ელზა პაპოშვილი
29.11.2021

რა ზომებს მიიღებს ქვეყანა, რათა კორონავირუსის ახალი შტამი არ გავრცელდეს - მაშინ, როდესაც ე.წ. "სამხრეთ აფრიკული" ვარიანტი მსოფლიოში სწრაფი ტემპებით ვრცელდება, ასპროცენტიანი დაცვის გარანტია არც საქართველოს აქვს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უცნობია არის თუ არა "ომიკრონ" შტამი უფრო მეტად გადამდები სხვა ვარიანტებთან, მათ შორის "დელტასთან" შედარებით.

 მათივე ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკაში სადაც დადასტურდა კორონავირუსის ახალი "ომიკრონ" შტამი გაიზარდა ჰოპიტალიზაციის მაჩვენებელი.

"ეს არ არის ნათელი, იწვევს თუ არა "ომიკრონის" ინფექცია უფრო მძიმე დაავადებას სხვა ვარიანტებთან, მათ შორის "დელტასთან" შედარებით. წინასწარი მონაცემებით ვარაუდობენ, რომ სამხრეთ აფრიკაში ჰოსპიტალიზაციის მზარდი მაჩვენებელია, მაგრამ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის გაზრდით და არა "ომიკრონის" ინფექციით,"- აღნიშნულია განცხადებაში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გაცხადების თანახმად, ვაქცინებს აქვს კრიტიკული მნიშვნელობა მძიმე დაავადებისა და გარდაცვალების შესამცირებლად, მათ შორის დომინანტური მოცირკულირე ვირუსის, "დელტას" წინააღმდეგ.

ჯანდაცვის მინისტრი გარკვეული ზომების აუცილებლობაზე საუბარს. ეკატერინე ტიკარაძე რეგულაციების დაცვისა და იმუნიზაციის პროცესის გააქტიურების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

მინისტრი აცხადებს, რომ არცერთი, ვისაც კორონავირუსის ახალი შტამი დაუდასტურდა, ვაქცინირებული არ ყოფილა. 

"რაც შეეხება ამ შტამის მართვას საქართველოს პირობებში, პირველი რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ გავეცით, იქნა გათვალისწინებული. რაც შეეხება ანტიგენტესტირებას, აქ გეთანხმებით, რომ მნიშვნელოვანი არის PCR ტესტირების ჩართვა, ვინაიდან, ის მეტად უფრო ზუსტია და ანტიგენტესტი არის უფრო მეტად სიმპტომურ პაციენტებში გამოსაყენებელი ტესტი და ეს რეკომენდაციებიც დამატებით იქნება შემუშავებული.

პანდემიის სამართავად გვაქვს რამდენიმე მთავარი ინსტრუმენტი. ეს არის გარკვეულწილად, შეზღუდვები, ოღონდ ამაში არ ვგულისხმობ მკაცრ ლოკდაუნებს, აქ არის გარკვეული წესები დადგენილი, რომელიც მნიშვნელოვანია დაიცვას თითოეულმა მოქალაქემ და მისი აღსრულების ხარისხი, მნიშვნელოვანია, იყოს მაღალ დონეზე აყვანილი და ასევე - აცრები. ვისაც შეხვდათ ეს შტამი, მათ არ ჰქონდათ ჩატარებული შესაბამისი ვაქცინაცია, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვან ბერკეტად კვლავ რჩება ვაქცინაცია,“ - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.  

იმ შემთხვევაში, თუ "ომიკრონი" "დელტა" შტამზე უფრო გადამდები აღმოჩნდება, მაშინ მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დადგება - ასე ეხმიანებიან ეპიდემიოლოგები კორონავირუსის ახალი შტამის გამოჩენას.

მედიკოსები განმარტავენ, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მექანიზმს კვლავ ვაქცინაცია წარმოადგენს. ასევე, უნდა დაჩქარდეს "ბუსტერ" დოზების გაკეთება.

"ახალი შტამი ჯერჯერობით გავრცელებულია სამხრეთ აფრიკაში და მის მიმდებარე მეზობელ ქვეყნებში. ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული სხვა კონტინენტებზე, ამიტომ ამ ეტაპზე საუბარი თუ რამდენად შექმნის ის გლობალურად ისეთივე პრობლემას, როგორც შექმნა დელტა შტამმა, ჯერ ნაადრევია. ერთადერთი რაც დაგვრჩენია, ეს არის ვაქცინაციის პროცესის უფრო აქტიურად წარმართვა. თუ ჩვენ ვაქცინაციას კარგად წარვმართავთ, ნაკლებია ალბათობა, რომ წარმოიქმნას მსგავსი შტამები," - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განმარტებით, ახალი მუტაციების შესაკავებლად ეფექტური საშუალება "ბუსტერ" დოზების გაკეთება იქნება. 

"თუ რეალურად აღმოჩნდა ისე, რომ "ომიკრონი" "დელტაზე" მეტად მაღალი თვისებებით ხასიათდებდა გადამდებობის თვალსაზრისით, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს წინაშეა სრულიად ახალი გამოწვევა. ყველაზე ეფექტური იქნება ახლა დავაჩქაროთ "ბუსტერ" დოზების გაკეთება. რაც მეტი ადამიანი გაიკეთებს "ბუსტერ" დოზას, მით მეტი იქნება წინააღმდეგობის შესაძლებლობა ამ ახალი მუტაციის წინააღმდეგ," - აღნიშნა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.  

ამ ფონზე ფარმაცევტული კომპანიები იკვლევენ არის თუ არა საჭირო ვაქცინების კორექტირება. "ფაიზერი" კვლევის შედეგებს ორი კვირის ვადაში ელოდება.

ახალი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა იტალიასა და ავსტრალიაში. იტალიაში შესული ინფიცირებული პირი მოზამბიკში იმყოფებოდა. ახალი შტამის აღმოჩენა მოგზაურობას უკავშირდება ავსტრალიაშიც. ქვეყანაში ვარაუდობენ, რომ "ომიკრონის" გავრცელების შეჩერება შეუძლებელი იქნება, ამიტომ

სამხრეთ აფრიკასთან საზღვრები ჩაკეტა და სავალდებულო კარანტინი, აფრიკის 9 სახელმწიფოდან ყველა შემომსვლელისთვის გამოაცხადა. სხვა ქვეყნებიდან ჩასული პირები კი, ვალდებული არიან 72 საათიანი კარანტინი გაიარონ.

ასევე,"ომიკრონის" 13 შემთხვევა დაფიქსირდა ნიდერლანდებში. ვირუსი ქვეყანაში სამხრეთ აფრიკიდან შესულ მგზავრებს დაუდასტურდათ. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდისა და ახალი ვარიანტის, ევროპაში გამოჩენის გამო ქვეყანაში შეზღუდვები კიდევ უფრო მკაცრდება. მომდევნო სამი კვირის განმავლობაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, მათ შორის კაფეები, მუზეუმები და კინოთეატრები 17:00 საათზე დაიხურება.

ახალი შტამის გავრცელების გამო შეზღუდვები წესდება გაერთიანებულ სამეფოშიც. მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომდევნო კვირიდან პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდება, ხოლო ახალი შტამის მქონე პირის კონტაქტებს 10-დღიან კარანტინში მოათავსებენ. ის პირები რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში ჩავლენ ვალდებულები იქნებიან PCR ტესტი ჩაიტარონ, უარყოფითი პასუხის მიღებამდე კი იზოლაციაში უნდა გადავიდნენ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×