ხატია ბერიძე
26.11.2021

მედიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ვაქცინაცია მოსახლეობის ნაწილისთვის სავალდებულო უნდა გახდეს. საუბარია, პირველ რიგში, მაღალი რისკის ჯგუფებსა და სამედიცინო პერსონალზე, თუმცა ამ ნუსხაში შეიძლება სხვა კატეგორიებიც აღმოჩნდეს, მათ შორის პოლიცია, მასწავლებლები, ჯარისკაცები და ა.შ.

საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით პირველი დეკემბრიდან საქართველოში კოვიდ-პასპორტის მექანიზმი ამოქმედდება.ამასთანევე პრემიერის დავალებით მუნიციპალიტეტებში გრძელდება იმუნიზაციის კამპანია და სააგიტაციო ღონისძიებები. პარალელურად მიმდინარეობს ვაქცინაციის ლატარია. ასევე, აცრის წამახალისებელი ღონისძიების ფარგლებში 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებენ 60 და მეტი ასაკის საქართველოს ყველა ის მოქალაქე, რომელიც 2021 წლის 8 ნოემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორისდა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში შემოღებულმა წამახალისებელმა ღონისძიებებმა ვაქცინირებულთა რაოდენობა გაზარდა, თუმცა შედეგი საკმარისი არ არის. აქედან გამომდინარე შესაძლოა პირველი დეკემბრიდან სხვა ღონისძიებებიც განიხილონ. ერთ-ერთი შესაძლოა იყოს სავალდებულო ვაქცინაცია მოსახლეობის მაღალი რისკის ჯგუფებში და სამედიცინო პერსონალში.

,,ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის გაზრდის მხრივ პირველი ნაბიჯები გადაიდგა. ვგულისხმობ 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობის ფინანსურ წახალისებას. პირველი ნაბიჯია კოვიდ პასპორტის სისტემის ამოქმედება, ეს ყველაფერი კარგია და ჩვენ შედეგიც ვნახეთ, 9 ათასზე მეტი ადამიანი იყო გუშინ ვაქცინირებული. რა თქმა უნდა განსხვავებაა იმ პეროდთან შედარებით, ვიდრე ეს სისტემები ამოქმედდებოდა, მაგრამ არის ეს ციფრი საკმარისი, რომ საქართველომ პანდემია წარმატებით გააკონტროლოს? ეს არ არის ის რიცხვები, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ამიტომ შესაძლებელია პირველი დეკემბრისთვის მოხდეს ამ შედეგების ანალიზი, ვნახოთ რა მოგვიტანა ამ ორი სერიოზული ინიციატივის დანერგვამ ქვეყანაში და შემდეგ უკვე ალბათ შეიძლება, განხილული იყოს სხვა ღონისძიებები მათგან ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი, რაც ასევე პრაქტიკულად უმრავლესმა ქვეყანამ გამოიყენა, არის სავალდებულო ვაქცინაცია მოსახლეობის მაღალი რისკის ჯგუფებში. პირველ რიგში, ჩვენ ვგულისხმობთ სამედიცინო პერსონალს. სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია სრულიად გამართლებული, მიღებული, აპრობირებული და ეფექტური მექანიზმია ვაქცინაციის რაოდენობის გაზრდის. ასე რომ, შეიძლება იყოს სხვადასხვა კატეგორიის მოსახლეობა, სამედიცინო პერსონალი, ეს შეიძლება იყოს საჯარო სამსახური, პოლიცია, პედაგოგი, გააჩნია, რას აირჩევს ქვეყანა, მაგრამ ეს ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების უდავოდ ერთ-ერთი სერიოზული ხელშემწყობია", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ,,რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ეს წახალისების პროგრამა და მწვანე პასპორტის შემოღება კარგია, მაგრამ დაგვიანებული. სავალდებულო ვაქცინაცია კონკრეტული ჯგუფებისთვის აქამდეც უნდა შემოსულიყო, რადგან პანდემიის სწორად მართვისთვისთვის საჭიროა ეს ნაბიჯები.

„წამახალისებელი ღონისძიებებისაკმარისი არ არის ასეთი რთული მდგომარეობიდან გამოსვლისთვის, ამიტომ, როგორც ინფექციონისტი მივიჩნევ, რომ სავალდებულო ვაქცინაცია კონკრეტული ჯგუფებისთვის აუცილებელია. პედაგოგები, სამედიცინო პერსონალი და რისკ ჯგუფებში მყოფი ადამიანები აუცილებლად უნდა აიცრან. ასევე მომხრე ვარ მკაცრად ადმინისტრირდეს იმ ადამიანთა ვაქცინაციაში ჩართულობა ვისაც საზოდაგდოების დიდ მასებთან აქვთ შეხება, ვფიქრობ უფრო ეფექტური იქნებოდა ეს ყველაფერი ცოტა ადრე რომ დაწყებულიყო, მაგრამ მთავარია ახლა მაინც მიიღონ ეგ გადაწყვეტილება", - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×