ელზა პაპოშვილი
16.03.2023

უმძიმესი შემთხვევა ბათუმში - კიდევ ერთი ბავშვი, რომლის სიცოცხლეც უსაფრთხოების წესების დარღვევას ემსხვერპლა. ძლიერმა ქარმა, 8 წლის ბიჭი, რომელიც ბათუმის ბულვარში ბატუტზე ძმასთან ერთად თამაშობდა, ატრაქციონთან ერთად გაიტაცა, ბატუტი გადაბრუნდა, შიგნით მყოფი არასრულწლოვნები კი მძიმედ დაშავდნენ. 

8 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო მისი 3 წლის ძმა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ის ოჯახმა სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანა. ოჯახი უკრაინიდან არიან ჩამოსულები. როგორც ადგილობრივები „რეზონანს“ უყვებიან, ბავშვების დედა უკრაინელია, ხოლო მამა ქართველი. ისინი ხერსონიდან არიან და ომს გამოექცნენ, თუმცა ტრაგედია ბათუმში დაატყდათ.     

ბათუმის ბულვარში მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე უკვე დაკავებულია ერთი პირი. პოლიცია თვლის, რომ ბრალდებულმა ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვასთან დაკავშირებით, დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო. გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მომხდარ ტრაგედიაში დამნაშავეებს ეძებს აჭარის მთავრობაც, რომელიც ბავშვის დაღუპვაში დამნაშავე ყველა პირის დასჯის პირობას დებს.

ღამის საათებში, როდესაც შემთხვევა მოხდა, ადგილზე ბევრი თვითმხილველი არ ყოფილა, თუმცა, ვინც შეესწრო, ისინი მძიმე სურათს აღწერენ და აღნიშნავენ, რომ ძლიერი ქარი მოულოდნელად ამოვარდა. 

„უმძიმესი ფაქტი მოხდა, ამ შემთხვევაში შესაძლოა ნებისმიერი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძმები დედასთან და მამასთან ერთად იყვნენ. ბავშვები ხტუნაობდნენ  და ერთობოდნენ. ქარი მოულოდნელად ამოვარდა. ამას ნამდვილად არავინ ელოდა. ორივე ბავშვი უცბად თავის ბატუტიანად გაიტაცა. საშინელი ამბავი იყო. ბავშვები ჰაერში გააქანა. ადგილზე მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ორივე უგონო მდგომარეობაში იყო. როგორც ჩანს დიდმა უფრო  მძიმე ტრავმები მიიღო, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ხოლო პატარა როგორც ვიცი გონსაც მოვიდა და თვალები გაახილა. დედა უკრაინელია როგორც ვიცი,  მამა კი ქართველი. ხერსონიდან არიან ჩამოსულები იქ ომს გამოექცნენ და აქ საშინელება გადახდათ“, - ყვება თვითმხილველი „რეზონანსთან“. 

ოჯახს უკვე მიუსამძიმრეს ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერმა, რომლებიც მომხდარის დეტალური გამოძიების და რეაგირების პირობას დებენ.

ვინ იყო პასუხისმგებელი უსაფრთხოების ზომების კონტროლზე ან რთული ამინდის შემთხვევაში სანაპირო და რეკრეაციული ზონებიდან მოქალაქეების გაყვანაზე - ამ საკითხებზე ბულვარის ადმინისტრაციას ჯერ განმარტება არ გაუკეთებია. გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით გრძელდება. ამ დროისთვის პოლიციამ ერთი პირი, 64 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც ბატუტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე იყო პასუხისმგებელი.    

ადვოკატი აცხადებს, რომ ექსპერტიზა დაადგენს რა გახდა ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი.

პროკურორის განცხადებით კი, მტკიცებულებების შედეგად დასტურდება, რომ ბატუტი მიწის ზედაპირზე მყარად არ იყო დამაგრებული. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×