რეზონანსი
22.12.2021

ოკუპირებულ სოხუმში სერიოზული ვნებათაღელვაა. ე.წ ოპოზიციამ რამდენიმე ათასი ადამიანი ქალაქის ცენტრში გამოიყვანა და დე ფაქტო ხელისუფლება კრიზისის შექმნაში დაადანაშაულა. მათ ასლან ბჟანიას ე.წ ხელისუფლებას პრეტენზიები წაუყენეს კორონავირუსთან ბრძოლის არაეფექტურობის, ენერგოსისტემის დაქცევის, ჩინოვნიკური აპარატის გაფართოებისა და რუსეთზე რესურსების მიყიდვის გამო. როგორც „ეხო კავკაზა“ იუწყება, აქციაზე ერთ-ერთ მთავარი ლოზუნგი იყო „ჩვენ არ მოგცემთ აფხაზეთის გაყიდვის უფლებას“, ასევე ჩანდა ტრანსპარანტები სიტყვებით: „ბოდიში მოიხადე და წადი“, „ხალხს შენი არ სჯერა, ხალხი ტყუილებისგან დაიღალა“, „მოგვეცით დენი და წყალი“. 

 როგორც ირკვევა, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მომიტინგეებთან გასვლაზე უარი თქვა, რის შემდეგად ისინი სამთავრობო შენობებისკენ დაიძრნენ, იქ კი  სამართალდამცველებთან შეტაკებები მოხდა. ადგილზე ისმოდა გასროლის ხმები და იყო დაპირისპირების მცდელობები. მოგვიანებით,  ბჟანიამ განცხადება გაავრცელა, მან მადლობა გადაუხადა აფხაზ ე.წ სამართალდამცველებს იმისთვის, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა „მოვლენების უარესი განვითარებისგან“ დაიცვეს. როგორც ჩანს, ის აგრძელებს ხისტ პოზიციაზე ყოფნას და მოლაპარაკებებზე წასვლას არ აპირებს, თუმცა არც ოპოზიციის წარმომადგენლები აპირებენ გაჩერებას. აქციის ბოლოს მათ რეზოლუცია გაახმოვანეს, რომლის მიხედვითაც მათ სურთ ხელისუფლებაში მყოფი ასლან ბჟანია მართვას ჩამოაშორონ.

 „ეხო კავკაზა“-სთვის მიცემულ განმარტებაში, „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ და ე.წ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა აცხადებს, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს აფხაზეთს მართავენ, არ იციან რა არის სუვერენიტეტი და როგორ უნდა უხელმძღვანელონ დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ის ამბობს, რომ ისინი მუდამ ვიღაცის მფარველობის ქვეშ მიილტვიან. რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომ საუბარია კრემლზე, რომელიც სრულ კონტროლს ახორციელებს როგორც ოკუპირებული რესპუბლიკის რესურსებზე, ისევე ხელისუფლებაზე. პარტია „აფსნის“ ლიდერი ვიტალი გაბნია კი აცხადებს, რომ „ხელისუფლება ანგრევს ხალხის სულისკვეთებას, როცა მუდმივად არწმუნებს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებლად ცხოვრებას და განვითარებას ვერ შეძლებს“. ადამიანი, რომელთან საუბარსაც, როგორც ჩანს, ბჟანია ყველაზე მეტად გაურბის, ეს მოძრაობა „აიდგილარას“ ლიდერი კან კვარჩიაა. ის აცხადებს, რომ ხელისუფლებამ აფხაზეთის ენერგეტიკა კატასტროფამდე მიიყვანა, ხოლო პრობლემების გადაწყვეტის მაგივრად, ეს სფერო უცხოელ ინვესტორებს გადასცა. ახლა კი დე ფაქტო აფხაზეთს საგარეო ვალი 3 მილიარდ რუბლამდე გაეზარდა. ეს მუდმივი პროცესია, რაც იმას ნიშნავს, რომ კრემლი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი ბიუჯეტის დოტაციაზე მყოფი დე ფაქტო აფხაზეთი კიდევ უფრო მეტად დაამონოს და ხალხს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს. 

 აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, კრემლმა ოკუპირებულ აფხაზეთში თავისი გავლენების გასაძლიერებლად კრემლის ერთ-ერთი იდეოლოგის, ვლადისლავ სურკოვის ყოფილი თანაშემწე ინალ არძინბა მიავლინა. სოხუმში გაზრდილი და მოსკოვში კარიერული წინსვლით გამორჩეული არძინბა ახლა დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ის 2014-2018 წლებში მუშაობდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სადაც ასევე იკავებდა დსთ-ის საკითხებში მთავარი მრჩევლის თანამდებობას. „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, უკრაინის პროკურატურა მას „ადანაშაულებს სახელმწიფო საზღვრის შეცვლის მომზადებასა და ოდესის ოლქის ტერიტორიაზე სეპარატისტული წარმონაქმნის, „ბესარაბიის სახალხო რესპუბლიკის“ შექმნის მცდელობაში“.

 როგორც ჩანს, დე ფაქტო აფხაზეთში ახლა ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რაც რუსეთს სურს, აფხაზი ხალხის „დამოუკიდებლობის“ სურვილი კი არავის აინტერესებს. მით უფრო, რომ ადამიანი, რომელსაც მომავალ დე ფაქტო პრეზიდენტობას უწინასწარმეტყველებენ ამბობს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს. თუ რას ნიშნავს ეს „განმტკიცება“ აბსოლუტურად გასაგები უნდა იყოს, მით უფრო სოხუმის ცენტრში მდგარი მომიტინგეებისთვის, რომლებიც დღესაც კი „დენს და წყალს“ ითხოვენ.  

ლეილა კაშია

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×