ელზა პაპოშვილი
19.10.2022

პედოფილიის სავარაუდო ფაქტი ქუთაისში - გავრცელებული ცნობით, პედოფილიის სავარაუდო ბრალდებით, პოლიციამ ორი პირი დააკავა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, გაშიფრულია სქემაც, რომლითაც დაკავებულები ბავშვებს ავიწროებდნენ.  

ერთ-ერთი ვერსიით, ისინი N1 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სისტემატურად ავტომობილით გადაადგილდებოდნენ და მოსწავლეებს მოტყუებით ტრანსპორტირებას სთავაზობდნენ. მათთან კომუნიკაცაში შედიოდნენ და ურთიერთობას ცდილობდნენ. 

არაოფიციალური ინფორმაციით, საქმეში რამდენიმე მოზარდი ფიგურირებს და მათ გამოძიებას ჩვენებაც მისცეს. ისინი ყვებიან, როგორ შედიოდნენ აღნიშნული პირები კონტაქტში და რას სთავაზობდნენ. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულებს შორის ერთ-ერთი მამაკაცი ანალოგიური ბრალდებით წარსულშიც ნასამართლევია, თუმცა მან ციხე მოსამართლის გადაწყვეტილებით, გირაოს სანაცვლოდ, დატოვა.  

“სკოლასთან ახლოს, უკვე რამდენიმე დღეა, ქუთაისის ქუჩებში, შავ ჯიპებში ჩამსხდარი შუახნის მამაკაცები, ცდილობენ პატარა გოგონები მოტყუებით მანქანაში ჩაისვან. ხან რას სთავაზობდნენ და ხან რას. ცდილობდნენ  მათთან კომუნიკაციაში შესულიყვნენ და ბავშვები ავტომობილში ჩაესვათ. 

“ალბათ, ამ ბავშვებთან გარყვნილ ქმედებას აპირებდნენ. აღმოჩნდა, რომ თვითონ სკოლების მიმდებარე ტეროტორიაზე, 12-13 წლის გოგონებს ეს მამაკაცები სთავაზობენ შოკოლადს. სთავაზობენ წაყვანას და ა.შ. ამის შესახებ მანდატურის თანამშრომელმა შეამჩნია. 

“დაინახა უცხო პირები სკოლიდან გასულ პატარა გოგონებს როგორ ეკონტაქტებოდნენ. ეს კი რამდენიმე დღეს გაგრძელდა. მანდატურის თანამშრომელმა ამის შესახებ პოლიციას აცნობა. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მამაკაცი სწორედ პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული ყოფილა. ის მოსამართლემ გირაოთი გაათავისუფლა"- აცხადებს „რეზონანსთან“ ადგილობრივი.  

დაკავების ფაქტს ადასტურებს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, თუმცა, განმარტავს, რომ მშობლებში პანიკაა და სხვა გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება. სკოლის მიმდებარედ მამაკაცების  დაკავების ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

ქუთაისში სკოლებთან უცნობი პირების გადაადგილების და ბავშვების გატაცების  მცდელობის ფაქტებზე აქტიურად საუბრობენ ბოლო პერიოდში. მშობლები  აცხადებენ, რომ სკოლის ჩატებში მასწავლებლები მათ აფრთხილებენ და მოუწოდებენ,  არ დატოვონ ბავშვები მარტო.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×