ელზა პაპოშვილი
28.11.2021

ტყიბულში ქვანახშირის კერძო მოპოვების კარიერში მიწის მასა ჩამოიშალა, რამაც ორი ადამიანი, 45 და 65 წლის მამაკაცები მოიყოლა. რამდენიმე საათიანი სამაშველო სამუშაოების შედეგად 65 წლის ვიტალი ტურძელაძის გადარჩენა მოხერხდა. ის მაშველებმა ცოცხალი იპოვეს და კლინიკაში გადაიყვანეს. მასთან ერთად შახტაში მყო 45 წლის მამაკაცს კიმხოლოდ 7-საათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო. ძებნის სამუშაოების დროს მაშველებს მისი ხმა არ ესმოდათ და თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ ის შესაძლოა უკვე დაღუპული იყო. 

65 წლის მამაკაცი კონტაქტური იყო და მაშველებს თავად აწვდიდა ინფორმაციას მისი ადგილმდებარეობის შესახებ. პირველადი შეფასებით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ის ტყიბულის „ევექსის“ კლინიკიდან ქუთაისში გადაიყვანეს. 

მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. სამწაუხაროდ, ტყიბულში ტრაგიკული შემთხვევები ხშირია და იგივე შახტა 3 წლის წინათ ჩამოინგრა. მსხვერპლი მაშინაც იყო. ამიტომ ადგილობრივები ამბობენ, რომ კაპიკების სანაცვლოდ სიცოცხლის ფასად უწევთ მუშაობა.

პოლიციას შახტის მეპატრონე დაკითხვაზე ჰყავს გადაყვანილი და ზუსტ ინორმაციას გამოძიებას მიაწვდის, რატომ იმყოფებოდა 2 ადამიანი შახტში, რომელსაც ქვანახშირის მოპოვება უსაფრთხოებიდან გამომდინარე აკრძალული ჰქონდა. 

როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, 3 წლის წინ მომხდარი ფაქტის შემდეგ, ამ შახტაში ქვანახშირის მოპოვება აღარ ხდება. ორი ადამიანი, რომლიც შახტაში იყო, სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდნენ. სწორედ ამ დროს მოხდა შახტის ჩამონგრევა, რა დროსაც ორივე ქვეშ მოიყოლა. 

„ზუსტად რა და როგორ მოხდა, ჩვენც არ ვიცით. ერთი ეს გვითხრეს, რომ მეპატრონე ამ შახტის სარემონტო სამუშაოებს აკეთებდა. კერძოდ რას და როგორ - არ ვიცით. სავარაუდოდ, წყლის ამოსატუმბად იყვნენ ჩასული. თვეში ერთხელ, თუკი რამის გაწმენდა ან გაკეთება იყო საჭირო, მეპატრონე ასუფთავებდა. ახლა ეს ორი ადამიანი დაუქირავებია. 

„რამდენიმე ხნის განმავლობაში მეპატრონე მათთან დაკავშირებას ცდილობდა, მაგრამ ტელეფონზე არ პასუხობდნენ. ამის შემდეგ დაეჭვდა და ადგილზე მოვიდა. ნახა, რომ შახტა ჩამონგრეული იყო. სასწრაფოში და სამაშველო სამსახურში დარეკა. 

„ვიტალი თავიდანვე კონტაქტზე გასულა და უთქვამს მაშველებისთვის სადაც იყო. ამიტომ მისი პოვნა ადვილად მოხერხდა და ცოცხალი ამოიყვანეს. მეორე სად იყო არ იცის. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და არაფერი ახსოვს. ეს შახტა 3 წლის წინაც ჩამოინგრა და მაშინაც, როგორც მახსოვს, 2 ადამიანი დაიღუპა“, - ამბობს გადარჩენილი მამაკაცის ახლობელი „რეზონანსთან“. 

მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების განცხადებით, შახტა, სადაც ქვანახშირის ფენის ჩამოშლის შედეგად ნანგრევებში ორი ადამიანი მოყვა, კუსტარულია.

როგორც პროფკავშირების განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ და გამოძიების შედეგად დადგინდება, ვისი დავალებით სრულდებოდა შახტაში გამაგრებითი სამუშაოები.

„ტყიბულში კუსტარულად მოწყობილ ერთ-ერთ კერძო შახტაში, ქვანახშირის ფენა ჩამოიშალა და ორი მეშახტე მოიყოლა. დაახლოებით 14:00-დან 15:00 საათამდე შუალედში, მას შემდეგ, რაც მეშახტეებმა შახტის მფლობელს სატელეფონო ზარზე არ უპასუხეს, მან მეშახტეების ძებნა დაიწყო და აღმოაჩინა, რომ ობიექტზე უბედური შემთხვევა მოხდა.

„ტყიბულში არსებულ კუსტარულ შახტებს მადნის მოპოვება შრომის ინსპექციის მიერ ჰქონდათ აკრძალული, რადგან ისინი საერთოდ ვერ პასუხობდნენ შრომის უსაფრთხოების სტანდარტის მინიმალურ მოთხოვნებსაც კი.

პოლიცია ადგილზე იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი საკვლევი თემა, პირველ რიგში, იქნება შემდეგი: ვისი დავალებით ასრულებდნენ გამაგრებით სამუშაოებს ა. ა. და ვ. ტ.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×