ხატია ბერიძე
25.11.2021

საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კოვიდ გადატანილებს უვადო მწვანე სტატუსი ექნებათ. ამ განაცხადს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების და საზოგადოების გაურკვევლობა და დამატებითი კითხვები მოჰყვა. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება წარმოუდგენელია და რაღაც ტექნიკურ ხარვეზსს უკავშირდება. ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება დროებითია და მის შესაცვლელად რაღაცას ელოდებიან.

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან კოვიდ პასპორტს და „მწვანე სტატუსს" მიიღებს ადამიანი, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ან აქვს 72 საათიანი პისიარ ტესტი, 24 საათიანი სწრაფი ტესტი, ან გადატანილი აქვს კოვიდი.

მოქალაქეები კვების ობიექტებში, რესტორნებში, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების საბაგირო გზებზე მხოლოდ და მხოლოდ ამ დოკუმენტით შეძლებენ შესვლას.

მწვანე პასპორტის მოთხოვნა მხოლოდ 18 წელს გადაცილებულ პირებზე ვრცელდება.

უწყებათაშორის საკორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და ადამიანს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად.

ამ საკითხთან დაკავშირებით ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ,,რეზონანსთან" აცხადებს, რომ კოვიდგადატანილების შეთხვევაში „მწვანე პასპორტს" 6 თვიდან 12 თვემდე უნდა ჰქონდეს ვალიდურობა, შემდეგ კი გადახედვას საჭიროებს.

„როგორც ვიცით, დაავადების გადატანის შემდეგ არ ყალიბდება სრულფასოვანი იმუნიტეტი. ბოლო პერიოდში ჩატარებულ კვლევებში აღნიშნულია, რომ ვირუსის გადატანიდან 16-17 თვის შემდეგ იმუნიტეტი და ანტისხეულების რაოდენობა შესაძლოა მკვეთრად დაქვეითდეს და რეინფექციის რისკები გაიზარდოს. ამიტომ კორონავირუსის გადატანიდან 6 თვიდან 12 თვემდე შეიძლება ჰქონდეს ადამიანს „მწვანე პასპორტი". სხვა შემთხვევაში შეიძლება ამას უკურეაქცია მოყვეს და ხელი შევუშალოთ ვაქცინაციის პროცესსაც.

„პროტოკოლით მოცემულია, რომ ვირუსის გადატანიდან 6 თვის შემდეგ ადამიანმა უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია. თუკი ჩვენ მას მივცემთ მუდმივ „მწვანე პასპორტს", იფიქრებს, რომ რადგან მწვანე პასპორტი აქვს, დაინფიცირების რისკს აღარ წარმოადგენს, არც სხვა ადამიანებისთვის არის საშიში და ამიტომ აღარ უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია", - განაცხადა ინფექციონისტმა.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ კოვიდგადატანილთათვის უვადოდ მწვანე სტატუსის მინიჭება, წარმოუდგენელია.

,,პოზიცია იყო მკაფიო, საკორდინაციო საბჭოზე ექვს თვიან ვადასთან დაკავშირებით. ბატონ ამირან გამყრელიძის მოსაზრება და რეკომენდაცია იყო ექვსთვიანი ვადა. ეს არის უნივერსალური ვადა, რომელიც მიღებულია ყველა ქვეყანაში. არცერთი ქვეყანა არ აფიქსირებს მსგავს ერთ წლიან პერიოდს. საერთოდ წარმოუდგენელია ილაპარაკო უვადოზე, ეს მგონი, რაღაც ტექნიკური ხარვეზი ან გაუგებრობაა. აუცილებლად შესწორდება, ეს არაა წითელა, გადაიტანე და მთელი ცხოვრება თავისუფალი ხარ. კორონავირუსი ძალიან შორსაა წითელასგან. საკორდინაციო საბჭოს ეს გადაწყვეტილება დიამეტრიულად განსხვავდება სამედიცინო ხედვისგან", - განაცხადა ჩხაიძემ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლადო კახაძემ „რეზონანსთან" საუბრისას „მწვანე პასპორტის" ვალიდურობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამას აუცილებლად გადახედავენ, უბრალოდ რეკომენდაციებს ელოდებიან.

„კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ თითქმის ორი წელი გავიდა, ხოლო აცრის შემოსვლიდან - ერთი. ამ დროის განმავლობაში მეცნიერება აქციურად აკვირდება და შეისწავლის კოვიდ გადატანილთა იმუნიტეტს და აცრილთა იმუნიტეტს. ასე რომ, ჩვენ ამ უვადო კოვიდ პასპორტთან დაკავშირებით ველოდებით, რომ მივიღებთ ახალ რეკომენდაციებს, შესაძლოა ჯანმოსგან ან სხვა სანდო წყაროსგან. შემდეგ კი ამ გადაწყვეტილებას გადავხედავთ და აუცილებლად შევცვლით. ეს იქნება უახლოეს ექვს თვეში", - განაცხადა ლადო კახაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×