ხატია ბერიძე
25.11.2021

ექიმების ნაწილი სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობას მოითხოვს. მიაჩნიათ, რომ მკურნალობა არათსათანადო პირობებში მიმდინარეობს და მასზე მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება. მთავრობა ამ ეტაპზე მოვლენების ასეთ განვითარებას გამორიცხავს.

რამდენიმე დღის წინ ექსპრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მკურნალობის პროცესსთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით გამოვიდა, სადაც განაცხადა, რომ იქნებ სააკაშვილისთვის პატიმრობა გადაევადებინათ და მკურნალობის უფლება ციხის გარეთ გაეგრძელებინა.

„თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობა ნიშნავს მკურნალობას არა ციხეში, არა ბადრაგის თანხლებით, დასწრებით და ა.შ... არის რაღაც გზები, ალბათ იურისტებმა უფრო იციან ამის შესახებ. ადამიანს უნდა მისცე საშუალება თვითონ გადაწყვიტოს, სად იმკურნალოს, ვისთან იმკურნალოს", - განაცხადა ყიფშიძემ.

ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ მკურნალობის ინიციატივა ჰქონდა პარტია ,,გირჩის" ლიდერს იაგო ხვიჩიასაც. მისი განცხადებით, საზღვარგარეთ სააკაშვილის გადაყვანის საჭიროება ,,ქართული ოცნების" უსუსურობის გამოა საჭირო, რადგან ისინი ვერ უზრუნველყოფენ მის უსაფრთხოებას.

,,საზღვარგარეთ სააკაშვილის გადაყვანაზე იმიტომ მოვუწოდებთ, რომ ქვეყნის შიგნით „ქართული ოცნების" უსუსურობას ვხედავთ. თუ არ შეგიძლია, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რის გამოც სასამართლოზე დასწრების უფლებას არ აძლევენ. საზღვარგარეთ გადაყვანა სჯობს", - ამბობს იაგო ხვიჩია.

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამას გამორციხავს.

„პაციენტი დღესდღეობით თერაპიულ საწოლზე თერაპიული კოდით მკურნალობს. ჩვენ ექიმებს გააჩნიათ სრული გამოცდილება, თუ როგორ უნდა მართონ მსგავსი პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მიმართულებით ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა დამატებით პროტოკოლი, რომელიც რა თქმა უნდა, საერთაშორისო გამოცდილებაზეა დაყრდნობილი. ის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ჩვენგან რეკომენდებულია გორის ჰოსპიტალზე, ისევე როგორც პენიტენციურ სამსახურზე, აქტიურად მართავს პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესს, მისი მდგომარეობა დღესდღეობით გაცილებით გაუმჯობესებული და დამაკმაყოფილებელია. პირადად მე, ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას იმისას, რომ პაციენტმა უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა.

„ექიმების რეკომენდაცია არის ძალიან ხშირად არაერთგვაროვანი, ასევე არიან ექიმები, რომლებიც პაციენტის ნახვის გარეშე სვამენ გარკვეულ დიაგნოზებს და გარკვეულ გადაწყვეტილებას იღებენ, ამ პაციენტს ჰყავს რამდენიმე მკურნალი ექიმი, რომელიც უშუალოდ მართავს მას თავის საწოლთან და ჩემთვის გაცილებით უფრო კომპეტენტური იქნება იმ ექიმების შეფასება და რეკომენდაცია, რომელიც უშუალოდ არის პროცესში ჩართული და არა მათი, რომლებსაც ერთხელაც არ ჰყავს პაციენტი ნანახი," - ამბობს ტიკარაძე.

„რეზონანსთან" საუბრისას სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი საუბრობს, იურიდიულად რა შემთხვევაში შეიძლება მიეცეს სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის გაგრძელების უფლება.

„საზღვარგარეთ მკურნალობის გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელიც აჩვენებს, რომ ამ დაავადებების მკურნალობა საქართველოში ვერ ხერხდება ან არ გვყავს შესაფერისი დაავადების მცოდნე კომპეტენტური პირი. ამის შემდეგ კი სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს პატიმარის გადაყვანა საზრვარგარეთ, ვინაიდან პატიმრის სიცოცხლის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა", - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×