რატომ აღმოჩნდა პრუსიული აჩრდილის ტყვეობაში სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარი
მამუკა ნაცვალაძე
03.07.2022

ვენის, ვატიკანის, რომისა და ვენეციის არქივებში დაცული ქართული და უცხოური წყაროების მიხედვით საქართველოს მეთვრამეტე საუკუნის ისტორიის რეკონსტრუირებამ და ერეკლე მეორის ეპოქის ფუნდამენტალურმა შესწავლამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ქართლ-კახეთის მეფე საკმაოდ კარგად იცნობს თავისი ეპოქის საერთაშორისო მოვლენებს, დაწვრილებით ერკვევა იმ მსოფლიო ისტორიული პროცესის არსში, რაც ფაქტობრივად განსაზღვრავს ნებისმიერი ქვეყნის განვითარების ტენდენციებს. შესაბამისად, ერეკლე ცდილობს ამ პროცესების გათვალისწინებით დასაპყრობად განწირული მცირე სახელმწიფო ერთიანი კავკასიური სახელმწიფოს საფუძვლად, შესაბამისად, ევროპის საერთაშორისო სისტემის ნაწილად აქციოს და მაქსიმალურად გამოიყენოს კავკასიის გეოსტრატეგიული უპირატესობა.

ერეკლე მეორისათვის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის თვალსაზრისით სამოქმედო სახელმძღვანელოდ ყალიბდება ბებერი კონტინენტისათვის გარდამტეხი მომენტი, შვიდწლიანი ომის შედეგად მიღებული ევროპის ახალი რეალობა, ინგლისური დომინანტის დამკვიდრება და მასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი პროცესები. 

გამორჩეული ფაქტი, რამაც კარდინალური ცვლილება შეიტანა კავკასიის განვითარების თვალსაზრისით 1762 წელს, შვიდწლიანი ომისას, რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებული ბერლინის ნებაყოფლობით დატოვება გახლდათ. დღემდე ამოუხსნელი ამ უცნაური მოვლენიდან იწყება რუსეთის იმპერიის საგარეო პოლიტიკის ვექტორის შემოტრიალება აღმოსავლეთისაკენ, რამაც ფაქტობრივად განსაზღვრა საქართველოსა და კავკასიის ისტორიის შემდგომი ტენდენციები და ერეკლე მეორეს საკუთარი მიზნების განხორციელების რეალური შანსი მისცა.

როგორ აღმოჩნდა ანტიოსმალური კამპანიის რეინკარნაცია პრუსიის სახელმწიფოს გადარჩენის ერთადერთი გზა

1762 წელს ბერლინის გათავისუფლების გზების ძიებისას ისახება ევროპისა და კონკრეტულად, პრუსიის უსაფრთხოების ახალი სისტემური მოდელის დეტალები - ფრიდრიხ მეორის კონცეფციის მთავარი ღერძი სრულიად ევროპის ერთიან პოლიტიკურ ინტერესზე უნდა მოიქარგოს, ამიტომაც კონკრეტული, ცალსახა პასუხი უნდა გაეცეს კითხვას -  რა აღელვებს სრულიად ევროპას მეტ-ნაკლებად ერთნაირი ხარისხით, პოლიტიკური და გეოსტრატეგიული თვალსაზისით? 

ეს არ არის რთული კითხვა - ცალსახა პასუხი აქვს ყველას - ეს სამ კონტინენტზე გადაჭიმული ოსმალეთის იმპერია, რომელმაც ევროპული ლაშქრობებით ორგზის ააფორიაქა ევროპა და რომ არა პოლონეთის მეფის  იან სობესკის სიმამაცე და თავდადება, ევროპის ისლამიზაცია გარდაუვალი იქნებოდა. 

სწორედ ამიტომ, ფრიდრიხ მეორის კონცეფციის მთავარი სტრატეგია ანტიოსმალური განწყობით უნდა იყოს გაჯერებული. ეს ანტიოსმალური განწყობა აერთიანებს სრულიად ევროპას.

