რეზონანსი
18.10.2022

ბოლო პერიოდში შინაური ძაღლების გამვლელებზე გახშირებული თავდასხმების გამო, ხელისუფლება ახალ კანონპროექტს ამზადებს, რომლითაც მკაცრდება და იზღუდება ძალღების ყოლისა და მათი გასეირნების წესები. მომავალი პროექტის ზოგიერთი რეგულაცია უკვე ცნობილია. ცხოველთა უფლებების დამცველი თამაზ ელიზბარაშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ეთანხმება ახალ კანონპროექტის მიღებას, თუმცა გაუმართლებლდა მიაჩნია კანონმდებლობაში „აგრესიული ჯიშის ძაღლების“ მცნების შემოღება და შესაბამისი სიის შედგენა.

მომავალი კანონპროექტის დეტალებზე ჟურნალისტებთან ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარმა იურისტმა კახაბერ იოსელიანმა ისაუბრა. მისი ცნობით, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ აიკრძალოს კონკრეტული ძაღლის ჯიშების გამრავლება საქართველოოში და აგრეთვე შეიზღუდოს 16 წლამდე ასაკის პირებისთვის აგრესიული ძაღლის ჯიშების გასეირნების უფლება.

„ჩვენ და სხვადახვა უწყება, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლობა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომისია ჩართულია კანონპროექტის შემუშავებაში. ყველა მნიშნელოვანი საკითხია გათვალისწინებული, რაც საჭიროა, რომ ამ სფეროში დარეგულირდეს მათ შორის ცხოველების უკონტროლო მომრავლება, ცხოველთა უფლებების გათვალისწინება, ის შეზღუდები, რაც ცხოველთა უფლებებს მოჰყვება“, - განაცხადა იოსელიანმა.

მისი ცნობით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ შეიმუშავა რამდენიმე შეზღუდვა, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია. კერძოდ, მსჯელობის საგანია უნდა აიკრძალოს თუ არა კონკრეტული ჯიშის - ე.წ. აგრესიული ჯიშის ძაღლების გამრავლება, როგორც ევროპის ქვეყნებში ხდება. იგი ერთ-ერთ ასეთ ჯიშად ასახელებს პიტბულს, მაგრამ ამ ეტაპზე სია შედგენილი არ არის.

როგორც იოსელიანი აცხადებს, ამ რეგულაციის მიღების შემთხვევაში, ასევე შეუძლებელი იქნება ასეთი ჯიშების ქვეყანაში შემოყვანა. თუმცა პატრონებს, რომლებსაც უკვე ჰყავთ ამ ჯიშის ძაღლები, არ მოუწევთ მათი დაძინება.

კიდევ ერთ-ერთი რეგულაციის თანახმად, 16 წლამდე ბავშვებს უფლება არ ექნებათ გაასეირნონ აგრესიული ძაღლის ჯიშები. იოსელიანის შეფასებით, მცირეწლოვანი ბავშვის მიერ ძაღლის გასეირნება საშიშროებას წარმოადგენს და ეს არ ეხება მხოლოდ აგრესიული ჯიშის ძაღლებს, არამედ ნებისმიერი დიდი ზომის შინაურ ცხოველს, რადგან შესაძლოა პატრონმა ვერ დაიმორჩილოს იგი.

გარდა ამისა, განიხილება რეგულაცია, რომ მთელი ქვეყნის მაშსტაბით აგრესიული ჯიშს ძაღლების გასეირნება გარკვეული საათებში სავალდებულო გახდეს ალიკაპითა და საბმელით, ხოლო გადაადგილება - კონტეინერით.

აღსანიშნავია, რომ ამ პრობლემაზე სამშაბათს პარლამენტშიც იყო საუბარი. „მოქალაქეების“ თავჯდომარე ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე ბოლო პერიოდის რამდენიმე გახმაურებული ინციდენტი გაიხსენა და განაცხადა, რომ ამგვარი კანონის მიღება აუცილებელია.

