ბაჩანა ტყემალაძე
20.01.2023

რა გახდა საგარეჯოს საზარელი ტრაგედიის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ დამნაშავე წარსულში სამხედრო იყო და ცხელი წერტილებიც ჰქონდა გამოვლილი, ბევრი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ მას შეიძლება ერთგვარი ფსიქიკური პრობლემა ჰქონოდა, რომელიც ფართოდაა ასეთი კატეგორიის ადამიანებში გავრცელებული სახელწოდებით „პოსტტრავმული სტრესული აშლილობა".

აშლილობას წარსულში არაერთი განსხვავებული სახელით მოიხსენიებდნენ - იქიდან გამომდინარე, რომ იგი ძირითადად ომის ვეტერანებს უვითარდებოდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მას „საბრძოლო დაღლილობასაც" კი უწოდებდნენ, თუმცა აღნიშნული ფსიქოლოგიური დაავადება მხოლოდ სამხედროებში არ გვხვდება. საბჭოეთში ამ აშლილობას „ავღანური სინდრომი" დაარქვეს, რომელიც მოგიანებით ახალმა ტერმინმა „ჩეჩნეთის სინდრომმა" ჩაანაცვლა.

ომის ვეტერანებს, განსაკუთრებით მათ, ვინც უშუალოდ იღებდა შეტაკებებში მონაწილეობას - მაგალითად, მოიერიშეებს, მედესანტეებს და ა.შ., მშვიდობიან ცხოვრებაში დაბრუნების შემდეგ დროთა განმავლობაში უყალიბდებათ ქრონიკული ნევროზი, ძილისა და მადის დარღვევა, ვითარდება დეპრესია და ხშირ შემთხვევაში, ეს ყველაფერი სუიციდითაც სრულდება.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, 48 წლის დაბადებულმა ნოდარ ათუაშვილმა საგარეჯოში წუხელ სროლა საკუთარი ბინის წინა და უკანა აივნებიდან 10-20 წუთის ინტერვალით დაიწყო, რის შედეგადაც 5 ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა. როგორც შსს აღნიშნავს, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა სავარაუდოდ თავი მოიკლა. ამას ემატება ისიც, რომ სროლის დროს, ყოფილი სამხედროს სრულწლოვანი შვილიც სახლში იმყოფებოდა.

შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის თქმით, ნოდარ ათუაშვილი 2006 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, რომელიც 2021 წელს დატოვა. ასევე აღნიშნა, რომ დამნაშავე „ავღანეთშიც ნამყოფია".

ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ ქართველი ჯარისკაცების მენტალურ მდგომარეობაზე ხელისუფლება სათანადოდ არ ზრუნავს და მენტალური დახმარების გარდა, შესაბამისმა ორგანოებმა ყოფილ სამხედროებს სოციალურ-ეკონომიკური დახმარებაც უნდა გაუწიონ.

„თავდაცვის სამინისტრო უნდა აგვარებდეს ასეთი ადამიანების პრობლემებს. აუცილებლად უნდა არსებობდეს სპეციალური ტიპის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი. სამხედრო ფსიქოლოგიური დახმარება საქართველოში ადრეული განვითარების ეტაპზეა. მენტალურ დახმარებასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციაც. ეკონომიკური მდგომარეობა არ უნდა გახდეს ფსიქოლოგიური პრობლემის მიზეზი და ყოფილი სამხედრო კრიმინალად არ უნდა მოგვევლინოს, როგორც ეს ბადრი ესებუას შემთხვევაში მოხდა. უნდა დაინიშნოს პენსია, ან მოხდეს ვეტერანთა გადამზადება, შემდეგ კი დასაქმება," - განაცხადა ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×