კონცეფტუალური სტრატეგია განსაზღვრულია, ახლა მთავარი ამოცანაა, როგორ უნდა აღსრულდეს ეს იდეა. უმნიშვნელოვანესი დეტალია - ფრიდრიხ მეორეს რუხი კარდინალის როლში ყოფნა ხიბლავს, აქ არ უნდა იყოს სააშკარაოდ გამოტანილი პრუსიის ინტერესები, შესაბამისად, ამ კონცეფციის უშუალო მონაწილედ და განმახორციელებელად პრუსია კატეგორიულად უნდა გამოირიცხოს - ის ინკოგნიტოდ უნდა დარჩეს.

რატომ დაიწუნა სასიძოდ ფრიდრიხ დიდმა რუსეთის მომავალი იმპერატორი

ფრიდრიხ მეორის მხრიდან რუსეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებში რუხი კარდინალის როლის სურვილი საკმაოდ კარგად ჩანს ჯერ კიდევ XVIII ს-ის 40-იანი წლებიდან, როცა იმპერატორი ელიზავეტა თავისი ძმიშვილისთვის რუსეთის მომავალი იმპერატორის, პეტრე მესამისთვის საცოლეს არჩევს. გერმანია ტრადიციულად ამარაგებს სხვადასხვა სამეფო კარს საპატარძლოებით, ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარისთვის სასურველი არჩევანი გერმანელ საპატარძლოზე შეჩერდა, ამის საწინააღმდეგო ფრიდრიხს არაფერი აქვს, უბრალოდ ძალიან უცნაურად გამოიყურება ის ფაქტი, რომ პრუსიის მეფე კატეგორიულად გამორიცხავს საკუთარი დებიდან რომელიმე გახდეს რუსეთის მომავალი იმპერატორის მეუღლე, მაშინ როცა სოფია ფრედერიკა ავგუსტა ფონ ანჰალტ-ცერბსტერი, შემდგომში ეკატერინა მეორე,  რუსეთს დედოფლის რანგში მისთვის ყოველმხრივ მისაღები და სასურველი კანდიდატურაა.

ბუნებრივია, ფრიდრიხისათვის საკუთარი დების მეშვეობით გერმანული ინტერესების გატარება უფრო იოლია, თუმცა, ამ იოლ ვარიანტზე პრუსიის მეფე კატეგორიულად უარს აცხადებს. სწორედ ეს ბადებს ეჭვს, სწორედ ეს ფსიქოლოგიური განწყობები გვიბიძგებს ვიფიქროთ, რომ მისთვის ინსპირაციაა მთავარი და სწორედ ამ ინსპირაციის სურვილი ხსნის ფრიდრიხის რუხი კარდინალობის მოტივაციებს.

ცალსახაა, რომ ინსპირაციისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია  წინა პლანზე წამოიწიოს მისი უმთავრესი მოწინააღმდეგე - ავსტრია, რომლის იმპერატორიც ამავდრულად გახლდათ გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერატორი. ავსტრია უნდა იყოს ამ კონცეფციის მთავარი ფიგურანტი - ინსპირაციისათვის ეს უმთავრესი პირობაა. ავსტრიის ჩართვა ამ პროექტში და მისი გააქტიურება საკმაოდ იოლია, რამდენადაც ავსტრიის იმპერია ყველაზე მწვავედ განიცდის ოტომანთა აგრესიას, რამდენადაც ის უშუალოდ ემიჯნება ოსმალეთის იმპერიას და ამ უკანასკნელის სურვილი გააფართოვოს ევროპული სამფლობელოები პირდაპირ, უშუალოდ ავსტრიის ტერიტორიების, კონკრეულ შემთხვევაში, ბალკანეთის დაპყრობას ნიშნავს, თუმცა, პრაქტიკამ ორგზის ისიც აჩვენა, რომ ოსმალეთი არ სჯერდება მხოლოდ ბალკანეთს და თავად ვენის აღების სურვილიც გააჩნია.

ამ პრიზმაში კიდევ უფრო მომხივბლელია ავსტრიის საიმპერატორო კარისთვის იდეა რუსეთთან ერთად გაინაწილოს ოსმალეთის იმპერია.

