თეონა ვეშაგური
06.10.2022

ახალი 2022 წლის კვლევით, ინტელექტის დონით (IQ) საქართველო 85-ე ადგილს იკავებს და რეგიონულ ჭრილში გვისწრებს ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ყირგიზეთის გარდა. ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აღნიშნულის გამომწვევ მიზეზებზე „რეზონანსთან" საუბრობს და პრობლემის გადაჭრის გზებს ასახელებს.

მისივე შეფასებით, საქართველოში განათლებისა და ინტელექტის დონის დაბალი ხარისხის საფრთხე ჯერ კიდევ 90-იან წლებში, ფრანგი ექსპერტების მიერ დაანონსდა.

„90-იან წლებში საქართველოში ჯერ კიდევ არეულობის დროს, ფრანგი ექსპერტები ჩამოვიდნენ და ვარაუდი გამოთქვეს, რომ საქართველოს გაუნათლებლობა ემუქრებოდა. ამის მიზეზად კი რამდენიმე ვერსია დააფიქსიერეს. აღნიშნეს, რომ ქართველებმა, გასაგები მიზეზების გამო, რუსული ენა დაივიწყეს, ინგლისური კი არ იციან საიმისოდ, რომ ხარისხიანი ინფორმაცია მიიღონ. მათივე თქმით, ქართულ საზოგადოებას ხელი არ მიუწვდებოდა არც შესაბამის წყაროებსა და წიგნებზე, რათა მიეღოთ ინფორმაციის ის რაოდენობა, რაც განათლებულ ადამიანს სჭირდება.

„აქედან გამომდინარე, რაც საბჭოთა კავშირიდან არის შემორჩენილი ის ინფორმაციები და წყაროები უარვყავით, ახალი ლიტერატრის წასაკითხად კი შესაბამისი ენა არ ვიცით. ეს არის გაუნათლებლობის და ინტელექტის დაბალი დონის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მაგრამ მეორე მიზეზიც არსებობს - საქართველოსთვის განათლება ყოველთვის იყო პრობლემა, ამის მაგალითია, ილია ჭავჭავაძის მიერ მისივე ნაწარმოებში „კაცია - ადამიანი?" გაკრიტიკებული ლუარსაბი, რომელშიც იმდროინდელი ქართული საზოგადოება იგულისხმება.

„დანარჩენ მიზეზები, რა თქმა უნდა, შესასწავლია, მაგრამ ეს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს. განათლების ხარისხის, უახლოეს მომავალში შეცვლა საეჭვოა და ძალიან ძნელი, რადგან სისტემა დიდია. ეს გულისხმობს არა მარტო ბავშვების კარგი სახელმძღვანელოებით შეიარაღებას, არამედ მასწავლებლების კორპუსის შეცვლასაც, რაც, მინიმუმ, მათ ხელახლა მომზადებას გულისხმობს, ამისთვის კი მასწავლებლებიც კარგი უნდა გყავდეს, რაც ძალიან ბევრ სირთულეს ქმნის. ეს თეორიულად რომც მოხერხდეს, საეჭვოა, რომ არსებითი განსხვავება გაჩნდეს, რადგან ბავშვი სკოლაში საკუთარი ცხოვრების რაღაც ნაწილს ატარებს, ძირითადად ოჯახშია, რაც იმას ნიშნავს, რომ განათლებისადმი სიყვარული, მიდრეკილება და საწყისი განათლება ოჯახიდან უნდა მოჰყვებოდეს. როდესაც ოჯახი გაუნათლებელია, ძალიან რთული წარმოსადგენია, თუ როგორი იქნება ბავშვების განათლება. აქედან გამომდინარე, ნახტომის გაკეთება და სხვა ქვეყნების გადასწრება შეუძლებელია, თუ მშობლების თაობაში არ გვაქვს მაღალი ინტელექტუალური მონაცემები.

„რაც შეეხება საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენზე წინ არიან, მე ეჭვი მაქვს, რომ ამ ქვეყნებში მშობელთა თაობას ჰქონდა მაღალი განათლების დონე. თუ მშობელმა ბავშვს განათლების სიყვარული ჩაუდო, ის მოახერხებს ინფორმაციის მოპოვებას. თანაც აღსანიშნავია, რომ საქართველოში ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ბავშვის ნიშანი არ ემთხვეოდა მისი ცოდნის ხარისხს, სხვადასხვა მიზეზების გამო ახლაც ხშირიად ხდება ასე. იმ ქვეყნებში კი, რომლებიც დღეს ჩვენზე წინ წავიდნენ, ალბათ არც ეს პრობლემა იყო". - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

2022 წლის რეიტინგი ინტერნეტპორტალმა World Population Review-მ გამოაქვეყნა. როგორც პორტალი წერს, IQ ქულები, როგორც წესი, განათლების ხარისხს და იმ რესურსებს ასახავს, რომლებიც ადგილობრივ გეოგრაფიულ რეგიონში მცხოვრებთათვისაა ხელმისაწვდომი. მათივე თქმით, IQ-ის დაბალი ქულის მქონე რეგიონი, როგორც წესი, უფრო ღარიბი და ნაკლებადგანვითარებულია, მაღალი IQ-სმქონე ქვეყნებთან შედარებით, განსაკუთრებით განათლების სფეროში. მათივე ცნობით, ბევრი მკვლევარი მსოფლიოს ყველაზე ჭკვიანი ქვეყნების დასადგენად აღნიშნულ კვლევას იყენებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×