ელზა პაპოშვილი
25.11.2021

სისხლიანი გარჩევა  უკრაინაში ე.წ. ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის. წლების წინ საქართველოში დაწყებული კონფლიქტი ახლა უკრაინაში მკვლელობებით და დაჭრის სერიებით გაგრძელდა. უკრაინიდან „რეზონანსს“  წყარო უყვება, რომ კიევის ცენტრში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ირაკლი მალანია სასამართლოს ეზოში ჩაცხრილეს. მას 10-მდე ტყვია მოხვდა და ამ ეტაპზე სიკვდილს ებრძვის. 16 ნოემბერს ირაკლი მალანია ერთ-ერთი საქმის პროცესზე უნდა გამოცხადებულიყო, რა დროსაც შენობასთან მისულს თავს დაესხნენ. 

წყარო გვიყვება, რომ მალანიას თავდასხმის მოტივი ქართველებს შორის კრიმინალური გარჩევაა. უკრაინულმა პოლიციამ ე.წ. ფეიქრიშვილების დაჯგუფების ერთი წევრი გიორგი არუთინოვი დააკავა, კიდევ ორზე კი ძებნაა გამოცხადებული. საქართველოს მოქალაქეები, 37 წლის გიორგი არუთინოვი, 36 წლის ლაშა სიხარულიძე და 32 წლის ნოდარ ნიშნიანიძე, განზრახვის სისრულეში მოსაყვანად კიევში რამდენიმე დღის წინ საგანგებოდ ჩავიდნენ. 

„საქმე ორ ე.წ. კანონიერ ქურდებს შორის არსებულ კლანურ დაპირისპირებასთან გვაქვს. მალანიას თავს ქართველები დაესხნენ. ფეიქრიშვილების დაჯგუფება მალანიას  წარსულში მათი მეგობრის მკვლელობას ედავება. თავის მხრივ მალანია კი 2016 წელს მისი მეგობრის, სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ფეიქრიშვილებს ადანაშაულებს. ფეიქრიშვილები ძმები გიორგი და დავითი არიან, რომლებსაც თბილისში ტყუპების მეტსახელად იცნობენ. ეს არის გარკვეული კლანების გავლენების გაძლიერებისთვის ბრძოლა, რომელიც სათავეს თბილისიდან იწყებს. 

სოსო ჯოხაძის მკვლელობის ბრალდებით სასჯელს იხდის „ფეიქრიშვილების დაჯგუფების“ კიდევ ერთი წევრი ბადუკა ნათობაძე. ამავე პერიოდში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთმანეთის მიყოლებით დააპატიმრეს ფეიქრიშვილების გარემოცვის წევრები, მათ შორის ირაკლი მალანიაზე თავდასხმაში მხილებული ნოდარ ნიშნიანიძე. შესაბამისად,  შურისძიების ჯაჭვის გაგრძელება მოსალოდნელია და არც ის არის გამორიცხული, გაგრძელება თბილისშიც ჰქონდეს“, - ამბობს წყარო. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×