როგორ მოისყდა ფრიდრიხ დიდმა შვიდწლიანი ომისას სანქტ-პეტერბურგი

სწორედ ამ დახლართულმა სქემებმა განაპირობა, რომ პეტრე მესამის აღსაყდრების შემდეგ ბერლინიდან გაჰყავთ რუსებს ჯარი. ისტორიოგრაფიაში ეს ფაქტი ახსნილია საკმაოდ მარტივად - პეტრე მესამე თავად გახლავთ წარმოშობით გერმანელი, დიდი მოტრფიალეა ფრიდრიხ მეორის და სწორედ ამ სიმპათიებმა განაპირობა მისი ესოდენ უჩვეული გადაწყვეტილება. 

ვფიქრობთ, მხოლოდ პეტრეს კეთილგანწობა არ უნდა იყოს ამგვარი უცნაური გადაწყვეტილების მიზეზი. ჩვენ შევისწავლეთ პრუსიისა და რუსეთის 1762 და 1764 წლების ტრაქტატები, საიდანაც კარგად ჩანს რუსეთთან ურთიერთობას როგორ აგვარებს პრუსია ფულით. კერძოდ, 1762 წლის 8 ივნისს რუსეთსა და პრუსიას შორის სანქტ-პეტერბურგში დადებული ხელშეკრულების პირველი სეპარატული არტიკულით პრუსია ვალდებულებას იღებს რუსეთს გადაუხადოს წლიურად 600 ათასი რუბლი, თუკი ის დაიწყებს ომს ოსმალეთის იმპერიასთან. სეპარატულ არტიკულს ხელს აწერენ რუსეთის მხრიდან გრაფი მიხაილ ვორონცოვი, პრუსიის მხრიდან ბერნგარდი - ვილჰელმი ბარონ ჰოლცი.

ერთგვარი კორექტივია შეტანილი 1764 წლის ხელშეკრულებაში. 1764 წლის 31 მარტის რუსეთ პრუსიის ხელშეკრულებას, რომელიც ასევე სანქტ-პეტერბურგში დაიდო, თან ერთვის პირველი საიდუმლო არტიკული, სადაც გადაისინჯა ორი წლის წინ პრუსიის მეფის მიერ ნაკისრი ვალდებულება და დაზუსტდა, რომ პრუსია რუსეთს გადაუხდის არა 600 ათას რუბლს, როგორც ეს 1762 წლის ხელშეკრულების საიდუმლო არტიკულითაა გათვალისწინებული, არამედ 400 ათას რუბლს ყოველწლიურად, ოსმალეთთან საომარი მოქმედებებისათვის. აქვე გათვალისწინებულია ამ თანხის გადახდის კონკრეტული პირობები - ყოველ სამ თვეში პრუსიამ უნდა გადაიხადოს 100 ათასი რუბლი. 

ამ საიდუმლო არტიკულს ხელს აწერენ რუსეთის მხრიდან ნიკიტა პანინი და ალექსანდრ გოლიცინი, პრუსიის მხრიდან სოლმსი. სამივე ხელმოწერა დადასტურებულია შესაბამისი ბეჭდით. 

ზემოაღნიშნული დოკუმენტები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ბერლინის დატოვებისას რუსეთის საიმპერატორო კარისთვის ფრიდრიხს სოლიდური თანხა უნდა შეეთავაზებინა, რისი ოფიციალური დოკუმენტიც, ბუნებრივია, არ გაფორმდა, რამდენადაც ეს იყო ერთჯერადი გარიგება - ქრთამი, შემდგომში კი ამ ურთიერთობამ, ფინანსურმა გარიგებამ, ოფიციალური, საიდუმლო ფორმა მიიღო, რამდენადაც აქ უკვე მრავალჯერად, სისტემურ ვალდებულებებთან გვაქვს საქმე. 

აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რუსეთის იმპერატორის კეთილგანწყობა მხოლოდ შირმაა რუსეთის არმიის მიერ ბერლინის დატოვებისას ფინანსური გარიგების შესაფუთად. 

აქ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია საგულისხმო. რუსეთის იმპერატორის უჩვეულო გადაწყვეტილებას მოსდევს სულ მალე სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარის გადატრიალება, რომლის შედეგადაც კლავენ პეტრე მესამეს და ტახტზე ადის მისი მეუღლე, წარმოშობით გერმანელი სოფია ფრედერიკა ავგუსტა ფონ ანჰალტ-ცერბსტერი, შემდგომში ეკატერინა მეორე. 

