შადრევანში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის გოგონა გარდაიცვალა, მისი ორი თანაკლასელი კი მძიმე მდგომარეობაშია
ელზა პაპოშვილი
13.10.2022

ვინ არის ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი? - ამ კითხვაზე პასუხი ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს.  ვაკის პარკში შადრევნის თითქმის 13 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერიის დაკვეთით კომპანია "გრინსერვის პლიუს" აწარმოებდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შადრევნების კასკადს ბოლო ინსპექტირება 29 აგვისტოს ჩაუტარდა. აღსანიშნავია რომ "გრინსერვისს" ჰყავდა ასევე კონტრაქტორი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადებისა და შადრევნების ელექტრომომარაგებასა და სუსტი დენებით უზრუნველყოფაზე. 

ახლა გამოძიებამ უნდა დადაგინოს ვისი დაუდევრობის გამო დაიღუპა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელიც ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი იყო. ხოლო მის მისაშველებლად შადრევანში ჩასული თანაკლასელი 2 ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა). 

ვაკისპარკში კი სიტუაცია დრამატულად დღის მეორე ნახევარში განვითარდა, როდესაც „შატალოზე“ სკოლიდან გამოსულმა თანაკლასელებმა ვაკის პარკში გართობა გადაწვიტეს.  თამაშის დროს კი მათ ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. 13 გოგონა მის ამოსაღებად მივიდა და როგორც კი ბურთს შეეხო, მას დენმა დაარტყა. შადრევანში მის მისაშველებლად 2 თანაკლასელი ჩავიდა, რომელთაც ასევე დენმა დაარტყა. სამივე ბავშვის გამოყვანა ერთ-ერთმა თვითმხილველმა მამაკაცმა შეძლო. 2 ბიჭი მან შეძლებისდაგვარად დენის დარტყმის მიუხედავად მაინც ამოიყვანა, თუმცა, გოგონას ამოყვანა გაუჭირდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სანამ შადრევანი არ გათიშეს, მანამდე 13 წლის ბავშვის ამოყვანა ვერ მოხერხდა.  

„რომ ჩამოვედი, უცბად კივილი ატყდა. ეს ბავშვები წყალში ეყარა. არიქა, უშველეთ, უშველეთო... ერთი კაცი გადახტა მათ ამოსაყვანად... ბავშვების ყვირილი ვერ გავიგე რა მოხდა. ჯერ ერთი ამოიყვანეს, მერე მეორე. ის მესამე იყო თუ არა იქ, არ ვიცოდით. ბავშვები კიოდნენ, მესამეც არისო. ეს მესამე ამ კაცმა ვერ ამოიყვანა, რამდენჯერაც შევიდა, დენი არტყამდა... ფანტანები რომ გამორთეს, მერე ამოიყვანეს მესამე. ის უკვე გაშავებული იყო", - იხსენებს თვითმხილველი. 

55-ე სკოლაში განმარტავენ, რომ ვაკის პარკში მყოფი მოსწავლეების ნაწილი დილიდანვე გაკვეთილზე არ გამოცხადდა, რაზეც მშობლები საქმის კურსში ჩააყენეს.

„გარკვეული ნაწილი დღეს არ გამოცხადდა და არ იმყოფებოდა სკოლაში. დამრიგებელმა ჯგუფში დაწერა და ინფორმაცია მიაწოდა მშობლებს, რომ მოეკითხათ შვილები. მშობლები ინფორმირებულები იყვნენ," - აცხადებს სკოლის დირექტორი მაია აბრამიძე 

ერთ-ერთი მოზარდის მშობლის განცხადებითაც, ისინი ინფორმირებულები იყვნენ იმის შესახებ, რომ მათი შვილები დღეს სკოლაში არ გამოცხადნენ.

„როგორც კი ბავშვები არ გამოცხადნენ სკოლაში, მაშინვე საერთო ჩატში მოგვწერა დამრიგებელმა. ყველანი ვიყავით ინფორმირებულები ამის შესახებ და ვცდილობდით ჩვენს შვილებთან დაკავშირებას. ზოგმა გვიპასუხა, რომ ვაკის პარკში არიან, ერთობიან და არაფერი იყო საშიში. ბავშვებმა დარეკეს და გაგვაგებინეს მომხდარის შესახებ," - განაცხადა ერთ-ერთი მოზარდის მშობელმა. 

 თბილისის მერმა კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე კომენტარი გააკეთა.  მერის თქმით, დაისჯება ყველა, ვისი დანაშაულიც გამოიკვეთება ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებისთვის დენის დარტყმის ფაქტზე აღძრულ საქმეში. 

„უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემულები ვართ ყველა. რაც შეეხება გამოძიებას, დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. ცხადია, ყველა დაისჯება შესაბამისად...

ცენტრალური კონტრაქტორი იყო "გრინსერვისი", ქვეკონტრაქტორები არ ვიცი... ცხადია, შემოწმებული იყო... უდიდესი თემა არის, უმძიმესი. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და ყველას გაეცემა პასუხი", - თქვა კალაძემ. 

უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციამ გამოჰკითხა მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი გიგა გიგაშვილი. მისი თქმით, ვაკის პარკის შადრევანი, რომელშიც 3 მოზარდს დღეს დენმა დაარტყა და მათგან ერთი გარდაიცვალა, ექსპლუატაციაში გაშვებამდე შემოწმებული და შესაბამისად, უსაფრთხო იყო.

"შემოწმებულიც არის და დაექსპერტებულიც. ჩვენ ჩავიბარეთ ექსპერტიზის საფუძველზე. აკრედიტებულმა ექსპერტიზის ბიურომ ჩაიბარა, რომლის სახელიც არ მახსოვს ზეპირად", - უთხრა პოლიციის სამმართველოსთან ჟურნალისტებს გიგა გიგაშვილმა. მისი თქმით, მერიის თანამშრომლები სისტემატურად წმენდდნენ შადრევანს როგორც ჩართულ, ისე გამორთულ მდგომარეობაში.

„დატესტილიც იყო, დაექსპერტებულიც. რა მოხდა, გამოძიება დაადგენს. ახლა ამ მომენტში რა მოხდა, ვერავინ ვერ გეტყვით. შესაბამისი ექსპერტიზა ჩატარდება და დაადგენს.

„დილითაც გაიწმინდა შადრევანი, ჩვეულებრივად ჩაირთო. რაიმე პრობლემა რომ ჰქონოდა, ექსპლუატაციაშიც ვერ შევიდოდა. რამდენჯერმე სატესტო რეჟიმში იყო ჩართული. ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ ამ შადრევანს, ჩართულსაც, გამორთულსაც" - ამბობს გიგაშვილი.    

ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოკითხვები მიმდინარეობს. იქ მივიდა "გრინ სერვისის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე. სწორედ მისმა კომპანიამ ჩაატარა სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაკის პარკში.  

„მე ვიყავი პირადად პასუხისმგებელი" - მხოლოდ ეს კომენტარი გააკეთა ფურცხვანიძემ პოლიციაში შესვლამდე.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×