ელზა პაპოშვილი
20.12.2021

საქართველოში „ომიკრონის" 2 შემთხვევა დადასტურდა. ეპიდემიოლოგები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებ  მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოუწოდებენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახალ შტამს სწრაფად გადადება ახასიათებს და სხვა შტამებისგან განსხვავებით, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. 

ექიმები ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვაზე საუბრობენ. ასევე, მოსახლეობას რეგულაციების დაცვისა და იმუნიზაციისაკენ მოუწოდებენ, რათა ვირუსის უმტკივნეულოდ გადატანა მოხდეს. 

ახალი შტამის საქართველოში დაფიქისრების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე მიაწოდა. 

„ორივე საქართველოს მოქალაქეა, რომლებსაც მოგზაურობის ისტორია აქვთ აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, დუბაიში. ორივე იზოლირებულია. მიმდინარეობს 26 კონტაქტის კვლევა", - აღნიშნავს გამყრელიძე.   

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით კი, კორონავირუსის „ომიკრონის" შტამი სწრაფი გავრცელებით ხასიათდება.  

„არის მაღალკონტაგიოზური, ძალიან სწრაფად ვრცელდება. ამდენად, რა თქმა უნდა, უფრო მეტი იქნება ინფიცირებულების რაოდენობა. კარგია, რომ მონაცემებით, ჯერჯერობით, არის უფრო მსუბუქად მიმდინარე დაავადება, თუ ეს მართლაც ნამდვილად ასეა, მაგრამ რამდენად მსუბუქადაც მიმდინარე დაავადება არ უნდა იყოს, ხანში შესულებსა და ზოგიერთ ადამიანში შეიძლება, წავიდეს მძიმედ, რა თქმა უნდა, როდესაც ბევრი იქნება და მძიმე, ჰოსპიტალური სექტორი ისევ გადაიტვირთება", - განაცხადა მარინა ენდელაძემ. 

„ომიკრონი“ საქართველოში მასობრივად შემოვა და ძალიან ბევრ ადამიანს დაასნებოვნებს. ჯანდაცვის სისტემა მობილიზებული უნდა იყოს იმისთვის, რომ ინფიცირების მაჩვენებელი სერიოზული იქნება“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, დევი ტაბიძემ განაცხადა.

როგორც ტაბიძე განმარტავს, „ომიკრონის“ გავრცელება თერაპიული განყოფილებების შევსებას გამოიწვევს. „შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ „ომიკრონი“ საქართველოში მასობრივად შემოვა და ძალიან ბევრ ადამიანს დაასნებოვნებს.

„ომიკრონი“ ძალიან სწრაფად ვრცელდება. შესაძლოა, დაინფიცირდნენ როგორც აცრილი ადამიანები, ამასთან ის პირებიც, რომლებსაც გადატანილი აქვთ კორონავირუსი. აქ ვირუსის მიმდინარეობა მსუბუქი იქნება. ეს ევროპულ ქვეყნებში არსებული ვითარებით დასტურდება. ჩვენ ისე გადავალთ „მეექვსე ტალღაში", რომ ამას ვერც შევიგრძნობთ. „მეხუთე ტალღის" სიმძიმეა ის, რომ კლინიკების ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილებები გაივსო. „ომიკრონის“ მასობრივი შემოსვლა თერაპიული განყოფილებების შევსებას გამოიწვევს“, - აღნიშნავს ტაბიძე.

მისივე თქმით, „ბუსტერით“ აცრის შემდეგ დაავადების მიმდინარეობა და გართულებები შემსუბუქდება, „ძალიან ბევრს ექნება ჩვეულებრივი რესპირატორული დაავადების შეგრძნება“.

„მაქსიმალური დაცვა არის დამატებით ვაქცინაში, რასაც ე.წ. ბუსტერი ჰქვია. „ბუსტერით“ აცრის შემდეგ შემსუბუქდება დაავადების ხარისხი, კერძოდ, მისი გავრცელება, მიმდინარეობა და გართულებები. ძალიან ბევრს ექნება ჩვეულებრივი რესპირატორული დაავადების შეგრძნება, რომც არ გაიტესტოს, ჩვეულებრივად გადაიტანს ამ დაავადებას, ვერ იგრძნობს, თუმცა არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც სერიოზულად მძიმდება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჯანდაცვის სისტემა მობილიზებული უნდა იყოს იმისთვის, რომ ინფიცირების მაჩვენებელი სერიოზული იქნება“, - აღნიშნავს ტაბიძე მედიაცენტრ „მთავარში“.  

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი კი „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ ერთადერთი  გამოსავალი ამ ეტაპზე ახალი შტამის, „ომიკრონის“ სწრაფად გავრცელების თავიდან აცილებისა შეზღუდვების გამკაცრება და ვაქცინაციაა. ის მოსახლეობას „ბუსტერის“ დოზით აცრისკენ მოუწოდებს. 

„სამოქმედო გეგმას რაც შეეხება, რომელმაც ქვეყანაში ახალი შტამის სწრაფ გავრცელებას ხელი უნდა შეუშალოს, ესაა ვაქცინაცია, რომელიც საქართველოში, სამწუხაროდ, დაბალია და შეზღუდვების როგორც დაცვა, ასევე გამკაცრებაა. 

“პირველი, ესაა დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების მკაცრი კონტროლი და ყველა შეზღუდვის კონტროლი. ჩვენს ქვეყანაში 27%  ადამიანია აცრილი,  რაც ძალიან სავალალო სურათს მოგვცემს, რადგანაც „ომიკრონი“ ძალიან სწარაფად ვრცელდება, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ გადაცემის სისწრაფე არ მოხდეს. ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტი მაქსიმალურად უნდა შეუზღუდოთ. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც აცრის მაჩვენებელი 76% იყო, ყველაზე სწრაფად გავრცელდა. ამ შტამის წინააღმდეგ სიკვდილიანობა რომ ავიცილოთ, აუცილებელია, აცრილი ვიყოთ. ვინც ჩინური ვაქცინით არის აცრილი, ისინი „ფაიზერის“ „ბუსტერ“ დოზით უნდა აიცრან.   

2 დღის წინ კვლევები გამოქვეყნდა, რომ ჩინური ვაქცინა „ომიკრონთან“ ნულამდე არის დაცემული და ეფექტურობა საერთოდ არ აქვს. „ფაიზერი“ 40%-ით მაინც იცავს. დახურულ სივრცეში ძალიან უნდა ვიფრთხილოთ, რადგანაც გავრცელების არეალი ძალიან დიდია. 

სამხრეთ აფრიკამ  და დანიამ რაც აჩვენა, 20-30 წლამდე ახალგაზრდებს აავადებს. ასევე, 5-დან 10 წლამდე ბევრი ბავშვი დაავადდა. მიუხედავად დანიაში „ომიკრონის“ მზარდი გადადებისა, სიკვდილიანობა ნაკლები ჰქონდა, რადგანაც იქ მოსახლეობის 80% აცრილია, ამიტომაც ჩვენს მოსახლებას  ვთხოვ, რომ აიცრან. სხვა გამოსავალი არ არის“, - ამბობს „რეზონანსთან“ წერეთელი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×