
სისხლიანი გარჩევა და სროლა გარდაბანში - რუსთავი-გაჩიანის გზაზე ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს. საკუთარ ავტომობილში მჯდომ 37 წლის მამაკაცს გამვლელი ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნეს. მას 20-მდე ტყვია აქვს მოხვედრილი. დაჭრილი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, მათ გვიან ღამით ორჯერ გარკვეული ინტერვალით გასროლის ხმა გაიგონეს, ხოლო ქუჩაში გამოსულებმა მეზობელ სოფელში მცხოვრები მამაკაცი, ზედმეტსახელად „ფოლადა“ დაინახეს. მისი მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას აღარ დაელოდნენ და ავტომობილით რუსთავში საავადმყოფოში თავადვე გადაიყვანეს.
„თეთრი ფერის „რენჯ როვერი“ იყო გაჩერებული. მოულოდნელად დიდი სისწრაფით მას სხვა ავტომობილი მიუახლოვდა და ჩაწეული შუშიდან მძღოლი ჩაცხრილა. ჯერ დაახლოვებით 10-მდე გასროლის ხმა გავიგეთ, მერე სროლა რამდენიმე წამით გაჩერდა და მეორედ კვლავ 10-მდე გაისროლეს.
„სროლის შეწყვეტის შემდეგ გარეთ გამოვედით და ავტომობილში ჩახცრილული გვერდით სოფელში მცოხვრები მამაკაცი ვნახეთ. მას ზედმეტ სახელად „ფოლადას“ ეძახიან. მამამისი ტაქსის მძღოლად მუშაობს. სასწრაფო სამედიცინო დახმარება კი გამოვიძახეთ, მაგრამ იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, მეზობლებმა რუსთავის კლინიკაში მსუბუქი ავტომობილით წაიყვანეს.
„მთელი ღამის განმავლობაში პოლიცია მუშაობდა და გაქცეულებს ეძებდნენ. წარმოდგენა არ გვაქვს ვისთვის რა უნდა დაეშავებინა და რა გხადა ასეთი სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი“, - უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი.
დაჭრილის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა. რეანიმატოლოგ ირმა სულაქველიძის თქმით, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
„პაციენტი, 37 წლის, სტაციონარში მოყვანილი იქნა ახლობლების მიერ. აღენიშნებოდა თავის არეში თხემის მიდამოში დიდი ზომის ჭრილობა. თავის არეში არის ერთი ჭრილობა მიყენებული, სხეულზე სხვა დაზიანება არ აღენიშნებოდა, კონტაქტური არ იყო. დაწყებული იყო ანტიშოკური თერაპია, შედეგ ნეიროქირურგიული ჩარევა მოხდა.
„მდგომარეობა რჩება მძიმე, კრიტიკული. მკურნალობა უგრძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში,“ - განაცხადა ექიმმა.
დანაშაულის ჩადენის მოტივი უცნობია. დამნაშავე ადგილიდან მიიმალა და ამ დრომდე იძებნება. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.