად, შეზღუდვები იხსნება. პირველი დეკემბრიდან რესტორნები იმუშავებენ მათთვის სასურველი დროით და არა 23:00 საათამდე. ერთადერთი პირობა მხოლოდ "მწვანე პასპორტის" მქონე მოქალაქეების დაშვებაა, რაც დაანონსდა, რომ მკაცრად გაკონტროლდება.

სიახლე რამდენიმე სფეროს ეხება, მათ შორის კვების ბიზნესს, გასართობ ცენტრებს, კინო-თეატრებს, თეატრებს, ოპერას და მუზეუმებს, საკონცერტო დარბაზებს, სამორინეებს და სათამაშო ბიზნეს ობიექტებს, სპა-ცენტრებს, ფიტნეს-დარბაზებს, სასტუმროებს და სამთო კურორტების საბაგირო გზებს - აქ მხოლოდ ვაქცინირებული ან კოვიდგადატანილი მოქალაქეები დაიშვებიან.

ბიზნეს სექტორის სფეროს წარმომადგენლები, უსაფრთხო გარემოს შექმნის კონცეფციას მიესალმებიან და ასევე ამბობენ, რომ საათობრივი შეზღუდვის მოხსნა, მათ ფინანსურ მდგომარეობაზეც კარგად აისახება. 

სექტორის წარმომადგენლები ასევე ამბობენ, რომ პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ეკონომიკის სამინისტროსთან, რომ იგივე გადაწყვეტილებების ფარგლებში ღონისძიებების გამართვაც დაიშვას. 

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, ის დაწესებულებები ჩამოთვალა, სადაც პირველი დეკემბრიდან მწვანე პასპორტის გარეშე ვეღარ შეხვალთ:

"სად გვჭირდება მწვანე პასპორტის წარდგენა - ეს არის: რესტორნები, კაფეები, ბარები, ღია და დახურული სივრცეები, კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული დაწესებულებები, სპა-ცენტრები, ფიტნეს დარბაზები, სასტუმროები და ასევე, სამთო კურორტების საბაგიროები,"- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. 

გარდა ამისა, გიორგი ღიბრაძემ ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ როდის ენიჭება ადამიანს მწვანე სტატუსი: 

"მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს 2 დოზა აცრის. გადატანილი აქვს კოვიდ ინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე,"- ამბობს გიორგი ღიბრაძე.  

 დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პანდემიის კუთხით გარკვეული სტაბილიზაცია იმედისმომცემია, თუმცა ეს არ არის იმის საფუძველი, რომ ჯანდაცვის სექტორი რამენაირად განიტვირთოს:

“მაღალ ნიშნულზე გარკვეული სტაბილიზაცია, რა თქმა უნდა, იმედისმომცემია, მაგრამ არ არის იმის საფუძველი, რომ ჰოსპიტალური სექტორი ან ჯანდაცვის სექტორის სხვა ნაწილი რამენაირად განიტვირთოს. მობილიზებული რჩება 9112 საწოლი. ყველა ის მექანიზმი, რომელიც დღეს, მეცნიერებისთვის და მედიცინისთვის ცნობილია, ეპიდემიაზე პასუხისთვის, ჩვენს ქვეყანაში ადგილზეა და ამის გამოყენება სრული მასშტაბით ხდება,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.   

ამირან გამყრელიძემ უკვე არ გამორიცხა, რომ კორონავირუსის ორმაგი ფორმა - ტვინდემიის ერთეული შემთხვევები ქვეყანაში უკვე გამოვლენილი იყოს. მოსალოდნელი სირთულეების გამო, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ზამთრის პერიოდისთვის მზადება დაიწყო. სეზონური გრიპის ვაქცინა, პირველად ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის უფასო გახდა.

ექიმები რესპირატორული გრიპის ვირუსის აფეთქებას ელოდებიან. საშიშროებას კი "დელტა" შტამის მახასიათებლები ქმნის, რომელიც 10-ჯერ მეტად მძიმეა გრიპზე. "დელტა" შტამის შემთხევაში 100-დან ერთი ინფიცირებული, გრიპის დროს კი 1000-დან ერთი ადამიანი კვდება.

ტვინდემიის პიკი დეკემბერ-იანვარშია მოსალოდნელი. ექიმები დამატებით კლინიკური სექტორის კრიზისზე საუბრობენ. პირდაპირ ამბობენ, რომ ორმაგი ინფიცირების შემთხვევაში შესაძლოა ადამიანებმა დროული და სწორი მკურნალობა ვერ მიიღონ.

კლინიკებს პაციენტების მიღება უჭირთ. 4-6 ათასამდე დადასტურებული შემთხვევა ყოველდღიურად, ჯანდაცვის სისტემას მეტი გამოწვევის წინაშე აყენებს. კოვიდ მიმღებ განყოფილებებს შიდა რესურსის მობილიზება უწევთ, რომ დამძიმებული ინფიცირებული რეანიმაციულ განყოფილებაში დროულად გადაიყვანონ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×