თამთა ჩაჩანიძე
30.11.2021

ჯერჯერობით უცნობია დღეს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ვაქცინებიდან კორონავირუსის ახალი, „ომიკრონ" შტამის წინააღმდეგ რომელია უფრო ეფექტური, თუმცა მსოფლიო გიგანტმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა ახალი ვაქცინის შემუშავება უკვე დაიწყეს. როგორც სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი ხარებავა „რეზონანსთან" აცხადებს, ეს ახალ შტამთან ნაკლებადაა დაკავშირებული. კომპანიები თეორიულ რისკებს ითვალისწინებენ და ამაზე ფიქრი ჯერ კიდევ დელტა შტამის აღმოჩენისას დაიწყეს.

კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული ვარიანტი პირველად 24 ნოემბერს დაფიქსირდა. ჯანმო-მ მას „შემაშფოთებელი ვარიანტის" კლასიფიკაცია მიანიჭა. ახალი ვარიანტი პირველადი დაკვირვებით, სწრაფად ვრცელდება და უკვე რამდენიმე ქვეყანაშია დაფიქსირებული, მის შესაჩერებლად კი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირის ქვეყნებმა, იაპონიამ და ისრაელმა სამოგზაურო შეზღუდვები დააწესა.

იმ შემთხვევისთვის, თუ არსებული ვაქცინები ახალი კორონავირუსის ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტური არ იქნება. მსოფლიო ფარმაცევტულმა კომპანიებმა - „პფაიზერ/ბიონტექმა", „მოდერნამ", „ჯონსონი და ჯონსონმა", ,„ნოვავაქსმა" - კორონავირუსის „ომიკრონ" ვარიანტზე მორგებულ ვაქცინებზე მუშაობა დაიწყეს.

როგორც „მოდერნას" აღმასრულებელი დირექტორი სტეფან ბანსელი აცხადებს, კომპანია მიიჩნევს, რომ „ომიკრონი" ბევრად უფრო გადამდებია, ვიდრე „დელტა", ხოლო მუტაციების მაღალი რაოდენობა ნიშნავს, რომ ყველა ვაქცინა ნაკლებად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს. ასევე აღნიშნა, რომ სამეცნიერო საზოგადოებას, სულ მცირე, ორი კვირა დასჭირდება, რათა უკეთ გაერკვეს ვაქცინის ეფექტურობის საკითხში და 2-დან 6 კვირამდე პერიოდი, რათა დაადგინოს, არის თუ არა „ომიკრონი" შტამი „დელტა" ვარიანტზე უფრო გადამდები.

როგორც სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი ხარებავა აღნიშნავს, ფარმაცევტული კომპანიების მიერ ახალი ვაქცინის შექმნაზე მუშაობის დაწყება „სუფთა წინასწარ თეორიულ გათვლაზე დამყარებული მოქმედებაა".

„დღეს არსებული ინფორმაციით, რეალურად ასეთი დასკვნის გაკეთება შეუძლებელია, თუ „ომიკრონის" წინააღმდეგ რომელი ვაქცინაა უფრო ეფექტური, რადგან ასეთი განაცხადის გაკეთებას საკმაოდ ხანგრძლივი კვლევები და სტატისიკური ანალიზის შეჯამება სჭირდება. თუმცა კომპანიები ამ მიმართულებით მუშაობენ, რომ ეს შეისწავლონ.

„ძირითადად საუბარია არა იმაზე, თუ რომელი უფრო ეფექტურია, არამედ ხომ არ ხდება ახალი შტამის მიერ ვაქცინისადმი რეზისტენტობის განვითარება. ანუ ეს ახალი ვარიანტი ვაქცინის მიმართ არამგძნობიარე ხომ არ არის.

„კომპანიებმა ახალი ვაქცინის შემუშავება რომ დაიწყეს, ეს „ომიკრონთან" დაკავშირებული ნაკლებადაა.ამაზე საუბარი დელტა შტამის აღმოჩენის დროსაც იყო, რომელიც სწრაფად გავრცელებადია. აქ სხვა მოიმენტია - კომპანიები იმ თეორიულ ფაქტს იაზრებენ, რომელიც ძალიან მაღალი ალბათობითაა მოსალოდნელი. რადგან ეს ვირუსი მუტირების სწრაფი ტემპებით ხასიათდება და ახალი შტამები ძალიან დიდი რაოდენობით წარმოიშვება, მათ შორის ის შტამები, რომლებსაც აქვთ მუტაციები ამ სპაიკ პროტეინში, რის მიმართაც ვაქცინები არის დადიზაინერებული, კომპანიები უკვე ხვდებიან იმ ფაქტს, რომ ადრე თუ გვიან იქნება ისეთი შტამები, რომლებსაც ექნება უნარი, რომ ვაქცინის მიერ წარმოქნილ ანტისხეულებს გაუძლოს და ვაქცინების მიმართ არამგძნობიარე იყვნენ.

„ასეთი შტამის თეორიული მოლოდინი არსებობს და არაა უშუალოდ „ომიკრონის" შემთხვევაში დადგენილი რაღაცა კონკრეტული ფაქტი, რომ ის რომელიმე ვაქცინის მიმართ მგრძნობიარე არაა. ეს სუფთა წინასწარ თეორიულ გათვლაზე დამყარებული მოქმედებაა.

„ომიკრონის" დიდი რაოდენობით გავრცელება უკვე საწყისი კერის გარეთ ხდება. ახალი შტამი უკვე დაფიქსირდა სხვადასხვა ქვეყნების აეროპორტებში და მსგავს ადგილებში. მაგრამ განსაკუთრებულად კონკრეტული სამეცნიერო ინფორმაცია, რომელიც ვაქცინის მგრძნობელობაზე მიუთითებს, ან მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ ამ შტამით ინფიციებული ადამიანის დაავადებას განსაკუთრებულად სხვა მიმდინარეობა გააჩნია, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს.

„ვფიქრობ, რომ აქაც პანიკის საფუძველი არაა და ესეც მორიგი შტამია. სულ რამდენიმე ვარიანტი იყო გახმაურებული და სინამდვილეში ამ ვირუსს ძალიან დიდი რაოდენობით შტამები აქვს წარმოქმნილი, რომლებიდანაც ბევრი საერთოდ გაჟღერებული არც იყო, რადგან უმნიშვნელოდ ჩაითვალა. იმედი მაქვს, რომ ეს შტამიც ასეთნაირად დაკვალიფიცირდება," - განაცხადა გიორგი ხარებავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×