ია აბულაშვილი
21.10.2022

„საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის კიდევ ერთმა შავმა კატამ გაირბინა, მაგრამ ქართველი და უკრაინელი ხალხის ურთიერთობას საფრთხეს ვერ შეუქმნის" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე უკრაინის ხელისუფლების საქციელს.

ცნობისთვის, უკრაინის უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებულ სანქცირებულთა სიაში საქართველოს 4 მოქალაქე მოხვდა, ბიძინა ივანიშვილის ნათესავები - ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთავან ხარაძე, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი ტიტე მამაცაშვილი, ასევე - სბიზნესმენი დავით იაკობიშვილიც. სიაში, რომელსაც ხელი მოაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გადაწყვეტილების მიზეზი განმარტებული არ არის.

სიის გამოქვეყნებას წინ უსწრებდა ევროსაბჭოში გამართული შეხვედრა, რომელიც უკრაინას ეხებოდა. მასში მონაწილეობდნენ უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი და მისი მრჩეველი ზურაბ ადეიშვილი. შეხვედრა გაიმართა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩთან.

„პირდაპირ ვერ გაბედეს და ეპარებიან ივანიშვილს, ირიბად არტყამენ, ოჯახის წევრები დაუსანქცირეს. ესენიც სულ კიევის კოტლეტების საჭმელად არ ჩადიოდნენ უკრაინაში... საქართველოში მეორე ფრონტი რომ ვერ გახსნეს, აგონიაში არიან ზელენსკი და მისი გარემოცვა. ან ვინ ეკითხება რამეს ზელენსკის, რასაც პატრონები უბრძანებენ, იმას აკეთებს. იმდენად შევიდა როლში, რომ ვეღარ გამოდის. ამ საქმეში ეხმარება გარემოცვა, პოდოლიაკები, დანილოვები, საქართველოდან დეკანოიძეები, ჭიჭიკო ვაშაძეები, ადგილზე ადეიშვილები, მერაბიშვილები.

ადეიშვილის სტრასბურგში გამოჩენა მართლაც ანეკდოტი იყო. მიშასდროინდელი რეპრესიის მანქანის მთავარ შემოქმედს ახლა უკრაინა აგზავნის ადამიანის უფლებების დასაცავად და ევროპაც იღებს, თითქოს არ იცოდნენ ადეიშვილის დანაშაული - კაცი 7 საქმეზეა მსჯავრდებული. ევროსაბჭოს რეზოლუციაში მიშას შეპარება უკრაინელი დეპუტატების აქტიურობით მოხდაო, გამოვიდა ხმები. მოკლედ, საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის კიდევ ერთმა შავმა კატამ გაირბინა, მაგრამ ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობას ეს საფრთხეს მაინც ვერ შეუქმნის," - განაცხადა „რეზონანსთან" ედიშერ გვენეტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×