ელზა პაპოშვილი
01.12.2021

თბილისში ტექნიკის მაღაზია iPlus-ის ერთ-ერთი ფილიალი გაქურდეს. მძარცველებმა დიდი რაოდენობის ტექნიკა წაიღეს. მაღაზიის გატეხვის კადრები სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

iPlus-ის თანამშრომლები ყვებიან, რომ მაღაზია ადრეც არაერთხელ გაქურდეს, ამიტომაც მათ სპეციალური ჟალუზები დააყენეს, თუმცა, მძარცველები რკინის საჭრელი მოწყობილებით აღჭურვილები მოვიდნენ და ტექნიკის გატანა მაინც მოახერხეს.  

ფაქტი დილის 6 საათზე მოხდა. როგორც სათვალთვალო კამერებში ჩანს, სავარაუდო დამნაშავეებმა მაღაზიის კარზე დამაგრებული სპეციალური მოწყობილობით გადაჭრეს. არ არის  გამორიცხული, რომ საქმე ორგანიზებულ დაჯგუფებასთან აქვთ, რადგანაც ისინი კარგად მომზადებულები იყვნენ და პროფესიონალურად მოქმედებდნენ. 

აიპლუსის წარმომადგენელი ყვება,  რომ წაღებულია დაახლოებით 10 მობილური ტელეფონი. მისივე თქმით, ჯერ ზარალი დათვლილი არ არის. 

"როგორც ყოველთვის გაიტანეს დაახლოებით 10 ცალი აიფონი. საჩვენებელი მოდელები რაც იყო დახლზე, ყველაფერი გაიტანეს. ეს დაახლოებით მე-10 შემთხვევაა ჩვენს მაღაზიაზე, მე რასაც შევსწრებივარ. ამისთვის დავამონტაჟეთ სპეციალური ჟალუზები, მაგრამ სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ამანაც ვერ დაგვიცვა", - ამბობს მაღაზიის მენეჯერი  ანა ხუჯაძე.   

მიმდებარე ტერიტორიაზე მაღაზიების უმეტესობას მსგავსი ჟალუზები აქვთ დამაგრებული, თუმცა, მაღაზიების მეპატრონეები ამბობენ, რომ მსგავსი ქურდობის ფაქტები თითქმის ყოველდღიურია. ისინი ეჭვობენ, რომ შესაძლოა ამ დანაშაულს არასრუწლოვნები სჩადიან, რომელთაც სრულწლოვანები ხელმძღვანელობენ  და მითითებებს აძლევს, რა უნდა გაქურდონ და როგორ.  

„მსგავსი ძარცვის ფაქტები არაერთია. ტექნიკის მაღაზიებს კარგად შენიღბული და მომზადებული ჯგუფები ტეხავენ. მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიებს ჟალუზები აქვთ გაკეთებული მათ ამის გაჭრა და მაღაზიაში შეღწევაც ისწავლეს. 

“თანაც კარგად იციან რა და როგორ უნდა წაიღონ. მაღაზიის  ძარცვას რამდენიმე წამში ახერხებენ. სანამ ადგილზე პოლიცია მივა, ისინი უკვე გაქცეულები არიან. 

“ქურდები ხშირ შემთხვევაში არასრუწლოვნები არიან. ეჭვი გვაქვს, რომ მათ უკან სრუწლოვნები დგანან, რომლებიც მათ ამის გაკეთებას ავალებენ. მაღაზიებს არჩევენ და შემდეგ მის გასაძარცვად უშვებენ. არ ვიცით რა უნდა ვქნათ. მაღაზიები ნამდვილად დიდ ზარალს იღებენ“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზიის მეპატრონე.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×