ელზა პაპოშვილი
24.05.2023

კახეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“  აცხადებენ, უზბეკეთის მოქალაქის ცხედარი მდინარე იორთან მრავლობითი დაზიანებებით გამვლელებმა იპოვეს. მათი თქმით, მოკლულის ცხედარი წყალში იყო და ის სამართალდამცველებმა ამოიყვანეს.          მოკლული 55 წლის ჯანბეტა ტოლებენი, სავარაუდოდ, მისმა მეგობარმა მამაკაცმა მოკლა. მამაკაცი საქართველოს მოქალაქე გაბრიელ ხოხობაშვილია. მამაკაცი რამდენიმე წელია საქართველოში არ იმყოფებოდა. ის წარმოშობით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნიდანაა და წლების განმავლობაში უზბეკეთში, მეგობარ ქალთან ცხოვრობდა, საქართველოში კი მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა და სასტუმროში ცხოვრობდა. 

არსებული ინფორმაციით, უზბეკეთის მოქალაქეს სიმსივნე ჰქონდა, რის სამკურნალოდაც  გარკვეული თანხა ჰქონდა. მკვლელობის მოტივად სწორედ თანხის დაუფლება სახელდება. ცხედარი გურჯაანში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ბრალდებული პოლიციამ გუშინვე დააკავა და ის ბრალის წარდგენის მოლოდინშია. 

50 წლამდე ქალს ძალადობის კვალი აღენიშნება.  მოკლულს თავის არეში სავარაუდოდ აგური ჩაარტყეს.  დაკავებულის ახლობლებს მედიასთან საუბარი არ სურთ.    

„ეს ბიჭი წლებია საქართველოში არ ცხოვრობს. ცოლ-შვილი ჰყავს, მაგრამ გაშორებულია ცოლთან თუ რა არის, არ ვიცით. არ გვინახავს დიდი ხანია. როგორც ვიცით ამ მოკლულ ქალთან ერთად უზბეკეთში ცხოვრობდა. საქართველოშიც მასთან ერთად ჩამოსულა. ქალს სიმსივნე ჰქონია და სამკურნალოდ საქართველოში წამოიყვანა. რა მოხდაა, რა არა,  არ ვიცით. 

“პოლიციას დაუკავებია ამ ქალის მკვლელობაზე. თავში აქვს აგური ჩარტყმული და შემდეგ მდინარეშია გადაგდებული გამვლელმა იპოვა, რომელმაც პოლიციაში დარეკა. კაცი მაშინვე ცხელ კვალზე სასტუმროში დაუკავებიათ. სხვა ჩვენც არაფერი ვიცით. ცუდი ბიჭი არ ყოფილა და არასდროს რაიმე კონფლიქტში ის არ გარეულა. სხვა ჩვენც გაოგნებულები ვართ“,-ამბობს მამაკაცის მეზობელი. 

კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთში უზბეკეთის მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, წარმოშობილი კონფლიქტის შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, დიდი ხნის ნაცნობს, 1969 წელს დაბადებულ ჟ.ტ.-ს ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.

გ.ხ.-მ კვალის დაფარვის მიზნით ქალის ცხედარი მდინარეში გადააგდო, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

განზრახ მკვლელობის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×