ელზა პაპოშვილი
06.07.2022

საბერძნეთში ე.წ. კანონიერი ქურდი 72 წლის კაკო ბილანიშვილი 13-კაციან ჯგუფთან ერთად დააკავეს. ისინი ამ ეტაპზე წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალის წარდეგნის მოლოდინში არიან. ქართული კრიმინალური დაჯგუფების ლიდერს და მის წევრებს ციხეში 15 წლის გატარება ემუქრება. ბერძნული მედია იტყობინება, რომ ბილანიშვილი და მისი ჯგუფი ქალაქ ატიკაში დააკავეს. ისინი  ასობით ბინის ძარცვაში არიან ეჭვმიტანილები. 

ბერძნულმა პოლიციამ სპეცოპერეცია სახელად „კანონიერი ქურდის“ ჩატარების შედეგად დააკავა: 31 წლის ლიკა ბეჟანიშვილი,  33 წლის ბექა ბალახაძე, 30 წლის მიხეილ შანყულაშვილი, 26 წლის ზაზა თევზაძე, 27 წლის ჯემალ ლეჟავა, 38 წლის დავით რუბაშვილი, 32 წლის ლაშა ჯიმშიტაშვილი, 41 წლის რაშიდ მაჰმუდი, 38 წლის შალვა კუხიანიძე, 31 წლის გიორგი ჯვარშეიშვილი, 41 წლის დავით ბარძიმაძე, 31 წლის ოთარ თხელიძე.  

ბერძნული მედია  დაკავებულთა ფოტოებს აქვეყნებს და დანაშაულის დეტალებზე წერს. 10 მისამართზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ბერძნებმა სამართალდამცველებმა ძვირფასეულობა, დიდი ოდენობით ფული და ავტომობილები ამოიღეს. ასევე ამოღებულია კანონიერი ქურდის კუთვნილი კასტეტი და რამდენიმე ხელჯოხი, რომელიც ბასრი იარაღის ფუნქციას ასრულებს. საერთო ჯამში, ნაძარცვი ნივთების ღირებულება 434 ათას ევროს აჭარბებს.

ჩხრეკისას ამოღებულ ნივთებს შორისაა ადგილობრივი პოლიცილების სახელზე გაფორმებული რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი, რაც აჩენს ეჭვს, რომ ქართველების დაჯგუფებამ სამართალდამცველების სახლებიც გაძარცვა.

სულ დადგენილია ძარცვის 47-მდე შემთხვევა. ნაძარცვი ნივთების რეალიზაცია კი, ძირითადად, ათენში მდებარე ერთ-ერთ ქართულ რესტორანში ხდებოდა, რომლის მფლობელიც ასევე დაპატიმრებულია.

დაკავებულთა ნაწილი წარსულში ნასამართლევია, ნაწილი კი საბერძნეთიდან რამდენიმე წლის წინ გააძევეს, თუმცა შეცვლილი გვარით უკან დაბრუნება მაინც მოახერხეს. როგორც ბერძნული მედია იტყობინება, ბილანიშვილი ე.წ. ქურდული სამყაროსთვის „ობშიაკს“ აგროვებდა და ფულს ქართულ რესტორანში მალავდა. 

ერთ-ერთი დაკავებული დავით რუბაშვილი დუშეთის რაიონიდანაა, მისი  ბაბუა აცხადებს, რომ არ იცის  შვილიშვილი რას საქმიანობდა და ის საბერძნეთში უკვე 7 წელია ცხოვრობს. მას პოლიციასთან პრობლემები არასდროს ჰქონია, ამიტომ გაუგებარია რა გახდა მისი დაკავების მიზეზი. 

„ზუსტად არ ვიცი რაზე მუშაობდა. ამბობდა, რომ ხან მშენებლობაზე ვარ დაკავებული და ხან სხვაგანო. ამ ზამთარსაც იყო საქართველოში ჩამოსული. ამიტომ ზუსტად არ ვიცი რა და როგორ მოხდა. ვიცით, რომ როცა დააკავეს სახლში იმყოფებოდა. მას პოლიციასთან ამ ხნის განმავლობაში პრობლემა არასდროს ჰქონია. მე ბოლოს ერთი კვირის წინ ვესაუბრე. ის საბერძნეთში ცოლთან ერთად იმყოფება. მანაც არ იცის რა მოხდა და რა არის მისი დაკაების მიზეზი“, - აცხადებს რუბაშვილის ბაბუა.  

ბერძნული მედიის ინფორმაციით ამ ადამიანებმა 47 სახლი გაძარცვეს და ეს თანხა კანონიერ ქუდთან კაკო ბილანიშვილთან მიჰქონდათ. პოლიცია ამ სპეცოპერაციას რამდენიმე თვის განმავლობაში გეგმავდა. ბილანიშვილი ქართველებს მის დაჯგუფებაში გაწევრიანების სანაცვლოდ ქურდის სტატუს ჰპირდებოდა. დაჯგუფების ნაძარცვი თანხა მილიონ ლარს აჭარბებს. კაკო ბილანიშვილი კრიმინალურ წრეებში ცნობილი ავტორიტეტის „კაწროს“ მამაა.  

თბილისში მცხოვრები ოჯახი კაკო ბილანიშვილის  დაკავებაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა მათი ადვოკატი თამარ აბესაძე ამბობს, რომ  ბილანიშვილის დაკავებაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 

„კაკო ბილანიშვილი, როგორც ასეთი დაკავებული არ არის. რასაც ახლა მასმედია აშუქებს და საუბრობს, ყველაფერი სიცრუეა. ვინმემ სადმე საბერძნეთის პროკურატურის ან საგამოძიებო ორგანოს მიერ წარდგენილი დაკავების დოკუმენტი უნახია? ეს არის ბერძნული ბეჭდური მედიის მიერ აგორებული სიცრუე,“ - ამბობს ადვოკატი.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×