თამთა ჩაჩანიძე
14.01.2022

ომიკრონითა და დელტა შტამებით გამოწვეული მეექვსე ტალღის დადებითობის მაჩვენებელი თანდათან უარესდება, სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოში კორონავირუსით მესამედ ინფიცირების ერთეული შემთხვევებია, მაგრამ სამხრეთაფრიკული ვარიანტის დომინანტად გახდომის შემთხვევაში, მათი რიცხვი მოიმატებს, თუმცა ახალი კვლევის თანახმად, ომიკრონს, წინამორბედ შტამებთან შედარებით, ლეტალობის (სიკვდილიანობის) მაჩვენებელი 91%-ით ნაკლები აქვს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 ადამიანი, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 984 802 შემთხვევაა დადასტურებული. სულ გარდაცვლილია 14 395 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,16%-ია. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 6 864-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 596 549 აცრა გაკეთდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 1096 შემთხვევა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით მესამედ ინფიცირების ერთეული შემთხვევები უკვე დაფიქსირდა, რაც ომიკრონის დომინანტად გახდომის შემთხვევაში უფრო მოიმატებს.

„ასეთი შემთხვევები იშვიათად, მაგრამ არის. ერთეული შემთხვევებია საქართველოში. მაგრამ ომიკრონის დომინანტად გახდომის შემთხვევაში კიდევ უფრო მოიმატებს. ომიკრონისთვის მესამე ინფიცირება დამახასიათებელია. ასე რომ, ორჯერ გადატანილებიც კი 100%-ით დაცულები არ არიან. პირობითია დაასრულებს თუ არა „ომიკრონი" პანდემიას. თუ მანამდე არ გამოჩნდა ახალი შტამი, რომელიც უფრო ან ნაკლებად უარესი შეიძლება იყოს, მაშინ შეიძლება, დაასრულოს.

ეს ღმერთის გარდა არავინ იცის. სად განიცდის ვირუსი მუტაციას და როდის. თუ ახალი, სერიოზული მუტაცია არ გამოჩნდა, ომიკრონმა შეიძლება დაასრულოს პანდემია. მაღალი გადადებობის გამო მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობა გახდება ავად, შესაძლოა 60-80% და შეიქმნას ის ავად თუ კეთილად სახსენებელი „ჯოგური იმუნიტეტი" - პოპულაციური საზოგადოებრივი იმუნიტეტი, რომლის შემდეგაც შემთხვევები იქნება, მაგრამ ერთეული. ამით პანდემია დასრულდება. დიდი იმედი მაქვს, ასეც მოხდება", - განაცხადა ცერცვაძემ „პალიტრანიუსთან".

მისი თქმით, ტესტებს ომიკრონის გამოვლენა უჭირს, და თუ ადამიანებს კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდებათ, მაგრამ ტესტები დადებით პასუხს არ აჩვენებს, მოიქცნენ ისე, როგორც კოვიდდადებითები და დარჩნენ იზოლაციაში.

ალერგიოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კი სოციალურ ქსელში წერს, რომ კალიფორინიის კვლევის თანახმნად, ომიკრონი 91%-ით ნაკლებად კლავს დაავადებულს.

„CDC -ის დაფინანსებით ჩატარებული კალიფორნიული კვლევა აჩვენებს, რომ ომიკრონი დელტასთან შედარებით 91% ნაკლებად კლავს დაავადებულს!"- წერს „ფეისბუქზე" კულუმბეგოვი.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ჰოსპიტალური სექტორის მობილიზება მოსალოდნელი რთული ეპიდსიტუაციის სამართავად აუცილებელია, რადგან ომიკრონი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მისი წინამორბედი ვარიანტები. ინფიცირების მატება არის, როგორც ზრდასრული ასაკის ადამიანებში, ისე მცირეწლოვნებში.

ექიმების თქმით, ომიკრონი მსოფლიოში მილიონობით ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევას იწვევს. ვირუსი უდასტურდებათ, როგორც აცრილ, ისე აუცრელ ადამიანებს. მათივე განცხადებით, პირბადეების ტარება, დისტანციის დაცვა და ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×