„პიტბულმა რუსთავში ორი ადამიანი დაგლიჯა. ხელვაჩაურში იმავე დღეს ძაღლმა ბავშვი დაგლიჯა. ოთხი ადამიანი დაგლიჯა მანამდე კიდევ პიტბულმა ვარკეთილში. ასევე ფაქტი მოხდა ოქროსუბანშიც. არ მინდა ვინმეს წაქეზება, მე თვითნ ძაღლი მყავს და ცხოველბზე ჭკუა მეკეტება, მაგრამ აქაც არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა.

„შეხედავ, მოდის ვიღაც კაფანდარა ბავშვი და მოჰყავს უშველებლი, ვეშაპივით ძაღლი. არ იკბინება, არ იკბინებაო - გეუბნება. რას ჰქვია არ იკბინება?! ალიკაპი არ უკეთია და იმის გამკავებელი ის ბავში არაა... ან მოხუცი ქალი, რომელიც მოასეირნებს ამ ძაღლს. 

„რაღაც არის გასაკეთებელი და ისევ ჩვენი გასაკეთებელია. ეს რაღაც ფობიებში და ძაღლებთან ბრძოლაში არ უნდა გადაიზარდოს, მაგრამ რაღაც შუალედური არის ჩემი აზრით დასაკავებელი“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

ახალი რეგულაციების შემუშავება შინაური ძალღლების მიერ გამვლელებზე თავდასხმის შემთხვევების გახშირების გამო გახდა აქტუალური. 

ერთ-ერთი მათგანი 23 სექტემბერს ვარკეთილში დაფიქსირდა, როდესაც პიტბულმა სამი ადამიანი დაგლიჯა. გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლი ჯერ საკუთარ პატრონს, შუახნის ქალს დაესხა თავს. მისი დახმარება მეზობლებმა სცადეს, რის შედეგადაც კიდევ ორი ადამიანი დაზარალდა. 

მეორე მსგავსი შემთხვევა რუსთავში დაფიქსირდა, როდესაც პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა. დაზარალებულების თქმით, პიტბული მათ ქუჩაში უწყინარ სიტუაციაში დაესხა თავს. ამასთანავე, პიტბულს პატრონი ალიკაპისა და საბმელის გარეშე ასეირნებდა.

ასევე 17 ოქტომბერს, ხელვაჩაურში, ძაღლმა 5 წლის ბავშვი დაკბინა, რომელსაც დაზიანებები სახეზე აქვს. 

ბიზნესმენი და ცხოველთა უფლებების დამცველი, თამაზ ელიზბარაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ეთანხმება ახალ ცვლილებებსა და შეზღუდვებს, თუმცა აღნიშნავს, რომ აგრესიული ძაღლის ჯიშები არ არსებობს, რადგან ძაღლის აგრესიულობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწორად აღზარდა პატრონმა.

„ვეთანხმები ახალ კანონპროექტს და მიმაჩნია, რომ ზუსტად ძაღლების გამრავლების საკითხი უნდა კონტროლდებოდეს. ეს არ ეხება მხოლოდ აგრესიულ ძაღლებს, არამედ ყველა ჯიშის ცხოველს და უნდა მიმდინარეობდეს ამის კონტროლი. 

„როგორც ასეთი, აგრესიული ძაღლის ჯიში არ არსებობს. ძაღლის აგრესია დამოკიდებულია, თუ როგორ გაზრდიან პატრონები მას. ისინი აგრესიულები ხდებიან პატრონების არასწორი მოპყრობისა და ქცევის გამო.

„ის მოსაზრება, რომ პიტბულები აგრესიული ჯიშის ძაღლები არიან, მცდარია. გააჩნია როგორ გაზრდი. ნებისმიერი ძაღლი შეიძლება იყოს აგრესიული, თუ არასწორად უკეთებ რაღაცას. ბავშვს როგორც აღვზრდით, ისეთი იქნება დიდობაში. ასეა ძაღლებშიც“, - განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა.

ნინო შატბერაშვილი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×