ელზა პაპოშვილი
27.05.2022

შეიარაღებული თავდასხმა ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზე - განგსტერული თავდასხმა ორ ახალგაზრდაზე მოხდა. ახალგაზრდებს, რომლებიც მერსედესის ავტომობილში სხდებოდნენ, თავს ორი ადამიანი დაესხა. ისინი მოტოციკლით და ნიღბებით გადაადგილდებოდნენ და ახალგაზრდებს ცეცხლსასროლი იარაღიდან 15-მდე ტყვია ესროლეს. ახალგაზრდები მხოლოდ იმიტომ გადარჩნენ, რომ მათ ავტომობილში ჩასხდომა მოასწრეს. თუმცა ჭრილობები ერთს ბარძაყის, ხოლო მეორეს წვივის არეში აქვს. დაჭრილებს პირველადი დახმარება გამვლელებმა აღმოუჩინეს. ადგილზე ერთ-ერთი გამვლელი ექიმი აღმოჩნდა, რომელმაც ბარძაყში დაჭრილ ახალგაზრდას  სისხლდენა შეუჩერა. სავარაუდოდ, მისი მდგომარეობა უფრო მძიმე იყო. მეორე დაჭრილი კი საუბარს და ხალხთან კომუნიკაციას  ახერხებდა. ადგილობრივებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და ისინი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. 

ერთ-ერთი დაჭრილი, რომელიც შედარებით მსუბუქად იყო, ყავარჯნების დახმარებით ვაკის პოლიციაში უკვე დაკითხვაზე გადაიყვანეს. მეორის  მდგომარეობა, მედიკოსების ინფრომაციით, დამაკმაყოფილებელია. „რეზონანსს“ წყარო უყვება, რომ აღნიშნული თავდასხმა რამოდენიმე დღის წინ წყნეთში დაწყებულ დაპირისპირებას უკავშირდება. სავარაუდოდ, ესაა შურისძიება. მანამდე წყნეთში ერთ-ერთ ახალგაზრდას ჩაქუჩით თითები დაუზიანეს და საქმე ასევე  ე.წ. ქუჩურ გარჩევას უკავშირდება. სავარაუდოდ, ეს ორი ახალგაზრდა ამ საქმის ფიგრურანტები უნდა იყვნენ. 

ასევე გუშინ, კვლავ ქალაქის ცენტრში სროლა იყო, რომელიც შესაძლოა ისევ ამ დაჭრას უკავშირდებოდეს. პოლიციას ბრალდებულები, სავარაუდოდ,  იდენტიფიცირებული ჰყავს და მათ დასაკავებლად საგამოძიებო ღონისძიებას აწარმოებს. დაჭრილების ვინაობას გამოცემა შეგნებულად არ ასახელებს, რადგანაც მათი ოჯახის ზოგიერთმა წევრმა მომხდარის შესახებ არ იცის. ერთ-ერთი ახალგაზრდის დედა საზღვარგარეთ  იმყოფება, ამიტომაც ვინაობის დასახელებისგან თავს ვიკავებთ.  

„ბიჭები ავტომობილში ჩასხდომას აპირებდნენ, როცა დიდი  სისწრაფით  მოტოციკლი მიუახლოვდა. მათ ორმა ნიღბიანმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. ბიჭებმა მანქანაში ჩაჯდომა მოასწრეს, თუმცა ფეხებში მაინც მოხვდათ. მთელი ავტომობილი დაცხრილეს. ბეწვზე გადარჩნენ, რომ ავტომობილთან ახლოს იყვნენ. ერთი ბარძაყის არეში იყო დაჭრილი, მეორე კი უფრო დაბლა და მსუბუქად. ბარძაყში დაჭრილს სისხლი სდიოდა. ერთ-ერთი გამვლელი ექიმი აღმოჩნდა და ფეხზე ქამარი მან გადაუჭირა, რომ სისხლი შეეჩერებინა. მეორე, რომელიც მსუბუქად იყო დაჭრილი, საუბრობდა კიდევაც. გამვლელები ბეწვზე არიან გადარჩენილები, რომ ბრმა ტყვია ვინმეს არ მოხვდა. თავდამსხმელებმა ტერიტორია დიდი სისწრაფით დატოვეს. როგორც ამბობენ, საქმე ქუჩურ გარჩევას და შურისძიებას უკავშირდება,“ - უყვება გამოცემას ერთ-ერთი ვითმხილველი.                  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×