ელზა პაპოშვილი
17.03.2023

ამ დრომდე ცდილობს გამოძიება დაადგინოს, რა გახდა 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების მიზეზი, რომელიც გუშინ საღამოს გაუჩინარდა და გვიან ღამით უგონო მდგომარებაში იპოვეს. ექიმები მას 1 საათის განმავლობაში  ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდნენ და გულის ამუშავებას ცდილობდნენ, მაგრამ გადარჩენა ვერ შეძლეს. 

გამოძება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, შესაძლოა ეს იყოს გარდაცვალება საკვებით ინტოქსიკაციის შედეგად, უბედური შემთხვევა ან განზრახ მკვლელობა. თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ გოგონას პოვნის შემდეგ მათ ის დაათვალიერეს და ნახეს, რომ ბავშვს ძალადობის ნიშნები აღენიშნებოდა. ის იმ ბნელ და მიყრუებულ ადგილას მარტო არ მივიდოდა. აქვთ ეჭვი, რომ ბავშვი ან მიიტყუეს ან კიდევ უკვე უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს.   

ერთი ვერსიით, ბავშვი შესაძლოა მოგუდულია, მას ყელის მიდამოში სისხლჩაქცევები აქვს. თავად სამართალდამცველები რა ვერსიებზე მუშაობენ, ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ახლა ყველა სამხარაულის ესპერტიზის ბიუროს დასკვნის მოლოდინშია.  

როგორ გაუჩინარდა 12 წლის ანი იანუშაიტეტი 

გოგონას გაუგებარ სიტუაციაში გარდაცვალების გამო მისი ახლობლები და მეზობლები  გაოგნებულები არიან. ანის დედა ქართველი ჰყავს, ხოლო მამა ლიეტუველი. ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე, დღისით, გოგონა მეზობლებმა სკვერში, საქანელაზე შენიშნეს, გვიან კი გარდაცვლილი იპოვეს. ანი 186-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. მოზარდის პედაგოგი ამბობს, რომ ანი მასთან უნდა მისულიყო, მაგრამ არ მივიდა, ამის შემდეგ მშობლებს დაურეკა და გოგონას არმისვლის მიზეზი იკითხა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს მისი ძებნა. ბავშვს 5 საათის განმავლობაში ადგილობრივები და მისი ოჯახი ეძებდა.    

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 12 წლის გოგოს სხეულზე დაზიანებები ჰქონდა. თუმცა როგორც შემდეგ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა თქვეს, ბავშვს მხოლოდ ყელის არეში ჰქონდა მცირე დაზიანება, რაც სიკვდილის მიზეზი ვერ გახდებოდა. 

„კოლეჯის წინ ვნახე, ძაღლს ვასეირნებდი... მოვიდა, საქანელაზე იქანავა, მერე მკითხა, თქვენი ძაღლიაო, რა საყვარელიაო. მადლობა-მეთქი და წავიდა პეტრიწისკენ. მარტო იყო, სადღაც 11-ზე ან 12-ის წუთებზე. ზუსტად ვერ ვიტყვი დროს... თხლად ეცვა, მოკლე შორტები და ბათინკები. არ სცივა-მეთქი, გავიფიქრე... როცა იპოვეს, უგონოდ იყო. გულის მასაჟები გავუკეთეთ, სანამ სასწრაფო მოვიდოდა, ექიმებმაც ბევრი იწვალეს, მაგრამ... ყველაფერი სამწუხაროდ დასრულდა“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

კიდევ ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ გოგონა აღნიშნულ ადგილას სავარაუდოდ, ღამით არის მიყვანილი. მათი აზრით, ბავშვი სხვაგან მოკლეს, შემდეგ კი ცხედარი მოფარებულ ადგილას დატოვეს. 

„ჯერ ზუსტად არავინ არაფერი იცის, რა მოხდა. საშინელი ამბავია. მეეზოვეები ამბობენ, რომ გოგოგნას ცხედარი იქ არ ყოფილა და მერე მიიტანეს. სავარაუდოდ, ბავშვი ჯერ გაიტაცეს, სხვაგან მოკლეს, შემდეგ კი ამ ადგილას დატოვეს. მესმოდა, ბავშვს როგორ ეძახდნენ და ეძებდნენ. მერე კაცის ხმა გავიგე, ყვიროდა ვიპოვეთო. საშინელი ამბავი იყო. დედა და მამა ბავშვს ეხუტებოდნენ, თითქოს მის გათბობას და შველას ცდილობდნენ. ექიმები ყვიროდნენ და ასე 1 საათის განმავლობაში გულის მასაჟს უკეთებდნენ. ეს იყო ჯოჯოხეთი. ვინც  ბავშვი ნახა, თქვეს, რომ ყელზე დაზიანება ჰქონდა. დედაც ყვიროდა თავად, შვილი გამიგუდესო. წარმოუდგენელი საშინელებაა“, - უყვება „რეზონანს“ ადგილობრივი.    

გოგონას ბაბუა კი ამბობს, რომ როცა ბავშვი ნახეს თბილი იყო, თუმცა მისი შველა ვერ შეძლეს. ბავშვი დეიდაშვილთან ერთად საღამოს სასეირნოდ იყო გასული. ნათესავი სახლში ცოტა ადრე დაბრუნდა. ამის შემდეგ მისი თქმით, 12 წლის გოგოსთან დაკავშირებას ცდილობდნენ, თუმცა ის სატელეფონო ზარს არ პასუხობდა. ახლა კი ტელეფონი გამორთულია. ბაბუა ამბობს, რომ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, იპოვეს თუ არა მობილური ტელეფონი სამართალდამცველებმა. 

„12 წლის ბავშვი, ჩემი დისშვილიშვილი. დავიღუპეთ. გუშინ საღამოს გამოვიდა მეორე ნათესავთან ერთად და ისეირნეს. არ ვიცი, ახლა კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ რაღაც ვერსიები არისო. ერთი ვერსია არის, რომ ხომ არ მოიწამლა... აღარ აქვს ცხოვრებას აზრი. სხვადასხვა გამომრიცხავ ვარიანტს ამბობენ, ყელზეც ჰქონდაო. კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ არ ჩანს ისე, რომ ვინმემ იძალადაო. მე რომ გავაღვიძე და მოვედი, თბილი იყო და ვერაფერი ვერ ვუშველეთ...“ - აცხადებს გარდაცვლილის ბაბუა.   

სახალხო დამცველი დიდ დიღომში მოზარდის გარდაცვალებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აპარატი შეისწავლის ფაქტს, საკუთარი მანდატის ფარგლებში იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს. 

„სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დღეს მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. აუცილებელია, აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელდეს მყისიერი რეაგირება, გამოძიების დროული და ეფექტიანი წარმართვა და მართლმსაჯულების აღსრულება.

სახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს, მათ შორის, გამოძიების მიმდინარეობის კუთხით,“ - წერია განცხადებაში.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×