იყო თუ არა  რუსეთის საიმპერატორო კარის 1762 წლის გადატრიალების ინიციატორი ფრიდრიხ დიდი

რუსულ პუბლიცისტიკაში არის მოსაზრება, რომ ამ გადატრიალების უკან იდგა ფრიდრიხ დიდი. ეს ჩვენი კვლევის საგანი არაა, და შესაბამისად ამ საკითხზე არ შევჩერდებით დეტალურად, თუმცა, ვფიქრობთ, ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, გამომდინარე იქიდან, რომ პეტრე მესამე ფრიდრიხისათვის შვიდწლიანი ომის შემდეგ რუსეთის ტახტზე არასასურველი ფიგურაა.

თითქოს პარადოქსია - პეტრე მესამე, რომელმაც ფაქტობრივად ფიზიკური არსებობის შენარჩუნების საშუალება მისცა ფრიდრიხს, რომლის უცნაურმა და უპრეცედენტო გადაწყვეტილებამ იხსნა პრუსიის სამეფო განადგურებისაგან, მიუღებელი ხდება ფრიდრიხ მეორსთვის. 

ბუნებრივია, ამ პარადოქსს ახსნა უნდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფრიდრიხს რაც შეეძლო მიეღო პეტრე მესამესგან, მაქსიმალურ შედეგს მიაღწია. სწორედ ამ გადაწყვეტილებისა, თუ გარიგების გამო ხდება მიუღებელი სრულიად რუსეთისათვის ახალი იმპერატორი, რამდენადაც ის შემდგომი გეგმებისათვის აღარ გამოდგება. მიზეზი მარტივია - დაპყრობილი ევროპის დათმობა არ აპატია რუსეთმა იმპერატორს, შესაბამისად საკმაოდ აგრესიული დამოკიდებულებაა მის მიმართ მთელს იმპერიაში. ბუნებრივია, ამ ფონზე რუსეთის თვალში დისკრედიტირებული პეტრე ვერ გამოდგება ფრიდრიხის მოკავშირედ და მითუმეტეს სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმისათვის, რამდენადაც პეტრეს მეშვეობით ფრიდრიხისთვის სასურველი რაიმე იდეის ქადაგება წინასწარ განწირულია დისკრედიტაციისათვის. აქ პედანტურად მუშაობს შექსპირისეული ფორმულა „მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრი უნდა წავიდეს...“.

რატომ გადის ევროპის „გზა ხსნისა“ მხოლოდ კავკასიაზე 

ფრიდრიხისათვის უმნიშვნელოვანესია შეიქმნას ის სისტემური მოდელი, რამაც ფაქტობრივად უნდა გამორიცხოს ევროპაში რუსეთის შემდგომი აგრესია. 

1762 წელს პეტრე მესამის მიერ ბერლინის დატოვება მხოლოდ ფინანსური დაინტერესების შედეგი არ ყოფილა. მას კონკრეტული იდეა უმაგრებს ზურგს. ეს ანტიოსმალური კომპანიაა. სწორედ ასეთ ფონზე ჩნდება კონცეფცია - ევროპის ანტიოსმალურ კამპანიას სათავეში ჩაუდგეს რუსეთი. ბუნებრივია თავად რუსეთიც უნდა დარწმუნდეს, რომ ევროპის მიმართულებით აგრესიას გაცილებით სჯობს თურქული ვარიანტი. 

ფრიდრიხ დიდი გენიალობა სწორედ აქ ჩნდება - ის გზა, რასაც რუსეთს ფინანსური გარიგების მიღმა სთავაზობს, ევროპის ყველა სახელმწიფოს აწყობს. ეს არის გზა აღმოსავლეთისკენ. საბოლოო პუნქტი კონსტანტინეპოლია, ასევე ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები. მათ დასაპყრობად უმნიშვნელოვანესია ევროპაში ისეთი აღიარებული პრინცის (პრინცის და არა მეფის!!!) მხარდაჭერა, როგორიც ერეკლე მეორეა...

და აქ ყალიბდება კიდევ ერთი ევროპული სტერეოტიპი - ერეკლე მეორემ უნდა იხსნას ევროპა... ევროპის გზა ხსნისა მხოლოდ კავკასიაზე გადის... 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×