ელზა პაპოშვილი
20.09.2022

ულტიმატუმის ყველა ვადა ამოწურული იყო, როდესაც პოლიციამ „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი პირი დააკავა და შენობაში მყოფი მძევლების უსაფრთხო  გაათავისუფლა. ბანკში დილის 11 საათიდან დაწყებული ტერორი მძევლებზე დაახლოებით საღამოს რვა საათამდე გაგრძელდა. სპეცოპერაციის მიმდინარეობას ადგილზე უშუალოდ შს მინისტრი ვახტანგ გომელაურ ადევნებდა თვალს. 

სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ ადგილზე სიტუაცია ასეთი იყო - ძირს დაგდებული ხელყუმბარა და იატაკზე მოფენილი ფული. როგორც ჩანს, პოლიციამ მძარცველი ფულის გადაცემის იმიტირების დროს დააკავა.

„საქართველოს ბანკის“ ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია გვიან ღამემდე იყო მობილიზებული. მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები და ტერიტორია ყვითელი ლენტით იყო შემოსაზღვრული. თუმცა, ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა სპეცოპერაციის დასრულებიდან მალევე აღდგა. 

როგორ დაიწყო ყველაფერი

ქუთაისში „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში სამშაბათს დაახლოებით დილის 11 საათზე  შუახნის მამაკაცი შეიჭრა. მას მძევლები 9 სააათის განმავლობაში ჰყავდა დაკავებული. 

ბანკში შეჭრიდან 14 საათამდე მან მძევლად აყვანილი პირების საშუალებით სოციალურ ქსელებში რამდენიმე  ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოკადრებში ჩანდნენ ბანკში მყოფები და თავად შეიარაღებული პირი, რომელიც 2 მილიონ დოლარს ითხოვდა. მისი მოთხოვნის შესახებ სწორედ ამ ვიდეოებიდან გახდა ცნობილი.

„წამზომზეა ჩართული, აფეთქდება საათსა და 30 წუთში“, - ამბობს ერთ-ერთ ვიდეოში  მძევალი ქალი მოწყობილობებზე, რომელიც კადრებში ჩანს. 

მოწყობილობები, რომლებიც ასაფეთქებელს ჰგავს, დამაგრებული იყო როგორც ბანკის შენობის კედლებზე, ასევე თავად თავდამსხმელის სხეულზე. 

ამ კადრების მიხედვით, თავდამსხმელს სხეულზე წებოვანი ლენტებით მიმაგრებული 4 მცირე ზომის კოლოფი ჰქონდა, რომლებიც, სავარაუდოდ, კაბელებით იყო ერთმანეთთან დაკავშირებული და ციმციმებდა. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ  საქმე კუსტარულ, ხელნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობასთან გვქონდა. 

კადრებიდან ჩანდა ისიც, რომ თავდამსხმელს შარვლის ჯიბეში დანა, ხელზე კი წებოვანი ლენტით სავარაუდოდ ხელყუმბარა ჰქონდა მიმაგრებული. მძევლების ვიდეოებიდან ირკვევოდა, რომ  ბანკში შეჭრილის მოთხოვნები იყო 2 მილიონი დოლარი, ერთი მიკროავტობუსი „სპრინტერი“, ვერტმფრენი, რუსული დროშა და ანკესი.

პოლიციამ, სავარაუდოდ, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის იდენტიფიცირება მალევე მოახდინა ეს ჩანაწერებშიც ჩანს. 

თავდამსხმელი მძევლების საშუალებით კომუნიკაციას სამართალდამცავებთან მუდმივად ახერხებდა. ერთ-ერთ ბოლო ვიდეოში, რომელიც მძევლის „ფეისბუკის“ გვერდზე გავრცელდა, ისმოდა სამართალდამცავისა, თავდამსხმელისა და ერთ-ერთი მძევლის საუბარი.

თავდამსხმელი: არ გაწიროთ ეს ხალხი, მე მითქვია... 

სამართალდამცავი: დათო, არ მესმის შენი ხმა. 

მძევალი: არ გაწიროთო ეს ხალხი. 

სამართალდამცავი: არა, არა, დავით. შენ არ გაწირო, წყნარად იყავით და მშვიდად იყავით.

ვინ არის თავდამსხმელი

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული თავდამსხმელი წარსულში პოლონეთში მუშაობდა. მას ფსიქოლოგიური პრობლემები და ბევრი ვალი აქვს. პოლიციამ, სავარაუდოდ, დაკითვხაზე მისი მეუღლეც გადაიყვანა. მედიაში გავრცელდა ინფორმაციაა, რომ ის დაცვის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გრიგოლ ნარსიაა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ჯერჯერობით არ ადასტურებს, თუმცა გომელაურის მოადგილე მედიასთან ამბობს, რომ მას ნამდვილად ჰქონდა შეიარაღება, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმის მიერ იქნა განეიტრალებული. ხოლო დამატებით ინფორმაციას უწყება გაავრცელებს.  

„ერთ-ერთი ვერსიით თავდამსხმელი ფულის გადაცემის მომენტში დააკავეს. რეალურად რა მოხდა, ცნობილი არაა, მაგრამ სიტუაცია ძალიან სწრაფად განვითარდა.   რამდენიმე გასროლის ხმა გავიგეთ და მერე ტაშის დაკვრის ხმაც იყო - „მორჩა, მორჩაო...“ 

„დავინახეთ, სასწრაფო დახმარების ავტომობილები დაიძრნენ და სავარაუდოდ, მძევლების გამოყვანის პროცესი მიმდინარეობდა. ყველა მათგანი პოლიციის შენობაში არიან გადაყვანილი. თქვეს, რომ ყველა მძევალი და თავად თავდამსხმელიც უვნებლად არიან. 

„სპეცოპერაციის დროს არავინ დაშავებულა. საკამოდ კარგად ჩატარებული სპეცოპერაცია იყო და არც აფეთქება მომხდარა. ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×