ელზა პაპოშვილი
12.10.2022

თელავის რაიონულმა სასამართლომ მეგობარი ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ 22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილს, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე მამუკა წიკლაურმა სრულად გაითვალისწინა პროკურატურის მოთხოვნა, სადაც სახელმწიფო ბრალდება, პატიმრობას მოითხოვდა და განმარტავდა, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე.   

თუმცა, ზუსტად ერთი კვირის წინ, იგივე პატიმარი დარბაზიდან 2000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. მაშინ მოსამართლემ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები სწორად ვერ შეაფასა, არ გაითვალისწინა, რომ ქალზე ძალადობის მუხლით დაკავებულს, გარეთ გასვლის შემდეგ შესაძლოა, მუქარა სისრულეში მოეყვანა. 9 ოქტომბერს, 22 წლის მარიამ გამტკიცულაშვილი, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, თორნიკემ  სასიკვდილოდ გაიმეტა.

სასამართლო სხდომაზე იყო მოლოდინი რომ, მამუკა წიკლაური რამდენიმე დღის წინ მიღებულ ხმაურიან გადაწყვეტილებაზე განმარტებას გააკეთებდა, თუმცა მოსამართლემ თელავის რაიონული სასამართლოს შენობა ისე დატოვა, რომ ჟურნალისტების კითხვებს თავი აარიდა.

ყველაზე მეტი კითხვა მამუკა წიკლაურის მიმართ ახლა შვილმკვდარ დედას აქვს. ლელა ფირანიშვილითვის დღემდე გაუგებარია, რის საფუძველზე გაათავისუფლა მან 6 ოქტომბერს, გირაოს სანაცვლოს თორნიკე გამხვეტველაშვილი. 

მშობელი ყვება, რომ სასამართლო საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებები წარადგინეს, მათ შორის მოწმეების ჩვენებები და ფოტოები, სადაც სასტიკად ნაცემი 26 წლის ქალი ჩანს. სურათებით ირკვევა რომ, ბრალდებული სავარაუდოდ მოკლულის მცირეწლოვანი შვილების ცემასაც არ ერიდებოდა. 6 წლის გოგოს დაზიანება სახის არეში აქვს. 

„ის გარეწარი ციხიდან არ უნდა გამოსული და ყველაფრის თავიდან აცილება შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას მოსამართლეს ვაკისრებ, რომელმაც კარგად ნახა ჩემი შვილი როგორი სასტიკად იყო ნაცემი. იმდენად ჰყავდათ იმ გარეწრებს ჩემი შვილი დაშინებული, რომ 5 თვის განმავლობაში პოლიციაში ვერ მივიყვანე. ზუსტად ის გარეწარი ეუბნებოდა 6 წლის და წლინახევრის ბავშვზე, რომ ყელი უნდა გამოვჭრა შენს შვილებსო. ამ ყველაფერს როცა მოსმართლე ისმენს და არ იღებს მის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას, დანაშაულია აბა რა არის"- აცხადებს მოკლულის დედა. 

ჩადენილ დანაშაულს აღიარებს ბრალდებული, თუმცა თორნიკე გამხეტველაშვილი მკვლელობის პროვოცირებაში მსხვერპლს ადანაშაულებს. სასამართლო სხდომაზე, დაკავებულმა სიტყვის უფლებით ისარგებლა და თქვა, რომ რაც 26 წლის ქალის სახლში მოხდა, წინასწარ განზრახული არ ჰქონდა. 

გამხვეტელაშვილი აღიარებს და ამავდროულად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. ამბობს, რომ  დანაშაულის ჩადენის დროს აფექტურ მდგომარეობაში მოქმედებდა.  

„მკვლელობას გამართლება არ აქვს და არც ვითხოვ, რომ ამის გამო ვინმემ გამამართლოს. მე მისი მკვლელობა არ განმიზრახავს, პირიქით, მისგან წასვლა მინდოდა და სწორედ მის სახლში ჩემი ნივთების ასაღებად ავედი. 

„პირიქით, მარიამი მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ თუ დავშორდებოდი თავს მოიკლავდა. მარისთან რომ მივედი, მეუბნება, სანამ წახვალ ჩვენი დაშორების დავლიოთო, მეთქი კარგი დავლიოთ. უცბად იქ თავისი დაქალი აღმოჩნდა. მივხვდი, მე რომ შემაკავებელი მქონდა, ესენი ჩემს დაჭერას აპირებდნენ. 

„მანამდეც მითხრა, მოგიტყუე იმიტომ რომ დაჭერა მინდოდაო. ვკითხე, ამას იმიტომ აკეთებ, რომ შენთან ვიყოთქო? დაჟინებული სურვილი, რომ მასთან ვყოფილიყავი ვერაფრით ვერ გადავათქმევინე. მინდოდა მომეშორებინა თავიდან, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ვიჩხუბებდით და მერე ისევ მირიგდებოდა. 

„სანამ ჩვენ ვსაუბრობდით, ბავშვები დაქალმა გაიყვანა სახლიდან, ეს ბავშვი თურმე ბებიასთან ასულა და უთქვამს ჩვენზე, ჩხუბობენო. მანამდე, დაქალი რომ გავიდა, ვეუბნებოდი მეც წავალთქო, ხელზე მექაჩებოდა, რომ ვერსად ვერ წახვალო, დაგიჭერენო. 

„ნასვამი ვიყავი, ვეუბნებოდი შემეშვითქო. იმდენად გამომიწვია და გამაგიჟა, რომ ეს სისულელე გავაკეთე და ვნანობ, მაგრამ ამას არაფერი ეშველება. საერთოდ ყველაფერს ვნანობ. ეგეც რომ გავიცანი იმასაც ვნანობ. ეგ ჩემი მეუღლე არ იყო, უბრალოდ ერთაად ვცხოვრობდით," - ამბობს თორნიკე გამხვეტელაშვილი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×