თამთა ჩაჩანიძე
21.12.2021

ბოლო კვლევებით დასტურდება, რომ უკვე არსებული ვაქცინების ეფექტურობა მნიშვნელოვნად შემცირებულია და ორი დოზის შემდეგ „ომიკრონს" შეუძლია გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს. ქვეყანაში კი, სადაც ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი დაბალია, ახალი შტამი სწრაფად გავრცელდება, გაიზრდება ჰოსპიტალიზაცია და არაა გამორიცხული, რომ სიკვდილიანობაც გაიზარდოს. სპეციალისტები აღნიშნულ ფაქტებზე თანხმდებიან, თუმცა ბუნებრივ იმუნიტეტთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრების არიან. ნაწილი აცხადებს, რომ ვისაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს, არ გამოუმუშავდება ისეთი იმუნიტეტი, რომ „ომიკრონს" გაუმკლავდეს, ნაწილი კი პირიქით ფიქრობს.

ჯანდაცვის ექსპერტ ზაზა წერეთლის ინფორმაციით, გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ მონოკლონური ანტისხეულები, რაც „დელტას" დროს ძალიან წარმატებულია, „ომიკრონის" შემთხვევაში ვერაფერს აკეთებს - „ფაიზერის" და „მოდერნას" ეფექტიანობა კი 40%-მდე დაეცა. მისივე ინფორმაციით, ვინც ვირუსი გადაიტანა, თუმცა ვაქცინირებული არაა, მათთვის „ომიკრონის" შტამის შემთხვევაში კორონავირუსისგან დაცვის მაჩვენებელი მხოლოდ 5%-მდეა.

„ამდენი დაავადებული რომ იქნება, გაიზრდება ჰოსპიტალიზაცია და არაა გასაკვირი სიკვდილიანობაც გაიზარდოს. კანადელებმა გააკეთეს მოდელირება და აჩვენეს, რომ როდესაც ვირუსი 3-4-ჯერ სწრაფად ვრცელდება, 10-ჯერ სუსტიც რომ იყოს, ორი კვირის შემდეგ ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას იგივე ეფექტი აქვს, როგორც ძლიერ შტამს.

„თქვეს, რომ ორი დოზის შემდეგ „ომიკრონს" შეუძლია გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს - მაგალითად „ფაიზერის" და „მოდერნას" ეფექტიანობა 40%-მდე დაეცა დაინფიცირების თვალსაზრისით. ამავე დროს აჩვენეს, რომ 5%-მდეა დაცემული დაცვა, თუ გადატანილი გაქვთ „ბეტა" ან „დელტა" შტამი და აცრილი არ ხართ. „ომიკრონმა" აჩვენა, რომ ,იმ შემთხვევაშიცმ თუ ვირუსი გადაიტანეთ, მაინც უნდა აიცრათ",- განაცხადა ზაზა წერეთელმა „პალიტრანიუსთან".

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 37%-ია აცრილი, არა მხოლოდ „ომიკრონი", არამედ ყველა სხვა შტამი საშიში იქნება, რომელიც გამოჩნდება.

სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, გიორგი ხარებავა „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ „ომიკრონის" წინააღმდეგ ბრძოლაში არსებული ვაქცინების ეფექტურობა ბევრი მუტაციის გამო შედარებით დაბალია, თუმცა ეფექტი მაინც არსებობს და აცრის სამი დოზის შემთხვევაში, ორგანიზმი მეტ-ნაკლებად გაუმკლავდება. თუმცა ხარებავა არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ვისაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს, არ გამოუმუშავდება ისეთი იმუნიტეტი, რომ „ომიკრონს" გაუმკლავდეს.

„ამ შტამის შესახებ თავდაპირველი ინფორმაცია ზუსტად ის იყო, რომ მას ძალიან ბევრი მუტაცია გააჩნია ზუსტად იმ მონაკვეთში, რომლის წინააღმდეგაც ეს ვაქცინებია დადიზაინერებული. კერძოდ კი ის ცილა, რომლითაც ვირუსი უჯრედში ინერგება, მოდიფიცირებულია და ამის გამო ვაქცინებს აქვთ ნაკლები ეფექტურობა, რომ ამ ვირუსს მოეჭიდონ და იმუნური სისტემის სხვა უჯრედებს ნეიტრალიზაციისთვის, ან რეაქციის დასატრიგერებლად წარუდგინონ. ეს მუტაციები მრავლად, სადღაც 50-მდეა და აქედან დაახლოებით ნახევარი ზუსტად იმ ცილაშია, რომლის წინააღდეგაც ვაქცინებია. სწორედ ამითაა გამოწვეულია ის ფაქტი, რომ ამ ვაქცინებს „ომიკრონის" წინააღმდეგ ნაკლები ეფექტურობა აქვთ", - განაცხადა ხარებავამ.

