ხატია ბერიძე
28.11.2021

პარლამენტი ორშაბათიდან ახალი საკანონმდებლო ცვლილების განხილვას იწყებს, რომლითაც ტაქსებში მთლიანად და ჩვეულებრივ მსუბუქ ავტომობილებში ნაწილობრივ იკრძალება მოწევა. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ლადო კახაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ამ ცვლილების მიღება ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა მომხდარიყო, როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევა აიკრძალა, მაგრამ მაშინ ტაქსები დაავიწყდათ.

კანონში „თამბაქოს კონტროლის შესახებ" ცვლილებების ინიცირება 29 ნოემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდება. პროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და ლადო კახაძე არიან.

მოწევაზე აკრძალვა წესდება ტაქსის მძღოლებისა და მგზავრებისათვის, ასევე სანაოსნო საშუალებებზე და იმ კერძო ავტომობილებზეც, რომელშიც არასრულწლოვანი იმყოფება.

მსუბუქ ავტომობილებში იკრძალება მოწევა იმ შემთხვევაში, თუკი ავტომობილში არასრულწლოვანი იმყოფება. ამ წესის დარღვევისათვის მწეველი 50 ლარით დაჯარიმდება.

ტაქსისა და კატერისთვის ჯარიმა განსაზღვრული იქნება 200 ლარის ოდენობით, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობისა და ასევე, ამ მოთხოვნის აღუკვეთებლობისთვის.

ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების გაორმაგებას აღნიშნული ქმედებების მეორედ, მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო გამეორებისათვის.

საქართველოში 2018 წლის პირველი მაისიდან მოწევა ოფიციალურად აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი თავშეყრის შენობება - ნაგებობებში, კერძო და საჯარო დაწესებულებებში, რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, სასტუმროებში, კვების სხვა ობიექტების, გასართობი კლუბების, ცენტრების, კომერციული-სავაჭრო ობიექტებისა და ა.შ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და ახალი ცვლილების ინიციატორმა ლადო კახაძემ „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ახალი კანონი მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით 2017 წელს მიღებული კანონის გაგრძელებაა.

„ევროდირექტივა სააზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევის აკრძალვას გულისხმობს. ჩვენ თავდაპირელად როდესაც ავკრძალეთ მოწევა ტრანსპორტში, ტაქსები ყურადღების მიღმა დარჩნენ და დაგვავიწყდა, რომ ტაქსიც საზოგადოებრივი ტრანსპორტია. სწორედ ამიტომ ჩვენ გავაგრძელეთ ის კანონი, რომელიც პირველ რიგში

ადამიანის ჯანმრთელობას ემსახურება, რამაც საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო. მოწევა აიკრძალება ტაქსში, სანაოსნო საშუალებებში და იმ კერძო ავტომობილებში, სადაც არასრულწლოვანი იქნება. ეს წესი მოქმედებს ძალიან ბევრ ქვეყანაში - ინგლისი, გერმანია, კვიპროსი და ა.შ.", - განაცხადა ლადო კახაძემ.

მისი აზრით, ამ ცვლილებამ საწყის ეტაპზე შესაძლოა საზოგადოების ნაწილში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვიოს, თუმცა, საბოლოოდ, ყველა მადლობელი იქნება.

„როდესაც ავკრძალეთ თამბაქოს რეკლამა და მოწევა დახურულ სივრცეში, თავიდან ამ ყველაფერსაც მოჰყვა პროტესტი, თუმცა, რაღაც დროის შემდეგ, ჩვენ ამ პროექტზე გავაკეთეთ გამოკითხვა და მივიღეთ, რომ გამოკითხულთა თითქმის 87% მადლიერი იყო ამ კანონის, მათ შორის მწეველებიც. ასევე, სტატისტიკის მიხედვით, შემცირდა მწეველთა დაავადებები.

„რაც შეეხება ახალ პროექტს, ჩვენი სურვილია ამ მიმართულებით გავცდეთ ევროპულ დემოკრატიას და მიუახლოვდეთ ამერიკას. გარკვეული დროის შემდეგ კი მოწევის ახალი კულტურის შემოღებისთვის, ვფიქრობ, ყველა მადლობელი იქნება", - განაცხადა კახაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×