კითხვაზე, ასეთ შემთხვევაში საკმარისია თუ არა აცრის სამი დოზა საკმარისი, რათა „ომიკრონს" ადამიანის ორგანიზმი მეტ-ნაკლებად გაუმკლავდეს, გიორგი ხარებავამ განაცხადა, რომ როცა ვაქცინის ეფექტურობა გარკვეული პროცენტი მაინც არის, მესამე დოზა ეფექტურობას გაზრდის.

„წინასწარ იმის თქმა ძნელია, თუ სამი დოზა საკმარისი რამდენად იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ ეფექტურობა არსებობს და ნულზე დასული არაა. თუ, დავუშათ, ვაქცინების ეფექტურობის ნახევარი დაიკარგა, შესაბამისად, მესამე დოზა გამოიწვევს იმას, რომ ამ ეფექტურობას რაღაც პროცენტით მაინც გაზრდის", - განაცხადა ხარებავამ „რეზონანსთან" საუბრისას.

მან „ომიკრონთან" ბრძოლაში ბუნებრივ იმუნიტეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ინფექცია ახალი გადატანილია, ეს ახალი შტამის წინააღმდეგ გაცილებით უკეთესად იმუშავებს, ვიდრე აცრის 2 დოზით მიღებული იმუნიტეტი.

„ზოგადად, ვისაც კორონავირუსული ინფექცია აქვს გადატანილი, მისი იმუნიტეტი შედარებით უფრო მოქნილი და ეფექტური უნდა იყოს ჩვეულებრივ ვაქცინებით მიღებულ იმუნიტეტთან შედარებით, თუმცა ესეც საკმაოდ განსხვავებული შეიძლება იყოს თითოეული შემთხვევის დროს.

„ინფექციის გადატანის დროსაც გააჩნია. ვისაც ინფექცია ბოლო პერიოდში აქვს გადატანილი, „ომიკრონის" შემთხვევაში მათი იმუნიტეტი გაცილებით უკთესად იმუშავებს, ვიდრე ჩვეულებრივად აცრით - ერთი, ან ორი დოზით მიღებული იმუნიტეტი, რადგან ნატურალური იმუნიტეტის დროს ანტისხეულის გამომუშავება მხოლოდ ერთი კონკრეტული ცილის მიმართ არ ხდება, ნატურალური იმუნიტეტი მუშავდება ვირუსის მრავალი სხვადასხვა ცილის და სხვადასხვა მონაკვეთის მიმართ. აქედან გამომდინარე, შეიძლება იყოს რამე მიზეზი, რომ ომიკრონის მუტაციებმა, რომლებიც სპაიკ პროტეინშია კონცენტრირებული, ამ იმუნიტეტის ეფექტურობა დასწიოს, მაგრამ ის სხვა ანტისხეულები, რომელიც ამ სპაიკ პროტეინის, ამ სამიზნე ცილის გარდა ვირუსს სხვა ზონებში ეჭიდებიან, ისინი არ შეიცვლებიან. ასე რომ, ფაქტიურად უნდა ველოდოთ, რომ ნატურალური იმუნიტეტი უფრო ეფექტური იქნება.

„როგორც მოსალოდნელია, „ომიკრონის" პატარა ტალღა შემდეგი რამოდენიმე კვირის განმავლობაში ნამდვილად იქნება. 70%-მდე იქნება ეს, 40%-მდე თუ 90%-მდე, ამასაც დრო გვიჩვენებს, აქაც გარკვეული ვარიაბელობაა. ბევრ ქვეყანაში მართლაც ელვისებურად გავრცელდა და ისეთ მაღალ ციფრებზე ავიდა, რომ სხვა შტამები ჩაანაცვლა და ჩვენ არ მგონია, რომ ამ მხრივ გამონაკლისი ვიყოთ", - განაცხადა ხარებავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×